ტალახი და აგური - კვირის პალიტრა

ტალახი და აგური

ბუნებრივია, წინა კვირას პარლამენტში გამართული დებატების ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი ჯონდი ბაღათურიას სასიკვდილო ნომერი იყო.ბაღათურიამ ისეთი სალტო შეასრულა, ამას სამმაგიც აღარ ჰქვია! არავინ იცის, მასზე ივანიშვილის სახით ახალი "მწვრთნელის" გამოჩენამ იმოქმედა, თუ კიდევ სხვა რამემ, მაგრამ ფაქტია - დებატები მანამდეც ტარდებოდა პარლამენტში, თუმცა ჯონდი ასეთ რისკზე არასდროს წასულა... ახლა უკვე ივანიშვილზეა - აიყვანს თუ არა მას თავის გუნდში. ჯონდიმ, როგორც გოკა გაბაშვილი იტყოდა, კასტინგი წარმატებით გაიარა.

ხუმრობა ხომ არ არის - რქამოტეხილი ჯიხვივით ქარაფიდან გადმოხტა და მგლების ხროვაში თავით შევარდა, ხროვის მეთაური კი დარბაზიდან გავარდა. ახლა გინდა აქედან მიუდექი და გინდა - იქიდან, მაგრამ ფაქტია: სააკაშვილი ერთი - რუსულმა თვითმფრინავმა გააქცია და მეორე - ჯონდი ბაღათურიამ. მიუხედავად ამისა, სულაც არ ვაპირებ, ჯონდი გმირად გამოვაცხადო, მას გმირობამდე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლია. თან სააკაშვილი რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა (ამბობენ, დააბრუნესო) და ჯონდის ისე "შესდგა", თქვენი მოწონებული. ჯერ ისე ხომ შაქარი ამოსდის პირიდან და ახლა ისეთები ამოუშვა, სახელისუფლებო არხებმაც კი ეთერიდან ამოიღეს. დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არც ერთმა ნაცარხმა აღარ გაუშვა არც ის, თუ როგორ წამოხტა ბატონი პრეზიდენტი და გავარდა და არც ის, თუ როგორ უთხრა ახალგამოჩეკილ გმირობის მაძიებელს, წაგიყვანენ მანდატურები ბალნეოლოგიურში და ტალახში კარგა გვარიანად დაგზელენ, ისედაც მიჩვეული ხარ ტალახში კოტრიალსო. თავიანთი კონტროლირებადი არხების საღამოს გამოშვებებიდან ეს ეპიზოდი რომ ამოიღეს, აშკარად მრავლისმეტყველია. სააკაშვილმა ის ორთაბრძოლა გაქცევით და თავშეუკავებელი ლანძღვით წააგო, თორემ არ არსებობს ბრალდება, რომელსაც პასუხს ვერ გასცემ, მით უმეტეს, თუ არაჩვეულებრივად ფლობ დემაგოგიის ილეთებს.

სააკაშვილმა და ხელისუფლებამ ის დებატები სწორედ იმით წააგეს, რომ დემაგოგიის, ლანძღვის და დაცინვის გარდა ოპოზიციას თითქმის ვერაფერი დაუპირისპირეს. ის კი არა, ზურაბ მელიქიშვილი გიორგი თარგამაძეს ასლან აბაშიძისა და ბადრი პატარკაციშვილის ამბავს, ალბათ, მეათასეჯერ შეახსენებდა, სააკაშვილს რომ არ გაეჩერებინა - მაგ ბრალდებას, მგონი, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდაო. გიორგი ცაგარეიშვილმა თავის ბრალდებებზე პასუხად რა მიიღო? მხოლოდ იმის შეხსენება, რომ ოდესღაც კარიერა "გაიშნიკობით" დაიწყო, ხოლო სააკაშვილის მთავარი პასუხი ასეთი იყო: თუ თქვენ ხართ მართლები, მაშინ არჩევნებში შეგვეჯიბრეთ და დაგვამარცხეთო. თუ შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, ეს, ალბათ, ყველაზე ცინიკური პასუხია, რაც ხელისუფლებისგან ოდესმე მოგვისმენია. მაშინ, როდესაც არა მარტო შენს მოედანზე თამაშობ, არა მარტო მსაჯია შენი, არამედ ფიფა-უეფაც შენ ხარ და თამაშის წესებსაც შენ ადგენ, მოდი, ფეხბურთი მეთამაშე და თუ ბიჭი ხარ, მომიგეო, იოლი სათქმელია. უფრო სწორად, ამის თქმა დაცინვაა და მეტი არაფერი. სააკაშვილი გამარჯვებული, იცით, როდის იქნებოდა? თავისი გამოსვლის დასასრულ რომ ეთქვა:

