"თქვენგან ნამდვილად გვესწავლება ეროვნული ღირსების გრძნობა" - კვირის პალიტრა

"თქვენგან ნამდვილად გვესწავლება ეროვნული ღირსების გრძნობა"

გთავაზობთ საქართველოში ლატვიის ელჩის ელიტა გაველეს ექსკლუზიურ ინტერვიუს. ქალბატონი ელიტა მოხიბლულია საქართველოთი, ჩვენ ეროვნული ღირსებებითა და ისტორიით. ძალიან უყვარს ფიროსმანი და თხილამურებით სრიალი. უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ქალბატონო ელიტა,  როდის ჩამობრძანდით საქართველოში?

- ნოემბრის ბოლოს. რამდენიმე კვირის წინ შედგა ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი, - ლატვიის პარლამენტის სპიკერი მივიღეთ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში, სწორედ მან გახსნა ლატვიის საელჩოს ახალი შენობა. გახსნის ცერენომიალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა, ისევე როგორც ევროპელი დიპლომატები, ქართველი ოფიციალური პირები, ნატოს ელჩი საქართველოში და კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები. უნდა ვაღიარო, რომ ეს ჩემი, როგორც ელჩის, პირველი მისიაა. ასევე, პირველი ინტერვიუა, რომელიც საქართველოში სწორედ თქვენს გაზეთში ქვეყნდება.

- როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

- საქართველოში არაერთხელ ვყოფილვარ. ამ ქვეყანას კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მქონდა, სად მოვდიოდი. პირველად საქართველოს მისთვის მეტად რთულ პერიოდში ვეწვიე, როცა შევარდნაძის რეჟიმი დღეებს ითვლიდა. მეორე ვიზიტი 2007 წელს ოფიციალური იყო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვახლდი და ჩვენ კავკასიის სამივე ქვეყანა მოვინახულეთ. მესამედ, უკვე როგორც უმაღლესი დიპლომატი, ისე ჩამოვედი და ჩემი შთაბეჭდილებები რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც პირველად ვიყავი ამ ქვეყანაში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ვეწვიე და მაშინვე აღმოვაჩინე, თუ რაოდენ დიდი კულტურის ერი ხართ, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ძალიან გვიჭირდა თქვენი ეროვნული განძის გარჩევა საშინელი სიბნელის გამო. ეს 2003 წელს იყო. ახლა კი, როცა მუზეუმის ხელმძღვანელს, დავით ლორთქიფანიძეს შევხვდი, ძლივს დავიჯერე, რომ ეს იგივე მუზეუმია. მე თქვენი განვითარების დინამიკა დავინახე ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამის გამო დიდი პატივისცემით ვარ გამსჭვალული  ქართველი ხალხისა და მთავრობის მიმართ.

მოხიბლული ვარ თქვენი მუსიკით, ქართული კერძებითა… და, რა თქმა უნდა, ფიროსმანით.…ერთი შეხედვით, მისი ნახატები მეტისმეტად პრიმიტიულია, მაგრამ მათ მიღმა ავტორი ყოველთვის გვიყვება რაღაც ამბავს. ახლახან თბილისის სურათების გალერეაში გაიმართა ფიროსმანის გამოფენა, რომელსაც სამჯერ ვეწვიე. მინდა გითხრათ, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში ვყოფილვარ, საქართველო არც ისე დიდია, მაგრამ სხვა ერებს თქვენგან ნამდვილად გვესწავლება ეროვნული ღირსების გრძნობა. ჩვენ, ლატვიელებს, 2008 წელს ფინანსური კრიზისი გვქონდა  და ამ პერიოდს ხშირად დანანებით ვიხსენებთ ხოლმე, შეგვეძლო, მეტი გაგვეკეთებინა. ქართველები კი, როცა რაიმეს მიაღწევენ, მაშინვე აღმოხდებათ აღტაცების შეძახილი: "დიახ, ჩვენ ეს შევძელით". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ საკუთარი თავითა და ისტორიით ამაყობთ. კიდევ ერთი რამ, რაც ქართველებს გამოარჩევს, ეს საკუთარი ისტორიის ძალიან კარგი ცოდნაა.

- ბრძანეთ, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში ხართ ნამყოფი. ქართულ სამზარეულოს რომელი ქვეყნის ნაციონალურ კერძებს შეადარებდით?

