"კონტროლმანია" - კვირის პალიტრა

"კონტროლმანია"

კონტროლის პალატამ რეგიონებში დიდი ორომტრიალი მოაწყო. ამ "ზეპარტიული" ორგანოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და სხვა რაიონებში "ქართული ოცნების" აქტივისტებს გამგეობებში იბარებენ და ივანიშვილთან მათ კავშირს საგულდაგულოდ არკვევენ.კონტროლის პალატას აინტერესებს, მილიარდერი ურიცხავს აქტივისტებს ფულს თუ პირიქით. მოკლედ, ვითარება კურიოზულია: ადრე თუ კონტროლის პალატის მთავარი ფუნქცია სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის გარკვევა იყო, ახლა ფილანთროპი ივანიშვილისა და მისი გულშემატკივრების ჯიბეებში ქექვა გახდა პრიორიტეტული, რაშიც მთელი სახელმწიფო მანქანა მონაწილეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის გამგეობაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებული სიმკაცრით დაიცვეს და დასაკითხად მისულ აქტივისტებს ფეხსაცმელები და წინდები გაახდევინეს. საბოლოოდ, კონტროლის პალატის თავნებობამ სახალხო დამცველის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აშშ-ის ელჩ ჯონ ბასისა და სხვათა შეშფოთება გამოიწვია.

დაკითხული აქტივისტები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის თანამშრომლები თავად კარნახობდნენ, რა დაეწერათ, ზოგმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, აქა-იქ კი ჯიუტებიც გამოერივნენ, რომლებსაც ვერაფრით დააწერინეს, რომ ივანიშვილის მოძრაობას ანგარებით სწირავდნენ ფულს. "პირადად არც ვიცნობ მაგ კაცს, მაგრამ ვგულშემატკივრობ და გურჯაანში "ქართული ოცნების" გაზეთებსაც უსასყიდლოდ ვარიგებ. ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებ", - აცხადებს გურჯაანელი ლიანა სოლომნიშვილი.

ყოფილი "ნაციონალის" აღსარება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი წევრი "კვირის პალიტრასთან" გულახდილია, თუმცა, აცხადებს, რომ პარტიის საწინააღმდეგო რადიკალური განცხადებების გაკეთებას ერიდება, ამიტომ არც ვინაობის საჯაროდ გამხელა ისურვა: "ძალიან დაუნდობლები არიან. ერთ დროს წინასაარჩევნოდ ერთად ვმუშაობდით, შესვენებებზე ერთად ვჭამდით, ვხუმრობდით, მოკლედ, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები გვაკავშირებდა. რაც "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოვედი, მტრად შემრაცხეს. თუ შემთხვევით შემხვდებიან, აღარ მესალმებიან, თითქოს არასდროს მიცნობდნენ. პროფესიით იურისტი ვარ, რამდენჯერმე საარჩევნო კომისიის წევრიც ვიყავი. კარიერული წინსვლის იმედი მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს თანამდებობა მართლაც შემომთავაზეს ძალოვან უწყებაში. თანხმობა ავტომატურად ადამიანების დაჭერასა და გაუბედურებაზე ხელის მოწერას ნიშნავდა. მე სხვა ამბიცია მქონდა, ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლა მინდოდა, მაგრამ გასაქანი არ მომცეს. პროტესტის ნიშნად პარტია დავტოვე. მათი მოქმედების სტილს კარგად ვიცნობ.

ოპერაცია, რომელიც გასულ კვირას რეგიონებში ჩატარდა, "საცდელი" იყო, რაც "საშიში ობიექტების" გამოვლენა-გამოაშკარავებას გულისხმობდა. ხელისუფლებას აინტერესებს, რა ვითარებაა რაიონებში, რამდენი კაცის დაშინება ან გადაბირება შეიძLლება. ზოგს ჯერ პრობლემას უქმნიან, მერე თავად უგვარებენ, რაც ადამიანის მართვის  ერთ-ერთი მეთოდია. "სამართავი ობიექტის" ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. მეცინება, როცა კონტროლის პალატა მოქალაქეებთან ივანიშვილის თვალთმაქცურ გარიგებასა და ირიბ დაფინანსებაზე ლაპარაკობს. ამ დროს "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსური ანგარიშები არავის ახსენდება?! სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პერსონები "ნაციონალურ მოძრაობას" ათასებს სწირავდნენ. თავის დროზე ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც გავრცელდა, თუმცა არც კონტროლის პალატა და არც ძალოვანი უწყებები არ დაინტერესებულან. მართალია, მაშინ კანონი "პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" არ მოქმედებდა, მაგრამ ფინანსური მაქინაცია, ე. წ. "ატკატი", კანონით ყოველთვის ისჯებოდა".