- დღეს გაიძახიან, ივანიშვილის გამოჩენამ ხელისუფლება შეაშინა, მის წინააღმდეგ საგანგებო ზომებს იღებენო; იმის დასტურად, რომ არავისი გვეშინია, აგერ, თქვენ თვალწინ ვუბრუნებ მას მოქალაქეობას! - შემდეგ უნდა აეღო ბრძანება და ყველას თვალწინ მოეწერა ხელი. აი, ეს იქნებოდა გამარჯვება, მაგრამ მან ისევ ცინიზმი არჩია. საბოლოოდ ეკრანზე ვნახე ტალახი და მივხვდი, რას ნიშნავს, როცა ამბობენ: "ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდეო"...

ივანე მრისხანე თუ ივანე გაღლეტილი

ამას წინათ, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო რომ მოხსნეს, ვიფიქრე, გამოსწორდა ვანო მერაბიშვილი, გადაწყვიტა, კანონი თავისი უწყების თანამშრომლებზეც გაავრცელოს-მეთქი, მაგრამ ის, რაც ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ხდება, აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არაფერი იცვლება. ვანო მერაბიშვილის გამოსწორებას ვინ ჩივის, მგონი, კახა თარგამაძის ეპოქაში ვბრუნდებით. მთავარი, რითაც ეს ხელისუფლება ამაყობდა,  იყო, რომ გაიძახოდნენ, აბა, ის იყო კარგი, თარგამაძის დროს ხალხი პოლიციის შენობებიდან რომ ცვიოდაო! და აჰა, იმასაც მოვესწარით, რომ ვანო მერაბიშვილის შუშის პოლიციიდანაც გადმოვარდა ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ამ თემას ჩვენი გაზეთი ვრცელ სტატიას მიუძღვნის, ამიტომ დეტალებზე არ შევჩერდები; მხოლოდ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა ადამიანის მეორე თუ მესამე სართულიდან გადმოვარდნა კი არ არის (ეს პრობლემაზე მეტია, ტრაგედიაა), არამედ ის, რომ პოლიციას ამ შემთხვევის გამოძიების სურვილი არ აქვს. ყველაფერი, რაც ქიმერიძეების ოჯახთან დაკავშირებით ხდება, გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ამ საქმის ჩაფარცხვას აპირებს.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ეჭვია, თუმცა, თუ მათ მიერვე დამკვიდრებულ ტერმინს გამოვიყენებთ, ძალიან გონივრული ეჭვი. თუნდაც ის რად ღირს, როგორ აშუქებენ მომხდარს სახელისუფლებო არხები "რუსთავი 2", "იმედი" და "პირველი არხი". ისინი ამ ამბით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც გარდაცვლილის ოჯახში "ქართული ოცნების" და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ და ისინი ოჯახის "მეგობრებმა" არ შეუშვეს. სამივე ტელევიზიამ იდენტური ინფორმაცია გაავრცელა (ტექსტი სიტყვასიტყვით ემთხვევა ერთმანეთს), რაც მოწმობს, რომ ის ტელევიზიის გარეთ არის დაწერილი. რაც მთავარია, ამ ტექსტში არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, ვინ არის გარდაცვლილი ქიმერიძე, როგორ გარდაიცვალა, რატომ გამოიწვია მისმა გარდაცვალებამ ასეთი ინტერესი. მაყურებელს მხოლოდ უთხრეს, რომ ვინმე ქიმერიძის პანაშვიდზე "ქართული ოცნების"  წევრები ძალით ცდილობდნენ შესვლას და მათ ოჯახი იქ არ უშვებდა. ის მაყურებელი, ვინც ინფორმაციას მხოლოდ სახელისუფლებო ტელევიზიების მეშვეობით იღებს, ამის შემყურე ხომ იფიქრებდა: ეტყობა, ივანიშვილს ახალი სტრატეგია აქვს - ყველა გარდაცვლილის ოჯახში აგრესიულ მგლოვიარეთა ჯგუფს გზავნისო.

