"ჩვენს ოპონენტებს ტყუილის ტალახში ყოფნა სიამოვნებთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ოპონენტებს ტყუილის ტალახში ყოფნა სიამოვნებთ"

"არც ერთი სახლი, რომელიც მათ აჩვენეს, არ არის იმ პირებისა, ვინც დაასახელეს"

"ამ პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი სახე დაკარგეს და დაექვემდებარნენ ერთი მდიდარი ადამიანის პოზიციას"

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე ვლადიმირ პუტინმა კვლავ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებისთვის მოიცალა. ამ თემით დავიწყეთ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილთან საუბარი:

- პუტინი, საქართველოს ერთ-ერთი დიდი მტერი, პოსტსაბჭოთა სივრცეზე საბჭოთა გავლენის აღდგენაზე ოცნებობს. ამ მიზნის მიღწევაში დიდ დაბრკოლებად მას საქართველო მიაჩნია, რადგან ის ამ სივრცეში განსხვავებული გამოცდილების მაგალითია. ქვეყანა შეიძლება ორიენტირებული იყოს დასავლეთზე, განსხვავებულ პოლიტიკურ ღერძზე ააგოს თავისი ცხოვრება, ვიდრე დღეს რუსეთის პოლიტიკური კონსტრუქციაა. ამიტომაც აღგვიქვამს პუტინი მთავარ მტრად და მუდმივად ფიქრობს, დაგვიქვემდებაროს, დაგვიმორჩილოს და დაგვიმონოს. პუტინი რაც აქამდე იყო, დღესაც ისაა, იგივე გეგმები და ზრახვები აქვს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ქვეყანაში გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა.

- ქართული ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს რესურსი რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. კოალიცია "ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ ეს შეუძლია.

- ვიცნობთ კოლაბორაციონისტებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომლებიც ფიქრობენ, რადგან ძლევამოსილი და მზაკვარი მტერი გვყავს, მის გემოვნებას უნდა მოვერგოთ და ამ გზით მოვაგვაროთ ურთიერთობა პუტინთანო. ჩვენი მიზანი კი ეროვნული ინტერესების დაცვაა. პუტინის გემოვნებაზე მორგებას კი არ უნდა მივუძღვნათ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების აქცენტები, არამედ იმას, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები გვიკარნახებს. საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიიჩნევენ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც პუტინს უნდაო. ეს უკეთეს შემთხვევაში ძალიან ღრმა შეცდომაა, უარეს შემთხვევაში - კოლაბორაციონიზმის აშკარა გამოვლინება.

- რა დაძრავს ამ ყინულს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში?

- რუსეთი დიდხანს ვერ იქნება ისეთი ქვეყანა, როგორიც დღეს არის. ამას ვეღარ გაუძლებს, ისე როგორც ვერ გაუძლო საბჭოეთმა. ესტონეთს, ჩეხეთს, პოლონეთს ან რუმინეთს თავისუფლებაზე ფიქრი რომ მიეტოვებინათ, არ იქნებოდა მათთვის გამოსავალი. ქვეყანა, რომელიც მათ თავისუფლებას ზღუდავდა, დაირღვა, დაიქცა და ეს ქვეყნები თავისუფალი ქვეყნების კლუბის წევრები გახდნენ. მათი პოლიტიკური პოზიცია სწორი აღმოჩნდა იმ პოზიციის წინააღმდეგ, რაც საბჭოთა კავშირსა და ვარშავის ბლოკს ჰქონდათ.

- "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო უმრავლესობამ "რუსული ოცნება" რის საფუძველზე უწოდა?

- რუსული ოცნება აქვს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს გზა არ არის სწორი. კოლაბორაციონიზმისა და მტრისთვის დაყვავების გზა დამღუპველია. დამღუპველია მტრისთვის იმის ჩვენება, რომ არა ვართ პრინციპული, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის ერთიანი. მტერს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაადგეს ევროპული ინტეგრაციისა და ნატოსკენ მიმავალ გზას. რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვინდა, მაგრამ ეს სხვადასხვა პირობას ეფუძნება და პირველი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაა.