- არ ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს ქართული საკვები მძიმეა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიირთმევ. ლატვიური სამზარეულოც არ არის მსუბუქი. როცა ხაჭაპური გავსინჯე, რა თქმა უნდა, აღვფრთოვანდი, მაგრამ მალე შევჩერდი, მივხვდი, რა შედეგები მოჰყვებოდა მის ხშირად ჭამას. ქალი ვარ და საჭიროა შესაბამისი ფორმა შევინარჩუნო. გამოვყოფდი თქვენს არაჩვეულებრივ ხილსა და ბოსტნეულს. ყოველ კვირას, როგორც წესი, მივდივარ მარკეტებში და ვყიდულობ ყურძენს, მანდარინს, ვაშლს, კიტრსა და პამიდორს.…ჩემი მძღოლი მეუბნება: "ელიტა, შეჩერდი! ჯერ მათი სეზონი არ დამდგარა!" მაგრამ მე არ ვუსმენ, არ შემიძლია ზაფხულამდე მოცდა. ვგიჟდები თქვენს ჩურჩხელასა და ხურმის ჩირზე. ერთხელ ბაკურიანში ჩავედი და პირველად გავსინჯე ფიჭვის გირჩების მურაბა, ეს ნამდვილი საოცრებაა! ქართული ყველიც  ძალიან გემრიელია.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- 28 წელია, თხილამურებზე ვდგავარ და ამიტომაც გული მიგრძნობს, რომ ბაკურიანი და გუდაური ჩემი "ბაზა" გახდება საქართველოში. გუდაური უფრო მომწონს, რადგან იქ სამი დაღმართია და უკეთესად ვსრიალებ. თუმცა დრო მკაცრად გაწერილი მაქვს. პოლიტიკურ დღიურში ჩანიშნული მაქვს მზადება ჩიკაგოს სამიტისთვის, ასევე ბევრია სამუშაო ლატვია-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვისაც. შობას ჩემი ქალიშვილი ჩამოვიდა თბილისში და ერთად შევხვდით ამ დღესასწაულს. შემდეგ ერთად ვიყავით დავითგარეჯში. მომნუსხა არა მარტო მონასტერმა, არამედ გზამ თბილისიდან. ღმერთო ჩემო, რა სილამაზეა! ეს საოცარი მთები! ჩემს გოგონას ძალიან შეუყვარდა ეს ქვეყანა და პირობა დადო, რომ ამ აღდგომას და ზაფხულშიც აუცილებლად ჩამოვა.  ვეუბნები: მსოფლიო უზარმაზარია! სადმე სხვაგან წადი-მეთქი, მაგრამ უარს ამბობს, მას საქართველო მოსწონს. დავითგარეჯაშიც აუცილებლად კიდევ ერთხელ ჩავალთ.

- ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობაზე რას გვეტყვით?

- ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს საელჩოსთან ლატვიაში, რაც ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ეწვევა ლატვიას. ასევე, ვამზადებთ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელმწიფო ვიზიტს რიგაში, რომელიც მაისში გაიმართება. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საელჩოში დიდი წვეულება გვექნება და თქვენც აუცილებლად დაგპატიჟებთ.

- თუ გსმენიათ რამე ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ინგლისურენოვანი გაზეთის "ჯორჯიან ჯურნალის" მიერ გასული წლის მიწურულს მოწყობილ დაჯილდოების ცერემონიალზე "წლის ელჩი", რომელიც ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება. რას ფიქრობთ ამ წამოწყების შესახებ?

- დიახ, მსმენია. სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლა, საოცრად დატვირთული დღე იყო. შვიდი სხვადასხვა ღონისძიება ერთსა და იმავე დღეს დაგეგმეს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მთელი დიპლომატიური კორპუსი ვმეგობრობთ აშშ-ის ელჩთან საქართველოში, ბატონ ჯონ ბასთან და დიდად ვაფასებთ მას, როგორც საოცრად ჭკვიან და გამჭრიახ ადამიანს. ამიტომაც ეს არც ისე დიდი სიურპრიზი იყო ჩვენთვის, რომ ის გახდა თქვენი ღონისძიების გამარჯვებული. საწყენია, რომ მალე ამთავრებს თავის მისიას. აქამდე არც ერთ სხვა ქვეყანაში, სადაც ვყოფილვარ (და ასეთი ბევრია), არ შევსწრებივარ მსგავსი ტიპის ღონისძიებას, რომელიც წლის ელჩს ავლენს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კარგი წამოწყებაა  და მე მივესალმები.

მაკა ლომაძე

გაზეთი "Georgian Journal" #9