არიან თუ არა "გაღლეტილები"?! - კვირის პალიტრა

არიან თუ არა "გაღლეტილები"?!

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩემი მინისტრები ისეთივე გაღლეტილები არიან, როგორიც ხელისუფლებაში მოსვლამდე იყვნენო, მოძრაობა "არას" ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე აცხადებს, რომ ფოტომასალა, რომელიც გიორგი ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს წარუდგინა, სარწმუნოა და მან "კვირის პალიტრას" გარდა ვანო მერაბიშვილის, კოტე კუბლაშვილისა და დავით კეზერაშვილის, სხვა ჩინოვნიკების სახლების ფოტოებიც გადასცა.

ლევან ჩიტაძე: - მაღალჩინოსანთა სახლებზე ინფორმაციას 2011 წლიდან ვაგროვებდით. შარშან, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში გამოვიდა და ჩახვაძემ თავისი სამარცხვინო გამოსვლით მხარი აუბა სააკაშვილს, რომ თურმე მისი მთავრობის წევრებს უძრავი ქონება არ შეუძენიათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტის გამოსვლიდან ერთი კვირის თავზე მისი მთავრობის წევრების სასახლეების ფოტოების გამოფენა მოგვეწყო და გაგვეგრძელებინა მასალების მოპოვებაც. იმ მაღალჩინოსანთა სახლების ფოტოების გარდა, რომლებიც გადმოგეცით, გამოვაქვეყნებთ ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის სახლის ფოტოს. ვიპოვეთ პრეზიდენტის ბებიის მიწის ნაკვეთი მცხეთიდან თბილისში შემოსასვლელთან, რომელიც ახლა გალავნით არის შემოსაზღვრული და იქ სასახლე შენდება.

- როდესაც აჩვენეს მერაბიშვილის სახლის ფოტო, პრეზიდენტმა უარყო, ვანოსი არ არისო.

- მოსახლეობასთან გადავამოწმეთ, დაგვიდასტურეს, რომ ეს სახლები მათია. ფოტოები ასევე მოგვაწოდეს ორგანიზაციებმა, რომელთაც არ სურთ გამოჩენა, რადგან ეს სახიფათოდ მიაჩნიათ.

ხომ დაინახეთ, რა რეაქცია ჰქონდა სააკაშვილს, როგორ აქეთ-იქით მიმოყარა ფოტოები,  ეს იყო რეაქცია სიმართლეზე.

დასანანია, რომ ვერ მოვახერხეთ პრეზიდენტის ბებიის მშენებარე სასახლის ფოტოს მიწოდება ცაგარეიშვილისთვის, თორემ სააკაშვილი სულ გაგიჟდებოდა.

- როგორც წესი, მაღალჩინოსნები ქონებას სხვის სახელზე აფორმებენ. რით ამტკიცებთ, რომ ეს სახლები მათია?

- თუ ზედამხედველი არ ადგათ თავზე, ქონების მფლობელის ვინაობას მშენებლები გვეუბნებიან, ზოგჯერ ესა თუ ის ჩინოვნიკი მოდის სახლის დასათვალიერებლად და შენიშვნებსაც გვაძლევსო. ვანო მერაბიშვილის ერთი მშენებარე სასახლე სიხარულის ქუჩაზე, დიღომშია. მუშებმა გვითხრეს, აქ ხშირად მოდის შს მინისტრი და ეს ქონება მის ბიძაშვილზეა გაფორმებულიო. ის ბიზნესმენი ყოფილა, რუსეთში ცხოვრობს.

როდესაც დიღომში იმ სახლის გადასაღებად მივდიოდი, სადაც პრეზიდენტის ოჯახი ცხოვრობს, დამაკავეს და ციფრული აპარატი ჩამომართვეს. მერე ერთმა მანქანაში ჩამისვა და მოშორებით გადმომსვა, თან მომიბოდიშა, პრეზიდენტის სახლს ვერ გადაგაღებინებთო.

უახლოეს მომავალში გამოვფენთ არჩილ გეგენავას სასახლის ფოტოებსაც. გვაქვს სხვადასხვა დეპუტატის, ასევე დეპარტამენტის თავმჯდომარეებისა და მინისტრების მოადგილეების სასახლეების ფოტოებიც.

ამ ფოტოებზე ასახული დიმიტრი შაშკინის სახლი ორთაჭალიდან ისნისკენ მიმავალ გზაზეა. მარცხნივ პატარა ქუჩა ჩადის, ეს სენაკის ქუჩაა.

კეზერაშვილის სასახლე თბილისის ზღვასთანაა, იახტების გასაჩერებელთან, მგონი, კონკრეტული მისამართი არცა აქვს. კეზერაშვილის სასახლეს ფოტო გადავუღეთ და საჯარო რეესტრსა და სხვა ინსტანციებში განცხადება შევიტანეთ, რომ მისი მფლობელის ვინაობა და მისამართი დაგვედგინა. პასუხად მივიღეთ, არ ვიცით, რა სახლსა და ქონებაზე გვეკითხებით, იქ მისამართიც არ არისო. როდესაც ამ სასახლეს აშენებდნენ, გვეგონა, გასართობი დაწესებულება ან სასტუმრო უნდა გახსნილიყო, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის სახლიაო (მაშინ არ იყო მოხსნილი).

პეტრე ცისკარიშვილის სახლი ყაზბეგის ქუჩის 42 ნომერში მისი მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ცისკარიშვილს სახლი აქვს  ტაბიძის ქუჩაზეც. ვანო მერაბიშვილს აქვს კიდევ წყვილი სახლი, ე. წ. ტყუპი თბილისის ზღვისკენ, ნაძალადევის ტერიტორიაზე, ე. წ. ირეთუბანში.

მაღალჩინოსნებმა რომ  აღიარონ, მილიონებად შეფასებული სასახლეები გვაქვსო, ნიშნავს, რომ მერაბიშვილმა ყველა უნდა დააკავოს და მერე თავისი თავიც დაიჭიროს.

სააკაშვილის მაღალჩინოსანთა სასახლეების ფოტოებს მალე გამოვაქვეყნებთ და საზოგადოება თავად დარწმუნდება, არიან თუ არა გაღლეტილები მისი მთავრობის წევრები.

ვანო მერაბიშვილის ე.წ. ”ტყუპი”, ნაძალადევის რაიონში

დავით კეზერაშვილის სახლი თბილისის ზღვასთან

კოტე კუბლაშვილის სახლი ბუკიას ბაღთან. იყალთოს შესახვევი

ძმები ბეუაშვილების სახლი, ყაზბეგის #9

კოჯორში ბეჟუაშვილებს მთელი კომპლექსი აქვთ, რომელშიც შედის 6 სახლი, ფეხბურთის სტადიონი, ჩოგბურთის კორტი და გოლფის მოედანი

დიმიტრი შაშკინის სახლი ორთაჭალიდან ისნისკენ მიმავალ გზაზე. სენაკის ქუჩა

ფოტოები მოგვაწოდა მოძრაობა "არამ"