ვერაფრით ვხვდები, რად უღირს ხელისუფლებას ხაშურის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, თუ ისინი დამნაშავეები არიან, რომ მათ გადასარჩენად თავს ასეთ მდგომარეობაში იგდებს? განა პოლიციელის მიერ პოლიციელის დაცვა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე კანონის უზენაესობა? პრეზიდენტმა სპარლამენტო გამოსვლის დროს დიდის ამბით განაცხადა, ვანო ახლაც ისეთივე გაღლეტილია, როგორიც მაშინ იყო, როდესაც გავიცანიო. მისმა ნათქვამმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბუნებრივია, არავინ დაიჯერა, რომ მას ქონება არ დაუგროვებია. ერთმა ვირტუალურმა მეგობარმა ისიც კი მომწერა, ივანე მრისხანე დღეიდან ივანე გაღლეტილად გადაიქცაო. არ ვიცი, ისტორიაში ის რომელი სახელით შევა (საერთოდ თუ შევა), მაგრამ ქვეყნისთვის სასიკეთო მხოლოდ ის იქნებოდა, ივანე სამართლიანი ყოფილიყო.

ოჯახური კლანების დრო უნდა დამთავრდეს

წინა კვირას გაირკვა, რომ მამუკა არეშიძე "ქართულ ოცნებაში" რეგიონული კოორდინატორის ფუნქციას აღარ შეასრულებს. მან თავისი გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთ ქართულ გაზეთთან საუბრისას ასე ახსნა: გურიიდან ჩამოვიდა ვიღაც, ჩამოიტანა ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის წერილი და განაცხადა, გურიაში "ქართული ოცნების" კოორდინატორი მე უნდა ვიყოო; რა უნდა მექნა, თავი დავანებეო. ამ ამბავმა ისე ჩაიარა, თითქოს აქ მთავარი მამუკა არეშიძის გადადგომა-არგადადგომა იყო. მე ეს მეასეხარისხოვანი მგონია. მთავარი სხვა რამეა: თუ მართალია (და მე საფუძველი არ მაქვს, არეშიძის სიტყვები არ ვირწმუნო), რომ "ქართული ოცნების" საქმიანობაში ივანიშვილის ძმა ასე ერევა, მათი საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. რაღაც ძალიან ოჯახური პროექტი გამოდის ეს "ოცნება": აქეთ - ბერაო, იქით - მეუღლეო, ახლა კიდევ - ძმა...

ვთქვათ, ბერას ამბავი გასაგებია - მხარდაჭერას ვერავის აუკრძალავ; მეუღლის ამბის ახსნაც შეიძლება - თუ ხელისუფლებამ ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღუდგინა, ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება, - მაგრამ ძმის ასეთ ჩარევას "ქართული ოცნების" საქმეში უკვე ვეღარაფრით ვხსნი. თუ ძმაც პოლიტიკაში მოვიდა, გვითხრან, რა ადგილი უჭირავს "ქართულ ოცნებაში", ხოლო თუ მხოლოდ ივანიშვილის ძმის სტატუსით სარგებლობს, ესე იგი, წინ კი არ მივდივართ, ოჯახური კლანების ეპოქაში ვბრუნდებით. ეს პრინციპული საკითხია - არ მსურს, მომავალ ქართულ პოლიტიკაში ვიღაცის ძმობა ან ბიძაშვილობა იყოს გადამწყვეტი. არ ვიცი, ეს  ამბავი როგორ გაგრძელდა. იმედი მაქვს, ივანიშვილმა თავის ძმას უსაყვედურა, თუ არა და - "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"