"დღეს გამარჯვების ფორმულა ერთობაშია" - კვირის პალიტრა

"დღეს გამარჯვების ფორმულა ერთობაშია"

"როდესაც ვამბობთ, რომ ქუჩა სააკაშვილთან ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, ამას გამოცდილება და კვალიფიკაცია გვკარნახობს"

"ის დინამიკა, რომელიც ივანიშვილის გუნდმა აირჩია, სააკაშვილს ნამდვილად ვერ შეაშინებს"

რას ფიქრობს პრეზიდენტის გახმაურებულ საპარლამენტო ანგარიშზე, შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობასა და იმაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა ივანიშვილის კოალიციაში, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აღარა ვარ, მიხეილ სააკაშვილი ძალიან შეიცვალა. ჩემთვის სიახლე იყო, რომ პრეზიდენტი თვალმოუცილებლად კითხულობდა ტექსტს სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე. მას იმდენი ნიჭი აქვს, რომ ზეპირად ისაუბროს, მაგრამ ჩანს, მისი გამოსვლა ისე დაიგეგმა, რომ არ უნდა გასულიყო ტექსტიდან და მის ემოციას არ უნდა მისცემოდა გასაქანი, მაგრამ სააკაშვილი რის სააკაშვილია, თუ დაგეგმილ სცენარს არ გადაუხვევდა.  როგორც კი კრიტიკა მისთვის მიუღებელი ხდება, ავიწყდება ზრდილობა და ოპონენტს პოლიტიკოსისთვის შეუფერებელ ენაზე ელაპარაკება.

- სააკაშვილმა ოპოზიციის მარცხიც ახსენა, პოლიტიკურ რისკზე ვერ მიდიხართო.

- სააკაშვილმა იცის  რისკზე წასვლა მაშინაც კი, როდესაც სასწორზე ქვეყნის ყოფნა-არყოფნა დევს. სააკაშვილმა ისიც თქვა, ამ ოპოზიციის ადგილას სამ თვეში ჩამოვაგდებდი ხელისუფლებასო. ვეთანხმები, ამას გააკეთებდა იმ მეთოდებით, რომელსაც მე მაბრალებდა. სააკაშვილი ნამდვილად შეეკვრებოდა რუსებს და მათ ტანკებსაც წამოუძღვებოდა, რომ პრეზიდენტი ჩამოეგდო და თვითონ დამჯდარიყო მის ადგილზე. ნუ ველოდებით, რომ ვიღაც დასავლეთიდან ან რუსეთიდან ჩამოვა და სააკაშვილს წაიყვანს, თუ არ გავერთიანდებით, "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში.

მხოლოდ სააკაშვილი კი არა, ის გუნდიც უნდა წავიდეს, რომელიც ხელისუფლებაშია, რადგან რაც სააკაშვილს აქვს ჩადენილი, ლომის წილი უძევს მის გარემოცვას. დღეს მხოლოდ სააკაშვილი არ არის ქვეყნის პრობლემა. პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც ქვეყნისა და ხალხის წინაშე არიან დამნაშავენი.

ეს არ ეხება უამრავ პატიოსან ჩინოვნიკსა თუ პოლიციელს, მაგრამ უსათუოდ შეეხებათ იმ პოლიციელებს, რომლებიც ახლა თავს ადგანან სოსო ქიმერიძის დედას და ემუქრებიან, მეორე შვილსაც მოგიკლავთ თუ ხმას ამოიღებო.

- პარლამენტში გამოსვლისას სააკაშვილმა წონასწორობა დაკარგა. ბრალდებები იყო ამის მიზეზი თუ ივანიშვილის კონკურენტობა აშფოთებს?