"ნაცმოძრაობის" დამფინანსებელი ივანიშვილის ბიძაშვილები?

ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშები გამოვითხოვეთ, სადაც როგორც "ნაციონალური მოძრაობისთვის" გადარიცხული თანხები, ასევე მათი ხარჯვაა ასახული. დამფინანსებელთა სიაში არაერთი საინტერესო პერსონა აღმოვაჩინეთ... ჩვენი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ამ სიის მიხედვით თურმე "ნაციონალები" საჩხერლებს 80-80 და 100-100 ლარს უხდიდნენ სატრანსპორტო მომსახურებისთვის. ვრცელ ჩამონათვალში ივანიშვილის ჭორვილელი ბიძაშვილები გიორგი და ბაქარ ივანიშვილებიც აღმოჩნდნენ. ფაქტი საეჭვოდ მეჩვენა და გადამოწმება ვცადე. ამ მიზნით დასავლეთის რეგიონში "ქართუს" ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვაჟა გავაშელს დავუკავშირდი, რომელიც გიორგი და ბაქარ ივანიშვილებს გაესაუბრა: "გული დამწყდა, როცა "კვირის პალიტრამ" შემატყობინა, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილებს ფული გამოურთმევიათ "ნაციონალებისთვის".  არადა, ორივე ღირსეული კაცია. მათ ახსნა-განმარტებას გაგაცნობთ: "ნაციონალები" მოვიდნენ, გამგეობის წევრებიც თან ახლდნენ, სოფლიდან სოფელში გადაყვანა გვთხოვეს. უარი ვერ ვუთხარით. 20 ლარის ბენზინი ჩაგვისხეს, 80 ლარი კი თვალით არ გვინახავს", - ასე იხსენებენ "ნაციონალებისთვის" გარჯას ივანიშვილები. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ მაფიქრებინა, "ნაციონალებში" ისეთი ვირთხებიც არიან, საკუთარ პარტიას ფულს რომ ჰპარავენ".

"ნაციონალური მოძრაობის" ფინანსური ანგარიშები

"ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო და 2010 წლის არჩევნების წინ სოლიდური თანხები აქვს მიღებული. მმართველი პარტიის ფონდმა 2007-დან 2008 წლის 13 იანვრამდე (5 იანვარს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები) 162 იურიდიული და 101 ფიზიკური პირისგან შემოწირულობის სახით 22.986.118 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში გაწეული ხარჯები შეადგენს 22.986.081 ლარს, რომელშიც შედის სარეკლამო რგოლები, დაქირავებული პერსონის მომსახურება, ღონისძიებების მოწყობა (მაგალითად, შეხვედრა მოქალაქეებთან, სოციოლოგიური გამოკითხვის დაკვეთა და სხვ.). იმხანად ოლიგარქად წოდებულ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოში ჩამოსვლისა და საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მიეცა. მის სახელთან დაკავშირებულ "სტანდარტბანკს" კი პრობლემები შეექმნა. საქართველოდან გადახვეწილმა ბიზნესმენმა საარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის ვერც ერთი ბანკის მეშვეობით ვერ გადმორიცხა თანხები საქართველოში.

რაც შეეხება 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 52 იურიდიული და 29 ფიზიკური პირისგან 12.091.797 ლარი მიიღო. ხარჯებმა კი 12.091.793 ლარი შეადგინა (ე. ი. თითქმის სრულად აითვისეს), სადაც შრომის ანაზღაურების, სარეკლამო ღირებულების, ბეჭდური სააგიტაციო მასალებისთვის განკუთვნილი თანხა და სხვა ხარჯებიც შევიდა. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოწირულობის სახით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან 12.667.503 ლარი მიიღო, ხარჯმა კი 14.008.450 ლარი შეადგინა.

(გაგრძელება იქნება)