"თავის გამოჩენის პროცესში ვერ ჩავერთვები" - კვირის პალიტრა

"თავის გამოჩენის პროცესში ვერ ჩავერთვები"

"მე პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის სტატუსი მქონდა. თუ ვინმეს ეს შეშურდა, ძალიან ვწუხვარ"

"თუ ხალხი გვერდით არ დაუდგა, მარტო ბიძინა ივანიშვილი ომს ვერ მოიგებს"

"მიუღებელია მიდგომა, ვინც ქუჩაში იბრძოდა, წარსულს უნდა ჩაჰბარდესო. ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა, გმირია და ღირსი წინა ფლანგზე დგომისა"

ბოლო დროს "ქართული ოცნების" ღონისძიებებზე ეკა ბესელია იშვიათად ჩანდა და, ალბათ, ამიტომაც ითქვა, რომ ის ორგანიზაციაში შიდა ინტრიგების გამო გადასწიეს უკანა პლანზე. ხოლო როდესაც ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა განაცხადა, მაღალი სტატუსის გამო არ მინდა ყველაფერი ვიკადრო და ის ავიტანო, რაც ასატანი არ არისო, მოარული ხმა უფრო სარწმუნო გახდა. ამიტომაც ეკა ბესელიასთან გასაუბრება გადავწყვიტეთ:

- რა სტატუსით წარგადგინოთ "კვირის პალიტრის" მკითხველთან?

- მე წარმოვადგენ საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" და ეს სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია. ვარ როგორც მართლმსაჯულების, ასევე იურისტთა ჯგუფში.

- ხმა გავრცელდა, რომ "ქართული ოცნებიდან" წასვლას აპირებდით.

-  "ქართული ოცნებიდან" წასვლას არ ვაპირებ და როგორც პირველივე დღიდან, დღესაც თავს ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრედ,  მისი გუნდის წევრად მივიჩნევ. ვგონებ, ეს მითქმა-მოთქმა ხელისუფლებას უკავშირდება. მე პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის სტატუსი მქონდა. თუ ვინმეს ეს შეშურდა, ძალიან ვწუხვარ. როდესაც ლაპარაკი იყო პირად ადვოკატზე, ეს უნდა ყოფილიყო მოკლევადიანი პროცესი, მერე კი პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩავრთულიყავი.

- ეს ინფორმაცია ალბათ იმიტომ გავრცელდა, რომ ბოლო დროს ბევრ ღონისძიებაზე აღარ ჩანხართ.

- ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის პირველ დღეებში რამდენიმე კაცი ვიყავით ჩართული პროცესში და, ბუნებრივია, მეტად გამოვჩნდებოდით. მას შემდეგ, რაც კოალიცია ჩამოყალიბდა, სხვა ლიდერები შემოემატნენ პროცესს და ხშირად ვეღარ გამოვჩნდებოდი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ როდესაც საძირკველი იყრებოდა, ამის მონაწილე ვიყავი. შენობის Fფუნდამენტი კი არასოდეს იცვლება... ზოგისაგან განსხვავებით, რეგალიები და სტატუსი არ მაინტერესებს. ეს პირველივე დღიდან ვუთხარი ბატონ ბიძინას. მთავარი საქმის შედეგია და ამისთვის შემიძლია ჩრდილში დავდგე.

- შედეგში რას გულისხმობთ?

- ჩვენი ამოცანა საპარლამენტო არჩევნების მოგება და "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხებაა. ჩემთვის შედეგი ის არ არის, რომ მეორედ გავხდე დეპუტატი. როგორც მე და ბატონი ბიძინა შევთანხმდით, სადაც რამდენად ვიქნები საჭირო, იმდენად ვიქნები პროცესში ჩართული. ზოგისთვის პოლიტიკა თვითმიზანია, უნდა სულ წინა პლანზე იყოს და ვიღაცას გადაასწროს. თუ დაგავიწყდა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდია მთავარი სამიზნე და შენს პარტნიორებთან კონკურენცია დაიწყე, ეს არასწორი მიმართულებით წაიყვანს პროცესს. პოლიტიკურ გუნდში კონკურენცია დამანგრეველია.