- რა გასაკვირია, რომ სააკაშვილი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. უნდოდა, მეორე დავით აღმაშენებელი ყოფილიყო, მაგრამ ტერიტორიების 1/5 დაკარგა. ამის გამო პოლიტიკური (და შესაძლოა, სამართლებრივი) მსჯავრი რომ ელის, კარგად იცის. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ სააკაშვილი მართლაც ააფორიაქა, მაგრამ მან და მისმა გუნდმა წონასწორობა მალე აღიდგინეს. რასთან არის ეს დაკავშირებული, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, დაზუსტებული ინფორმაცია არა მაქვს. გარემოცვას, რომელიც ივანიშვილმა აირჩია, სააკაშვილი ძალიან კარგად იცნობს, მათ სააკაშვილისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არასოდეს შეუქმნიათ.  სააკაშვილი ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს "რვიანსა" და "ექვსიანთან" მოლაპარაკების დროს. დღეს  ივანიშვილის გვერდით სწორედ "ექვსიანის" შემადგენლობაა. ის დინამიკა, რომელიც ივანიშვილის გუნდმა აირჩია, სააკაშვილს ნამდვილად ვერ შეაშინებს.

- ივანიშვილი ამბობს, რომ ქუჩაში გავა, თუ არჩევნებს გაუყალბებენ.

- და იქვე დაამატა, რევოლუციისაგან ღმერთმა დამიფაროსო. სააკაშვილს რომ ეტყვი, თუ არჩევნებს გამიყალბებ, ქუჩაში კი გამოვალ,  მაგრამ როგორც მეორე ინაუგურაციის დროს, ისევ სახლში შევბრუნდებიო, ხომ გეტყვის, მიდი და გაისეირნეო. როგორ შეიძლება მოწინააღმდეგეს წინასწარ უთხრა, რომელი ილეთის გამოყენებას აპირებ?

ვისაც რეალურად უნდა ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა, ვურჩევ, წინასწარ ნუ გამოაცხადებენ, რა მეთოდს გამოიყენებენ და რას - არა. სააკაშვილს ახლავე ამშვიდებენ, არა უშავს, თუ მეორე ადგილზე გავალთ, პარლამენტში შევალთ და შენთან ვითანამშრომლებთო. ასე არაფერი გამოვა და ვალდებული ვარ, ეს ვთქვა.  ყველაფერი ისედაც მე მბრალდება და შეიძლება მითხრან, თუ ეს ყველაფერი იცოდი, რატომ არ ამბობდიო. დიახ, თუ დინამიკა ასეთივე დარჩა და ოპოზიციის გახლეჩა გაგრძელდა, ოქტომბერში "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს და ეს ისე გაფორმდება, გაყალბების სურათი არ გამოჩნდება და "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამბობს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად გავიმარჯვებთო.

- ოპოზიციის გახლეჩაში ვის ადანაშაულებთ?

- ამას ყოველთვის ცდილობდა მიხეილ სააკაშვილი მოსყიდვით, დაშინებით, შანტაჟით თუ მოტყუებით. დღეს გამარჯვების ფორმულა იმ ოპოზიციური ძალების ერთობაშია, რომლებიც  არ არიან გარიგებული ხელისუფლებასთან. უნდა შედგეს დიდი ერთობა, სადაც იქნება ყველა იდეოლოგიის პარტია და გაერთიანების ერთადერთი კრიტერიუმი ხელისუფლებასთან ბრძოლა უნდა იყოს. სააკაშვილის ხელისუფლება ერთობით უნდა დამარცხდეს.  რომ არ ეთქვა, ვიღაც მომწონს და ვიღაც არაო, ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ჰქონდა პოლიტიკური ტვირთი და დიდ რესურსს (საზოგადოების ნდობა) ფლობდა, რომ ეთქვა, გავერთიანდეთ ყველა ის ძალა, რომლებსაც საზოგადოება ენდობაო, შეეძლო დაემარცხებინა ხელისუფლება. ამის მერე გადანაწილებულიყო ყველაფერი სიმპათიისა და  პოზიციების თანხვედრის მიხედვით. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თუ დიდი ერთობა შედგება, რაც 6 თვის მერე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შანსს გააჩენს, არც ერთი ადგილი არ გვინდა ამ პარლამენტში და ყველა თანამდებობაზე უარს ვამბობთ.

- ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თემატურ თანამშრომლობას თქვენთანაც გეგმავს.

