ვის მივმართოთ, მოსამართლე "მკვდარია"! - კვირის პალიტრა

ვის მივმართოთ, მოსამართლე "მკვდარია"!

ანუ უსამართლო კანონი უკანონო მოსამართლეებისთვის?!

ადგილობრივი თუ საერთაშორისო  ექსპერტები დიდი ხანია მიუთითებენ, რომ ხელისუფლების ქმედებებს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პრინციპებთან, კანონთან და სამართალთან. ეჭვი იმისა, რომ სახელისუფლებო შტოებში მოკალათებული პირები ცდილობენ კანონი პოლიტიკურ ნებას მოარგონ, სამართალი კი კანონის სახელით გაამრუდონ, საზოგადოებას სულ უფრო უმძაფრდება. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ეს პროცესი მით უფრო მტკივნეული ხდება. ფრონტის ხაზი რამდენიმე მიმართულებითაა გახსნილი და მასში ჩართული არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი შტოები. ამ პროცესში უკვე ჩაერთო კონტროლის პალატა. მას შემდეგ, რაც მან "არნახული სპეცკონტროლი" მოაწყო, ზოგიერთმა მოქალაქემ დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა, ხელისუფლებამ კი სასწრაფოდ გამოძებნა ურჩების მოსარჯულებელი ბერკეტი და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურები დაიწყო. გარდა ამისა, საარჩევნო ციებ-ცხელებასთან გასამკლავებლად მმართველმა პარტიამ საკანონმდებლო დონეზეც გახსნა ფრონტის ხაზი. რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს ეკუთვნის ბოლო სიტყვა, ჩანს, საჭირო გახდა მოსამართლეთათვის დამატებითი გარანტიების მიცემა.

ამიტომაც მალე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები შევა, სადაც მთავარი ერთი ჩანაწერია. კერძოდ, მოსამართლეები კანონის დარღვევის მიუხედავად, აღარ დაისჯებიან(?!). ამ კანონით იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე.  ასევე, დისციპლინურ გადაცდომად კანონის უხეში დარღვევა აღარ ჩაითვლება, ანუ თუ მოსამართლე კანონს დაარღვევს, თანაც უხეშად,  პასუხი აღარ მოეთხოვება(?!).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის,  ვალერი ცერცვაძის განმარტებით, დისციპლინური გადაცდომის სახეებიდან კანონის უხეში დარღვევის ამოღება ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინებამ განაპირობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეები უკანონობის ჩადენის შემთხვევაში აღარ დაისჯებიან(?!). როგორც ცერცვაძე გვარწმუნებს, ეს არის მოსამართლეების დამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და დემოკრატიული სასამართლო სისტემის აუცილებელი ნორმა(?!).

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: "ამ კანონით, მოსამართლე რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს და ამისთვის უბატონოდ ხმას არავინ გასცემს. ამ კანონის მოქმედებამდე მოქალაქეს შეეძლო განცხადებით მაინც მიემართა იუსტიციის საბჭოსთვის მოსამართლის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე, მას განიხილავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლის დისციპლინურ დევნას იწყებდა. აქამდე დისციპლინური დევნის მასალები გასაიდუმლოებული იყო და საბჭოს გადაწყვეტილება საქმეს მტკიცებულებად ვერ დაერთვებოდა, მაგრამ რაღაც ბერკეტის იმიჯს მაინც ქმნიდა. ახლა, თუკი მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის მართლზომიერებაც საეჭვოა, მოქალაქე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ვეღარ შეძლებს.

მოსამართლეს ეხსნება ხელ-ფეხი კანონის შეგნებულად, არასწორად ინტერპრეტაციისთვის, შეუძლია შავზე თქვას, რომ თეთრია და პასუხს არავინ მოსთხოვს. ეს არის არჩევნების წინ მოსამართლეებისთვის დამატებითი გარანტია, რათა პირნათლად შეასრულონ "ნაცმოძრაობის" დავალებები. ეს არის კარტ-ბლანში იმისათვის, რომ მოსამართლეს ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც ნაკარნახევი იქნება პოლიტიკური კონიუნქტურით. ეს იმ საჩივრებთან დაკავშირებით არის მოგონილი, არჩევნების დროს ასობით და ათასობით რომ შევა სასამართლოში. სხვათა შორის, კანონპროექტში დატოვებულია პუნქტები მათთვის, ვინც ურჩობას გაბედავს, - მოსამართლე შეიძლება "რეზერვაციაში" გადაიყვანონ, მიავლინონ ერთი რეგიონიდან მეორეში მისი თანხმობის გარეშე. თბილისის სისხლის სამართლის კოლეგიის რომელიმე მოსამართლე შეიძლება აღმოჩნდეს მესტიაში და ეს მივლინება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს...

ეს საშიში და ტენდენციური მოვლენაა. იციან რა, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდება, ამიტომ ამ კანონების მეშვეობით ხელისუფლებაში დარჩენის ახალ-ახალ ბერკეტებს ქმნიან. კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულია და ის მალე კანონადაც იქცევა".

ჟაკ შირაკის წინასაარჩევნო კომბინაცია

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გაასამართლეს. გამოძიების ვერსიით, 1992-დან 1995 წლამდე შირაკი, რომელიც პარიზის მერიას ედგა სათავეში, ფიქციურ სამუშაო ადგილებს ქმნიდა და მათ ხარჯზე თავის პარტიას აფინანსებდა. 1990-94 წლებში პარიზის მერის მიერ გამოყოფილი 28 სამუშაო ადგილი შირაკის პარტიის წევრებმა დაიკავეს, თუმცა ხელფასს პრეზიდენტის პარტიის დასაფინანსებლად რიცხავდნენ. შირაკმა ათობით ფიქციური სამუშაო ადგილი შექმნა მერიაში, ხოლო ე. წ. მკვდარ სულებს ხელფასებს უხდიდა. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ თანხებით ფინანსდებოდა შირაკის კამპანია 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც მან გაიმარჯვა კიდეც. საფრანგეთის სასამართლომ შირაკი კორუფციაში ცნო დამნაშავედ. ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილ განაჩენში ნახსენები მხოლოდ 28 ფიქციური სამუშაო ადგილის შექმნა იყო. სხვა ეპიზოდები, რომლებმაც თავდაპირველად გამოძიება დააეჭვა, საქმეში არ ჩაურთავთ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის, ადამიანების ნდობით ბოროტად სარგებლობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვისთვის შირაკს ათწლიანი პატიმრობა და 150 ათასი დოლარის ჯარიმა ელოდა, მაგრამ მას ორწლიანი პირობითი სასჯელი აკმარეს.