- რადგან ეს თემა წამოჭერით, გარკვეულწილად დაადასტურეთ ინფორმაცია, რომ ივანიშვილის გუნდში შიდა ინტრიგებია...

- ასეთი რამ მეტ-ნაკლებად ყველგან არის. პირდაპირ რომ გითხრათ, ჩემი თვალს მოფარების მოტივაცია ისიც არის, რომ თავის გამოჩენის პროცესში ვერ ჩავერთვები. ეს ჩემს ღირსებას შელახავს. ვისთვისაც ეს მთავარია, გააკეთოს, მაგრამ ეს არც ბატონ ბიძინას მოსწონს. ის თვითონ არის საოცარი წესიერებისა და გულწრფელობის მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი გამარჯვებამდე მიიყვანოს. ამიტომაც სჭირდება ერთგული, პატიოსანი, პატრიოტი, გონიერი, პრინციული ადამიანები. ჩემს წყენაზე მაღლა დგას ის იდეა, რისთვისაც პოლიტიკაში ვარ. არასოდეს გავმართავ სტატუსისთვის ბრძოლას, მაგრამ არ დავთმობ იქ, სადაც უსამართლობას დავინახავ. პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯს არ გადავდგამ, მაგრამ არ შეუძლიათ ამის დაჯერება და წარმოუდგენელ რამეებს მაბრალებენ... თუ თავი არ გემეტება და არაფრის დათმობა არ შეგიძლია, პოლიტიკაში რატომ მოდიხარ?

- როდესაც არ ესწრებით საინიციატივო ჯგუფისა და კოალიციის პრეზენტაციას, ასევე ზოგიერთი საკითხის კურსში არ გაყენებენ, ესეც ჩვეულებრივი ამბავია?

- როდესაც კოალიციის პრეზენტაცია იყო, საქართველოში არ ვიყავი. რაც შეეხება "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციას, იმ დღეს დარბაზში ვიქნებოდი თუ არა, დიდი მნიშვნელობა არა ჰქონდა. თუმცა, გეტყვით, რომ არ ვიცოდი, იურისტების პრესკონფერენცია თუ ჩატარდებოდა "მერიოტში". ასეთი შემთხვევა, ვგონებ, ორჯერ იყო. სიმართლე გითხრათ, არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება. მეც ვატარებ ხანდახან ბრიფინგს დამოუკიდებლად. როდესაც ჟურნალისტებმა იურისტების ჯგუფის პრეზენტაციაზე მომიკითხეს, უპასუხეს, არ მოვიდაო. მე დამირეკეს ჟურნალისტებმა და რომ გაიგეს, პრესკონფერენციაზე არაფერი ვიცოდი, აქედან დაიწყო ყველაფერი.

- მუდმივად ისმის კითხვა, რისთვის იბრძვის ივანიშვილის გუნდი, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის თუ პარლამენტში მოსვლისთვის?

-  ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არის მოტივირებული, რომ იბრძოლოს გამარჯვებისთვის და არა მეორე ადგილისთვის. ნამდვილად ვიცი, რომ ბატონი ბიძინა გამარჯვებისთვის იბრძვის და თუ არჩევნები გაყალბდება, თვალს არ დახუჭავს. კაცი, რომელმაც პოლიტიკაში ჩართვით ყველაფერი სასწორზე დადო, მეორე ადგილისთვის არ იბრძოლებს. რაც შეეხება შეფასებებს, რომ ჩვენი გუნდი პასიურია, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ივანიშვილს მზა პოლიტიკური გუნდი არ დახვედრია. არ შეიძლება საარჩევნო ინფრასტრუქტურის გამართვის პროცესში აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოება. აქტიური ფაზა დაახლოებით აპრილიდან დაიწყება. როდესაც ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ აკრძალული მეთოდებით გვებრძოლოს, როდესაც დახურულია მედიასივრცე და მხოლოდ ბეჭდურ მედიას აქვს დამოუკიდებლობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული, ძნელია ყველაფრის სწორად მიწოდება საზოგადოებისთვის. უშეცდომოდ არაფერი კეთდება და მით უმეტეს, დიდი საქმე.

