ახლა გვიყუროს "ნაცმოძრაობამ"! - კვირის პალიტრა

ახლა გვიყუროს "ნაცმოძრაობამ"!

პარლამენტში პრეზიდენტის ემოციურმა ქცევამ ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტუალური გახადა თემა თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიური შემოწმებისა და ნარკოტესტის გავლის აუცილებლობაზე. საკრებულოს წევრ ინგა გრიგოლიას აზრით, უნდა შემოწმდეს ყველა საჯარო პირი.

- გამაღიზიანებელი იყო იმის ყურება, რაც სხდომათა დარბაზში ხდებოდა. ოპოზიციამ სერიოზულად შეუტია პრეზიდენტს. პრეზიდენტი კი იმაზე მეტად აგრესიული იყო, ვიდრე მთელი ამდენი წლის განმავლობაში. მისმა საუბრის ტონმა საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩინა, - აგდებით ელაპარაკებოდა ოპონენტებს. გიორგი თარგამაძეს პრეზიდენტმა მაფიოზი უძახა იმის გამო, რომ 53-ე სკოლის მოსწავლის საკითხი წამოსწია წინა პლანზე, ჯონდი ბაღათურიას კი უთხრა, რომ მისი ბუნებრივი მდგომარეობა ტალახში კოტრიალია, გია ცაგარეიშვილის მიწოდებული ფოტოები თავზე დაგვაყარა. ყველას გვახსოვს, თავის დროზე მიშა მთავრობის სხდომაზე შევარდნაძის მინისტრების სახლების ფოტოებს რომ აფრიალებდა.

შემეშინდა, სააკაშვილი ჯონდის რომ დაემუქრა, ყვითელი ავტობუსით წაგიყვანენ და დაგზელენო. ეს იყო აშკარა მუქარა და 26 მაისის ღამე გამახსენა, როდესაც მე და ჯაბა სამუშია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავით.

იქ ვნახეთ სწორედ ყვითელი ავტობუსებით წაყვანილი, ნაცემი და თავგახეთქილი ხალხი.

როდესაც პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან იმუქრებოდა, მივხვდი, რომ 26 მაისს და 7 ნოემბერს ბრძანება სააკაშვილმა გასცა.

იქ იყო მონა უმრავლესობა. რას უკრავდნენ ტაშს? გულწრფელად მითხრას "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრმა, რომ მოეწონა სააკაშვილის ცინიზმი. სააკაშვილი იმდენად არაადეკვატურად მოიქცა, რომ მგონი, არც ახსოვდა, რომ დარბაზში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ისხდნენ. ამაზრზენი იყო "ნაცმოძრაობის" კოჰორტის გამოსვლები და ტაში, რამაც ბრეჟნევის პერიოდი გამახსენა.

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ თქვა, არსად ვაპირებ წასვლასო. ეს საშიში სიგნალი იყო და ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს ამ არჩევნების წინ. სააკაშვილი მომდევნო 7 თვის განმავლობაში ბევრ არასასიამოვნო სიმართლეს მოისმენს. ახლა გვიყუროს "ნაციონალურმა მოძრაობამ"!..

ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რომ დარბაზიდან გაიქცეოდა. სააკაშვილს ნერვები აღარ ჰყოფნის, ფორმაში ვეღარ არის. მისმა გამოსვლამ ნეიტრალური ადამიანებიც კი გადარია და მის საწინააღმდეგოდ განაწყო.

- როგორც ვიცი, პრეზიდენტის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვეთ.

- მე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ერთ გადაცემაში მიგვიწვიეს. იქ გაიხსენეს ლორთქიფანიძის ინიციატივა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და მეც ვთქვი, რომ ნარკოლოგიური შემოწმება ყველა საჯარო მოხელემ უნდა გაიაროს. როდესაც საკრებულოს წევრი გავხდი, მეც გავიარე ნარკოტესტი. ვისაც საჯარო სამსახურში მუშაობის პრეტენზია აქვს, ნარკოტესტიც უნდა გაიაროს და ფსიქიკური შემოწმებაც. თუ არ გაქვს დასკვნა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მის ნარკოლოგიურ მდგომარეობაზე, მართვის სადავესთან არ უნდა მიუშვა.