"სახალხო კრება" ამ ბრძოლაში ცალკე სუბიექტი იქნება" - კვირის პალიტრა

"სახალხო კრება" ამ ბრძოლაში ცალკე სუბიექტი იქნება"

ნონა გაფრინდაშვილი: "რომ გითხრათ, ბიძინა ივანიშვილს რაც ვუპასუხე, არაკორექტული იქნება"

"შეხვედრაზე მუმიებივით კი არ ვისხედით, აზრს გამოვხატავდით"

"აქ ჩემი თავისთვის მოვედი, იმიტომ, რომ ეს ჩემი სამშობლოა, სხვაგან არ დავდგებოდი და არ გავწირავდი თავს. ასევე ხართ თქვენც. თქვენი რომ არის ეს სამშობლო, იმიტომ გინდათ მისთვის თავის გაწირვა. ადამიანი უპირველესად საკუთარი ინტერესებიდან იბრძვის. "მე" და "ჩემიდან" მოდის ყველაფერი, მაგრამ ნიჭიერმა ადამიანმა სწორი პრიორიტეტები უნდა აირჩიოს. არ უნდა დარჩეს ბავშვივით, "ჩემი" და "მეო". ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი მონაწილეობა, თუ ამით კი არ ეხმარები, არამედ აზიანებ. საერთო საქმეს თუ ვერ მოეხმარები, არ დააზარალო მაინც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული აკადემიისა" და "სახალხო კრების" წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ცხადია, ეს სიტყვები ნინო ბურჯანაძეს არ ესიამოვნა და განაცხადა, "ქართული ოცნება" პრობლემების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობსო. ბურჯანაძემ ივანიშვილს საერთო ძალისხმევით რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იქნება ივანიშვილისა და ბურჯანაძის თანამშრომლობა?

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობის სურვილს არ მალავს რეჟისორი გოგი ქავთარაძე, მაგრამ შეუვალი პოზიცია აქვს "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილს. "ჩვენ თუ გმირები ვართ, ნინო ბურჯანაძეც გმირია", - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური საიტით გავრცელებული ჩანაწერის (ივანიშვილისა და "სახალხო კრების" შეხვედრის ამსახველი ვიდეოფირი) ფრაგმენტის გამოქვეყნება გააპროტესტა. "კვირის პალიტრა" ნონა გაფრინდაშვილს ესაუბრა:

- ბიძინა ივანიშვილთან არ ყოფილა ისეთი შეხვედრა, რომ ის ამბები გარეთ გამოგვეტანა. ჩვენ აზრები გავცვალეთ. ეს იყო და ეს.

- როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა "სახალხო კრებას" თანამშრომლობა შესთავაზა.

- თანამშრომლობაზე არავის ულაპარაკია. ლაპარაკი იყო ისეთ ნაბიჯებზე, რაც "ქართულ ოცნებას" მხოლოდ დაეხმარება.

- ივანიშვილმა განაცხადა, ხელს ნუ შემიშლიანო.

- თქვენ მელაპარაკებით იმ მასალიდან გამომდინარე, რომელიც ივანიშვილის საიტზე დაიდო. არადა, შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ეს მასალა საიტზე რომ არ დადებულიყო, ამ თემაზე საერთოდ არ ვილაპარაკებდით. როდესაც მიგვიწვიეს, ისიც არ ვიცოდით, რა ფორმატის შეხვედრა იქნებოდა. იქ "ქართული აკადემიის" ხალხიც დაგვხვდა. ივანიშვილმა ლაპარაკი 26 მაისით დაიწყო და ქალბატონ ნინოზე გადავიდა. საიტზე დადებული ეს მონაკვეთი ცალმხრივი იყო,  ჩვენი პასუხი არ ჩანდა.

- თქვენ რა უპასუხეთ?