- როგორც ვიცი, ფართო კოალიციის შექმნის მომხრე ხართ. ამ აზრს თქვენი თანაგუნდელები თუ იზიარებენ?

- უნდა მოიძებნოს ფორმა, რომ პოლიტიკურ წინააღმდეგობაში ჩაერთოს ყველა ის პირი, ვინც ამ წლების განმავლობაში იბრძოდა და ვერ გატეხეს. მათთვის ხელის კვრა მორალურად გამართლებული არ იქნება. მიუღებელია მიდგომა, ვინც ქუჩაში იბრძოდა, წარსულს უნდა ჩაჰბარდესო.  ყველა, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა, გმირია და ღირსი წინა ფლანგზე დგომისა. როგორ შეიძლება ამის გაუფასურება?! ვიღაცას ძალიან გვიან გაახსენდა ან ახლაც ვერ ხედავს, რაოდენ ბოროტი ძალა მართავს ქვეყანას. ჩვენი ფორმულა უნდა იყოს: "ყველა მინუს სააკაშვილი".

მებრძოლები ერთ მხარეს უნდა დადგნენ. შესაძლოა მათთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმა მოიძებნოს. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ საქმეები ვარჩიოთ. წელს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. ის გადაწყვეტს, როგორი იქნება შემდგომი საკმაოდ გრძელვადიანი მმართველობა.

- თქვენ გეგმავთ გამარჯვებას მაშინ, როდესაც ხელისუფლებას უზარმაზარი რესურსი აქვს, ივანიშვილს კი თავისი რესურსის გამოყენების საშუალება არ ეძლევა. უკვე ვნახეთ ბანკ "ქართუს" თანამშრომლები, რომლებიც ბანკის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ, კორუფციულ სქემებში მონაწილეობას გვთხოვდნენო.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლების ბერკეტები უფრო მძლავრად ამუშავდება. წარმოიდგინეთ, ძალთა როგორი უთანასწორობაა, როდესაც ერთ მხარეს დგას ხელისუფლება, რომელსაც ყველანაირი იარაღი აქვს, კანონს როგორც უნდა, ისე იყენებს, პლუს სახელისუფლებო ბერკეტები, ადმინისტრაციული რუსურსი, პოლიცია, ჯარი, ზონდერჯგუფები და, რაც მთავარია, ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები (სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა), რომლებიც დააბალანსებდნენ ქვეყანაში ქაოსურ ვითარებას. ისინი პირდაპირ ემსახურებიან "ნაციონალურ მოძრაობას". არსებობს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც კანონს როგორც უნდა, ისე ცვლის. 15-20 წელია პარლამენტში პროფესიონალი გამყალბებლები სხედან, არითმეტიკული ციფრები პირდაპირ საარჩევნო ოქმებში გადააქვთ. საარჩევნო კომისიებში უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს და ხმებს თვითონ ითვლიან. ასეთ ვითარებაში იბრძოდა წლების განმავლობაში ოპოზიცია. მაგრამ პოლიტიკურ პროცესში უცებ გამოჩნდა კაცი, რომელსაც მორალური ავტორიტეტი და ფინანსური რესურსი აქვს. ეს უპირატესობა რომ დაინახა ხელისუფლებამ, შეშინდა, წონასწორობა დაკარგა. ამიტომაც წაართვა სააკაშვილმა ივანიშვილს მოქალაქეობა და ამით გაექცა თანაბარი, კონკურენტული ბრძოლის ველიდან. ვნახოთ 5 აპრილამდე რას იზამს სააკაშვილი, ისევ უმტყუნებს ნერვები თუ ფორმალურად მაინც შეინარჩუნებს თავმოყვარეობას და მოქალაქეობას აღუდგენს ბიძინა ივანიშვილს. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს იკადრებს. გამარჯვება იოლი არ არის, მაგრამ შესაძლებელია. თუ ხალხი გვერდით არ დაუდგა, მარტო ბიძინა ივანიშვილი ომს ვერ მოიგებს.