- რას ნიშნავს თემატური თანამშრომლობა? არასოდეს მიკითხავს, რატომ არ მხვდება ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ არ გვითხოვია არც შეხვედრა და არც კოალიციაში გაერთიანება. მეტიც, სურვილიც არ გვქონია. ჩვენ  ქვეყნის ამ დამღუპველი ხელისუფლებისგან გათავისუფლება გვინდა. როცა ამას გავაკეთებთ, მერე ავუხსნით მოსახლეობას, როგორ გადავწყვეტთ მათ პრობლემებს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, რუსეთსა და დასავლეთთან ურთიერთობას და ზუსტად ვიცი, რომ დიდ მხარდაჭერასაც მივიღებთ.

- ბიძინა ივანიშვილი რომ აქამდე არ შეგხვდათ, მისი  პირადი გადაწყვეტილებაა?

- ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და გარემოცვის ჭკუაზე არ დადის. ტრაგედია არ არის, რომ ივანიშვილი არ მხვდება, მაგრამ საწყენი იყო, რომ იმის გასამართლებლად, თუ რატომ არ მხვდება, სააკაშვილის მეთოდი გამოიყენა. გამოიყენა ის კლიშეები, რასაც ხელისუფლება და მისი თანაგუნდელები იყენებენ. ეს მცდარი გზაა. ჩვენ არც პრორუსები ვართ და არც ქუჩის აქციების მომხრეები, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ ქუჩა სააკაშვილთან ბრძოლის აუცილებელი ელემენტია, ამას გამოცდილება და კვალიფიკაცია გვკარნახობს. ჩვენ პროქართული ძალა ვართ და არა პრორუსული ან პროამერიკული. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც არ მიძახია, პროამერიკელი ვარ-მეთქი. არ მინდა ოქტომბერში გამოვიდე და ნიშნის მოგებით თითი დავუქნიო საზოგადოებას, ხომ გეუბნებოდით-მეთქი.

- თითქოს გამარჯვების სურვილს ვერ ხედავთ "ქართული ოცნების" კოალიციაში.

- ყველაში ვერ ვხედავ. მეორე ადგილზე გასვლა და პოლიტიკაში დამკვიდრება ერთია, მაგრამ თუ გამარჯვებად მიაჩნიათ სააკაშვილის ხელისუფლებისგან ჩამოცილება და ქვეყნის გადარჩენა, ეს მეორეა. პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება კატასტროფა, თუ მისი გუნდი მეორე ადგილზე გავა. რატომ უნდა უნდოდეს ივანიშვილს მეორე ადგილი, მაგრამ მისი გარემოცვა და კონკრეტული მოქმედებები სხვა რამეზე მეტყველებს. იმედია, ეს ფლანგი, რომელსაც სერიოზული შანსი აქვს,  სწორ გზას დაადგება.

ისე, ძალიან ნუ ეცდებიან, პრორუსის იარლიყის მოკერებას, თორემ თუ არჩევნებში მონაწილეობა მივიღე, მინიმუმ ამომრჩევლის 15-17% თვალდახუჭული მისცემს ხმას ასეთი იარლიყის მატარებელ ძალას.

- მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას თქვენგან უნდა ველოდოთ?

- მესამე პოლიტიკურ ცენტრს არ შევქმნი. პოლიტიკურ არენაზე ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრია "სახალხო კრება", რომელიც, მისი ავტორიტეტულობიდან გამომდინარე, პირველია და არა მესამე.

- თქვენსავით მოსკოვში დავითაშვილი და ძიძიგურიც დადიოდნენ, მაგრამ მათთვის კოალიციაში მიღებაზე უარი არ უთქვამთ.

- პუტინი და ჟირინოვსკი სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, ისევე როგორც სხვადასხვა წონითი კატეგორიებია ბურჯანაძე და ის პირები, რომლებიც კოალიციაში არიან. დღესაც სწორად მიმაჩნია, რომ პუტინს შევხვდი და მომავალშიც აუცილებლად გამოვიყენებ შანსს, რომ კიდევ შევხვდე მასაც  და ევროპელ მაღალჩინოსნებსაც, რადგან ეს პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ჩემს წინააღმდეგ რაღაც მიზეზების ძებნა თუ უნდათ, აქ ნუ ეძებენ.