- სიტყვასიტყვით რომ გითხრათ, რაც ვუპასუხე,  არაკორექტული იქნება. ქალბატონ ნინოსთან ერთად უკვე 2 წელია ვარ და არ ვიცი, რას წარმოადგენს? როგორ ფიქრობთ, იქ ჩვენს აზრს არ გამოვთქვამდით? 26 მაისს ხალხი რომ არ დაშლილიყო, "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ ქალბატონი ნინოსი. ჩვენ ბატონი ბიძინას ყველა არგუმენტს ვუპასუხეთ.

- აქამდე ივანიშვილი აცხადებდა, ბურჯანაძესთან თემატურად ვითანამშრომლებო.

- ვიდეომასალიდან სად ჩანს ეს განწყობა? არ მინდა რაღაც ისეთი ვთქვა, რომ სხვანაირად გაიგონ და მითქმა-მოთქმა მოჰყვეს.

- ბატონი გოგი ქავთარაძე აპირებს ივანიშვილთან თანამშრომლობას.

- ეს ბატონი გოგის საქმეა, მაგრამ აღმასრულებელ საბჭოში ვინც არის დარჩენილი, ერთი ორგანიზმია. ამ საბჭოში არიან ქალბატონი ნინო და ბატონი თემურ შაშიაშვილი. ამიტომ თუ "სახალხო კრება" ვინმესთან ითანამშრომლებს, ითანამშრომლებს ერთიანად. ჩვენგან არავის უთქვამს, რომ კოალიციაში შესვლა გვინდა. ლაპარაკია მხოლოდ ისეთ თანამშრომლობაზე, რაც ბატონ ბიძინას დაეხმარება. ვგულისხმობ საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო გარემოს.

- თუ ბიძინა ივანიშვილს ხელს არ უშლით, მან რატომ თქვა, ხელს ნუ შემიშლიანო?

- ეს მას უნდა ჰკითხოთ. ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ საიტზე მასალის გამოქვეყნების მერე ვითხოვე, ჩვენი პასუხებიც დადებულიყო.

- თქვენი მოთხოვნის საპასუხოდ გავრცელდა განცხადება, რომ შეხვედრის სრულ ჩანაწერს გადმოგცემენ.

- ის კი არ მომითხოვია, ჩანაწერი გადმოეცათ, არამედ ჩვენი პასუხები დაედოთ. იქ მუმიებივით კი არ ვისხედით, ჩვენს აზრს გამოვხატავდით. როდესაც ვრცელდება ქალბატონი ნინოსთვის სავსებით მიუღებელი ჩანაწერი, იქ უნდა ჩანდეს, მასზე გამოთქმულ შეფასებებზე რას პასუხობენ "სახალხო კრების" წევრები. ვხედავთ, რომ ბატონი ბიძინაა ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა შეუძლია. ჩვენი ნაბიჯები მხოლოდ საერთო საქმისთვის იქნება სასარგებლო და "სახალხო კრება" ამ ბრძოლაში ცალკე სუბიექტი იქნება.  ბატონ ბიძინას დავცილდით სურვილებით, რომ კოორდინირებული მოქმედებების ახალი ეტაპი დაწყებულიყო. იმათაც უნდა გაეაზრებინათ რაღაც, ჩვენც და შემდეგ პოზიციები შეგვეჯერებინა. ქალბატონი ნინო არ იმსახურებს, მასზე ასეთი რამეების თქმას. ის რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსია, ესეც უეჭველია. ქალბატონი ნინო მთელი თავისი პარტიული აქტივით იყო შემოსული "სახალხო კრებაში", ისევე როგორც თემურ შაშიაშვილი, მაგრამ დარტყმა ძირითადად ქალბატონი ნინოსკენ მიდის, იმიტომ, რომ ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა.

- ფიქრობთ, რომ "ქართულ ოცნებაში" ვიღაცები ბურჯანაძესთან კონკურენციას უფრთხიან?

- ყველაფერი შეიძლება. რა ურთიერთობა გვექნება მომავალში "ქართულ ოცნებასთან", ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთია სურვილები და მეორე, როდესაც სურვილები ერთიან მოქმედებაში გადაიზრდება.