აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის საპარლამენტო თამაშობანი - კვირის პალიტრა

აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის საპარლამენტო თამაშობანი

28 თებერვლის პარლამენტის სხდომამ, რომელზეც პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა, ერთი საგარეო და ერთიც საშინაო პოლიტიკური რეკორდი მოხსნა.საგარეო რეკორდი ის იყო, რომ მსოფლიოს არც ერთ პარლამენტში მშვიდობიანობის დროს პრეზიდენტის მოხსენება საღამოს რვა საათზე არ იწყება და დებატები ღამის სამ საათზე არ მთავრდება. საშინაო კი - ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯონდი ბაღათურიას დებატებიდან გაექცა.

დანარჩენი ყველაფერი ძველებურად იყო -  ყველას თავისი გასაჭირი ადგა და პარლამენტში მყოფნი თავიანთი ლოკალური თუ გლობალური პრობლემების გადაჭრით იყვნენ დაკავებული.

პრეზიდენტს უნდა დაემტკიცებინა, რომ შესაძლებელია, იყო თავისუფალი არჩევნების გარანტი და ამავე დროს, ყველაფერი გააკეთო საკუთარი პარტიის გასამარჯვებლად.

აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის ლიდერებს უნდა დაედასტურებინათ, რომ ოპონენტების ცინიკური ეპითეტებით შემკობაში ფანტაზიის სიმწირეს არ უჩივიან.

საპარლამენტო ოპოზიციას კი უნდა დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი ოპოზიციაა და არა - ფსევდო.

დანარჩენებს უნდა გაეძლოთ. ყველაზე რთული კი სწორედ გაძლებაა. თუმცა ამას ჩვენი პარლამენტარები შეჩვეული არიან, განსაკუთრებით - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები - უმრავლესობიდან ხომ მუდმივად 3-4 კაცი გამოდის სიტყვით, 3-4 დეპუტატი ესაუბრება ჟურნალისტებს თუ წერს კანონებს, დანარჩენები კი კვორუმს ავსებენ. წელიწადში ერთხელ მათ მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება უწევთ - პრეზიდენტის მოხსენებისას ისეთი სახეები უნდა მიიღონ, თითქოს ძალიან აინტერესებთ ქვეყნის პირველი პირის ანგარიში, დროულად დაუკრან ტაში, დროულად ატეხონ გუგუნი (ან გინება, როგორც 28 თებერვალს მოხდა), თუ ოპოზიციის წარმომადგენელი ძალიან "გაუტევს" და ა.შ. მაგრამ, მაგალითად, პეტრე მამრაძის "რისხვა" და ჰიბრიდული სიმინდის ადვოკატი აკაკი ბობოხიძე პრეზიდენტის გამოსვლისას ემოციებს ორიგინალურად გამოხატავდა - ის პატარა და დიდ 1-იანებსა და მცირე და უზარმაზარ "ა"-ებს ხატავდა.

სააკაშვილის გამოსვლისას ხატვა, შესაძლოა, უმრავლესობის წევრს ცუდად შემოუბრუნდეს, თუმცა ფსიქოლოგების აზრით, ბობოხიძე პრეზიდენტის გამოსვლით ისე იყო მონუსხული და აღტაცებული, რომ ემოცია ქაღალდზე გადაიტანა, კერძოდ, "ა" ანბანში პირველია, ისევე, როგორც 1-იანი - რიცხვების თანრიგში. მხოლოდ ერთი რამ არის დამაფიქრებელი - ბობოხიძეს ხატვა არც მაშინ შეუწყვეტია, როდესაც ტრიბუნა ოპოზიციონერებმა დაიკავეს. დეპუტატმა გაკრული ხელით "აბგდევზთ" დაწერა, ქვემოთ კი მინერალური წყლის თავსახურით ერთმანეთში ჩახატული წრეები და უცნაური ფიგურებიც მიახატა. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგთა აზრები გაიყო. ერთნი მიიჩნევენ, რომ ბობოხიძემ ანბანითა და წრეებით თუ უცნაური ფიგურებით ტრიბუნაზე გამომსვლელები გამოხატა (წრეებით - უმრავლესობის, ფიგურებით კი - ოპოზიციის წარმომადგენლები). მეორენი მიიჩნევენ, რომ დეპუტატი, უბრალოდ, ერთობოდა და დიდი ფსიქოანალიტიკური წიაღსვლები საჭირო არ არის. სანამ ბობოხიძე ფსიქოლოგებს თავსატეხს  უჩენდა, საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები რამდენიმე მაგიდის იქით. უმრავლესობის წევრი ავთანდილ სტურუა, ალბათ, დროის მოკვლის მიზნით, სამუშაო მაგიდას შეისწავლიდა. მან მაგიდას მოაძრო "დინამიკი", საიდანაც პრეზიდენტის ხმა ისმოდა.

თუმცა მალე აუცრუვდა გული და მობილურით "ტეტრისის" თამაში დაიწყო. საპარლამენტო დებატებისას მობილურზე თამაშით ან შეტყობინების გაგზავნით იყვნენ დაკავებული უმრავლესობის წევრები - ბადრი ბასიშვილი და ემზარ გელაშვილიც, ისევე, როგორც მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი გოგუაძე. ფრიდონ თოდუა გიგი წერეთელს "აიპადზე" რაღაცას უხსნიდა, დეპუტატი დავით ჭავჭანიძე კი გამწარებული ათვალიერებდა რაღაც ბროშურას, თუმცა საინტერესო ვერაფერი ნახა, მიაგდო და ალბათ, კიდევ ერთხელ დაფიქრდა, რა მძიმეა ხალხის რჩეულის ხვედრი. სანამ უმრავლესობა დროს კლავდა, ოპოზიციონერი ლევან ვეფხვაძე "ცივ წყალს სვამდა". ამქვეყნად ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება და ბოლოს და ბოლოს, 28 თებერვლის დებატებიც დასრულდა, ანუ "ჩაბულბულდა", როგორც პრეზიდენტმა განაცხადა.

იხილეთ ვიდეო: ხატვა, ძილი და თამაში მობილურით _ რა ხდებოდა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას