მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ღირსების საქმე

ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, ხელისუფლების ერთ-ერთ სახეს პრესკონფერენციაზე ვკითხე: რას იტყვით იმაზე, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე აღძრული საქმე ჯერ ისევ გამოუძიებელია? პასუხად მივიღე, რომ ეს მათთვის ღირსების საკითხია და შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიძიებენ. მას მერე მართლაც ძალიან დიდი დრო გავიდა, შემდეგ იყო გირგვლიანის და სხვათა მკვლელობები და ვალერი გელაშვილის დღისით, მზისით, ქალაქის ცენტრში სასტიკად ცემის ფაქტი თითქოს ყველას მიავიწყდა. არადა, ყველაფერი 2004-ში რობაქიძის მკვლელობით და 2005-ში გელაშვილის ცემით დაიწყო. გელაშვილის ცემის ფაქტზე საზოგადოებას ისეთივე მძაფრი რეაქცია რომ ჰქონოდა, როგორიც თუნდაც გირგვლიანის საქმეზე, ალბათ სხვა დანაშაულები აღარ მოხდებოდა.

დღესაც ყველა ძირითადად გახმაურებულ მკვლელობებზე ლაპარაკობს. გასაგებია, რომ მკვლელობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ცემა, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ გირგვლიანიც ოქროყანაში საცემად აიყვანეს, მივხვდებით, რომ ცემიდან მკვლელობამდე ერთი ნაბიჯია. და საერთოდ, ამ საკითხს მე ასე შევაბრუნებდი: რა უფრო მეტად მეტყველებს ხელისუფლების კრიმინალურ ბუნებაზე: ის, რომ რომელიმე პოლიციელი მკვლელობას ჩაიდენს და მერე მის დასჯას ერიდებიან, თუ ის, რომ მინისტრი ან პრეზიდენტი პირადად იძლევიან ვიღაცის ცემის ბრძანებას? რა თქმა უნდა, ორივე მძიმე შემთხვევაა, მაგრამ ვიღაცის დანაშაულის დაფარვა და დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა მე მაინც სხვადასხვა რამ მგონია. შეიძლება შემომედავონ, ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ გელაშვილი ხელისუფლების ბრძანებით სცემესო.

მისი ცემიდან საკმარისი დრო გავიდა და თუ ვინმეს ამ საქმის გამოძიება უნდოდა, გამოიძიებდა, ამიტომ ვიდრე ქალაქის ცენტრში დეპუტატის ცემის ფაქტი გამოძიებული არ იქნება, უფლება მაქვს, ვთქვა, რომ ეს დანაშაული ხელისუფლების ჩადენილია. გელაშვილზე არანაკლებ სასტიკად სცემეს 2007 წლის ნოემბერში კობა დავითაშვილი.

ეს საქმეც დღემდე არავის გამოუძიებია. ყველაზე მეტად კი ის მაშფოთებს, რომ ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც ყურადღებას გახმაურებულ მკვლელობებზე ამახვილებს და არავინ იხსენებს არც გელაშვილის და არც დავითაშვილის ცემის ფაქტებს, არადა, როგორც უკვე ვთქვი, ეს საქმეები ხელისუფლების კრიმინალური ბუნების ყველაზე ნათელი დადასტურებაა და თუ გირგვლიანის საქმეზე მათ შეუძლიათ თქვან, რომ ვიღაც-ვიღაცები დასაჯეს (ვინ და როგორ - ეს სხვა საქმეა), არც კი ვიცი, რა პასუხი შეიძლება გასცენ კითხვას, რატომ არის ექვსი წელი გამოუძიებელი საქმე, რომელსაც ხელისუფლებაში "ღირსებისა" უწოდეს? ან ვინ გაიტაცა აქციების დროს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სასიკვდილოდ სცემა და შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანა? დღეს, როდესაც ყველა ქიმერიძის გარდაცვალებაზე ლაპარაკობს, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ცემის გახმაურებული ფაქტები. ხელისუფლების რა მოგახსენოთ და ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ეს ორი შემთხვევა ნამდვილად ღირსების საქმეა და მათი გამოძიება არანაკლები შეუპოვრობით უნდა მოვითხოვოთ.

პოლიტიკაში წმინდანები არ არსებობენ

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ივანიშვილის კრიტიკის გამო სულ უფრო ხშირად მსაყვედურობენ. ზოგი მწერს, ობიექტურის იმიჯი გინდა და ამიტომ აკრიტიკებ ხელისუფლებასთან ერთად ივანიშვილსაცო, ზოგი კიდევ, ისე ღიზიანდება, ლანძღვაზე გადადის, როგორ გაბედე ივანიშვილის ხსენებაო. ვფიქრობ, ასეთი მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ლიდერს მხოლოდ დათვურ სამსახურს უწევენ, მე კი კრიტიკა სასარგებლო საქმე უფრო მგონია. ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილი რაც ადრე შეეჩვევა კრიტიკას, მით უკეთესი იქნება მისთვისაც და ჩვენთვისაც. არ შეიძლება პოლიტიკაში იყოს ადამიანი, ვისი კრიტიკაც აკრძალულია. პოლიტიკაში წმინდანები არ არიან. ან როგორ არ უნდა გააკრიტიკო ის, ვინც ამის საფუძველს თავისივე სიტყვებით ხშირად გაძლევს? როგორ არ უნდა თქვა არაფერი იმაზე, რაც მან "ფორბსს" განუცხადა? აჰა, ბატონო: "გარანტიას გაძლევთ (არავისთვის ასეთი გარანტიები აქამდე არ მიმიცია), რომ ერთ წელიწადში აქ ნამდვილ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს შევქმნი ძალიან იოლად. უნდა დაიჭიროთ ერთი მინისტრი ან ორი მაქსიმუმ, რათა დაანახოთ ყველას, რომ პატიება არ იქნება".

ახლა მე თქვენ გეკითხებით, ასეთ რამეებს უნდა მოვუყრუოთ? როდის აქეთ გახდა ადამიანების დაჭერა დემოკრატიის დამყარების საშუალება? ან ადამიანები იმის გამო უნდა დაიჭირო, რომ დემოკრატია დაამყარო, თუ   იმის გამო, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი? ან ადამიანების დაჭერა რომ საქმეს შველოდეს, სააკაშვილმაც მინისტრების დაჭერით არ დაიწყო? თუ სააკაშვილის გზის გამეორებას აპირებს? ან რა იცის ბატონმა ივანიშვილმა წინასწარ, რამდენი მინისტრი იქნება დასაჭერი? იქნებ ხუთი მინისტრია დამნაშავე? საერთოდ, ვიღაცის დაჭერა ან არდაჭერა რატომ უნდა იყოს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, განა დემოკრატიულ ქვეყანაში ეს სასამართლოს პრეროგატივა არ არის? მისი ეს განცხადება ხომ ნიშნავს, რომ ადამიანები საჩვენებლად, სხვის დასაშინებლად უნდა დაიჭირო?  ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ, ბატონო, რამაზ საყვარელიძეს მოუსმინეთ: "იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე დაისჯება და ამის სამართლებრივი საფუძველი იარსებებს, ეს იქნება გარკვეული პრევენცია. მაგრამ თუკი იმავეს დაუშვებს ახალი ხელისუფლება, მაშინ ისევ მივიღებთ დიქტატურას. ამიტომ საჭიროა სწორი გზით წასვლა და არა მხოლოდ საჩვენებელი დასჯა".

ან ვნახოთ, რა თქვა თინა ხიდაშელმა, როდესაც ამ განცხადების კომენტირება სთხოვეს: "ახლა მე რომ იმაზე დავიწყო საუბარი, რომელმა მინისტრმა რომელი კანონი რომელ რიცხვში დაარღვია, ასევე ხელისუფლებაში რომ მოვალ, ამის გამო ვინმეს ციხეში ჩავსვამ, ერთი რომ, არასერიოზული ვიქნები და მეორე - ნამდვილად არ მინდა, მიხეილ სააკაშვილს დავემსგავსო. ამ ქვეყანაში მთავარი ამოსავალი არის სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობის დამკვიდრება - კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო დაადგენს, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი და ამის შესაბამისად, დადგება ან არ დადგება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი". აი, ეს სულ სხვა ლაპარაკია! ახლა როგორ არ ვურჩიო ბატონ ივანიშვილს, რომ განცხადებების გაკეთებამდე თავისივე თანაგუნდელებს რჩევა ჰკითხოს? ასეთ შეცდომებს ხომ აღარ დაუშვებს? მე კი ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგან ჩემთვის მთავარი სიმართლეა და არა - მოჩვენებითი ობიექტურობა. თან ამ ჩვენს ძვირფას ქვეყანაში დღეს ორი მთავარი მოთამაშეა და აბა, ვისზე ვწერო - კუკავაზე?