- მაგრამ "ქართული ოცნება", რომელიც "რუსულ ოცნებად" მოიხსენიეთ, უფრო ფართოვდება და მისი ლიდერი პარლამენტში ხმების უმრავლესობით აპირებს მოსვლას.

- ივანიშვილმა გავლენიან ჟურნალ "ეკონომისტთან" ინტერვიუში ბრძანა, რომ საქართველო არის ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე რუსეთი და მას არა აქვს უფლება, რუსეთს ჭკუა ასწავლოს; ბრძანა, რომ საქართველომ არ უნდა უყიჟინოს რუსეთს, ოკუპანტი ხარო, რომ საქართველომ არ უნდა მოახდინოს დასავლეთის პოზიციის კონსოლიდაცია რუსეთის წინააღმდეგ, რომ საქართველომ დაიწყო ომი და მისი ბრალია ეკონომიკური ემბარგო და ქართველთა დეპორტაცია რუსეთიდან. ეს არის პოზიცია, რომელიც არსად მიდის და რომელიც ოკუპანტთან სრულ კაპიტულანტობას ნიშნავს. ეს პოზიცია ვერასოდეს გაიმარჯვებს საქართველოში. არჩევნები ოქტომბერშია და მასში ვერ გაიმარჯვებს ის, ვინც პუტინივით ფიქრობს.

- როდესაც ლაპარაკობთ "ქართული ოცნების" პრორუსულ განწყობაზე, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ კოალიციაში არის მკვეთრად პროდასავლური ორი პოლიტიკური ძალა.

- ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარი სახე დაკარგეს და დაექვემდებარნენ ერთი მდიდარი ადამიანის პოზიციას. მათთვის გადამწყვეტი ფულია. პოლიტიკური კორუფცია, რომელიც ამ ჯგუფში მძვინვარებს, ამ პოლიტიკური ძალის საფუძველია.

- ბანკ "ქართუს" თანამშრომლების განცხადებას, რომ ისინი კორუფციულ სქემებში მონაწილეობდნენ, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების პროვოკაცია უწოდა.

- სად არის აქ პროვოკაცია ან სპექტაკლი? თუ "ქართული ოცნება" იტყვის, რომ ამ პირებისთვის ფული არ გადაურიცხავს, რომ მათ უკან დაებრუნებინათ "ქართული ოცნების" დასაფინანსებლად, ძალიან საინტერესო იქნება. აშკარაა, ცდილობენ ფინანსური თაღლითობით მოიპოვონ პარტიის დაფინანსების გზები, იმიტომ, რომ კანონი მათ საჯარო დაფინანსების მექანიზმებს სთხოვს. Aამის მექანიზმი მათ არა აქვთ და ამიტომ ფიქრობენ თაღლითობით პოლიტიკური ძალის დაფინანსებას და კანონისთვის გვერდის ავლას.

- როდესაც ლაპარაკობთ ოპოზიციაში არსებულ პოლიტიკურ კორუფციაზე, მინდა გავიხსენო პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში, როდესაც ორმა ოპოზიციონერმა თამამად ილაპარაკა მაღალჩინოსნებისა და პრეზიდენტის ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობაზე.

- როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა აჩვენეს სახლების ფოტოები, კარგი იქნებოდა, დიდხანს დარჩენილიყო ობიექტივში. არც ერთი სახლი, რომელიც მათ აჩვენეს, არ არის იმ პირებისა, ვინც დაასახელეს. 2002 წელს, როდესაც სააკაშვილი თანამდებობის პირთა სახლების ფოტოებს აჩვენებდა, ისინი მართლაც მათი სახლები იყო. ჩვენმა ოპონენტებმა კი ააფრიალეს ფოტოები, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა არც მერაბიშვილისა და არც კუბლაშვილის. ტყუილი და თაღლითობა ოპოზიციის ტრადიციული გზაა.

- პრეზიდენტის განცხადებებმა, რომ ჯონდი ბაღათურიას ტალახში დაზელდნენ, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკული შეფასება გამოიწვია. ეს მუქარად აღიქვეს.

- არანაირი მუქარა არ ყოფილა, ჩვენს ოპონენტებს არავინ ზღუდავს, მათ ტყუილის ტალახში ყოფნა სიამოვნებთ, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა და ეს აღნიშნა პრეზიდენტმა.