თქვენ გელით... მოგელაძე!.. - კვირის პალიტრა

თქვენ გელით... მოგელაძე!..

"გახადეს და უხერხული ადგილები გულდასმით დაუთვალიერეს, ამას სადმე ვიდეოკამერა ექნება დამალულიო"

ჯვარედინად დაკითხული დაშინებულ-გაშიშვლებული ქართველები

საქართველოში დემოკრატიის არსებობა საბოლოოდ მაშინ დადგა ეჭვქვეშ, როდესაც ქართულ იურისპრუდენციაში "გონივრული ეჭვის" ცნება დამკვიდრდა. ამას მოჰყვა 2011 წლის დეკემბერში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ისეთი ბუნდოვანი ნორმების დამატება, ათმა კაცმა რომ წაიკითხოს, ათივე სხვადასხვაგვარად გაიგებს. ეჭვებსა და ბუნდოვანებაზე აგებული კანონი კი სპეცოპერაცია "მოგელა(ძე)ნდემ" დააგვირგვინა, რომელიც ამ დღეებში ყველამ ვიხილეთ.

"პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად", - ასეთი უწყება კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურიდან ასობით მოქალაქემ მიიღო. ანუ არაიურიდიულ ენაზე რომ ავხსნათ, ნათია მოგელაძეს გაუჩნდა "გონივრული ეჭვი", რომ მოქალაქეებმა ივანიშვილისგან მიღებული ფული "ქართულ ოცნებას" დაუბრუნეს შეწირულობის სახით. შესაბამისად, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურში დაიბარეს არა მხოლოდ ის პირები, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" ფული გადაურიცხეს ან ხელფასები მიიღეს (მაგალითად, უფასო გაზეთების დარიგებაში), არამედ ისინიც, ვისაც სამსახურებრივი კავშირი ჰქონდათ  საზოგადოებრივ მოძრაობასთან. მაგალითად, "აიტიშნიკი", რომელმაც ერთ-ერთ ოფისში კომპიუტერები გამართა და ხელოსანი, რომელმაც ოფისში პარკეტი დააგო ან "ელექტრიკი" რომელმაც გაყვანილობა მოაწესრიგა. მოქალაქეების ახსნა-განმარტება-დაკითხვაზე დაბარება რეგიონებში უფრო მასობრივი იყო, ვიდრე თბილისში. ეტყობა, დედაქალაქში ვერ გაბედეს, რადგან აქ არ არის რეგიონების მსგავსი საინფორმაციო ვაკუუმი და პროტესტის გამოხატვის უფრო მეტი საშუალებაა.

იურისტების აზრით, მონიტორინგის სამსახური პროკურატურასავით იქცევა. ამაში უცნაური არაფერია, - ნათია მოგელაძე ზურაბ ადეიშვილის კადრია და მთავარი პროკურატურიდან, როგორც ჩანს, სპეცმისიით გადაიყვანეს ზემოხსენებული სამსახურის უფროსად. თბილისში დაკითხვებში პირადად ნათია მოგელაძე მონაწილეობდა. მაგალითად, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც იმიტომ დაიბარეს, რომ "ქართულ ოცნებას" 10 ათასი ლარი შესწირა, სანამ დაჰკითხავდნენ, გვერდით მდებარე ოთახიდან ყვირილის ხმა მოასმენინეს. მეთოდი ძველია, მაგრამ ეფექტური. როდესაც ჩეკისტები დაკავებულს საპყრობილეში ამწყვდევდნენ, გვერდით საკნიდან ცემა-ტყეპის ხმებს ასმენინებდნენ, რომ ფსიქოლოგიურად გაეტეხათ. ერთ-ერთ მოქალაქეს კი, რომელმაც ასევე ფული შესწირა ივანიშვილის ორგანიზაციას, ნათია მოგელაძემ პირდაპირ უთხრა, თუ იმას არ დაწერ, რაც გვინდა, შენს წინააღმდეგაც აღიძვრება საქმეო(!). ამ მოქალაქეებს ვინაობა არ დაუმალავთ, ამის შესახებ "მაესტროს" ეთერშიც ილაპარაკეს და ამის გამო დემოკრატიულობასთან ოდნავ მიახლოებულ ქვეყანაში მოგელაძეს, უფლებამოსილებას დროებით მაინც შეუჩერებდნენ.

თუმცა მომდევნო დღეებში რეგიონებში ისე განვითარდა მოვლენები, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მოქალაქეებმა კონტროლის პალატიდან უწყება მოგელაძის მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერით მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, უწყებაზე სხვადასხვა  რეგიონში ამირანაშვილის სხვადასხვაგვარი  ხელმოწერა იყო. ორი ვერსიაა: ან ეს ვაჟბატონი ისე ჩქარობდა, რომ უწყებებზე ერთდროულად ორივე ხელით აწერდა ხელს, ან ოპერაცია "მოგელა(ძე)ნდეს" ოპერატიულობიდან გამომდინარე, ამირანაშვილის მაგივრად ადგილებზე, გამჭვირვალე შენობებში მოაწერეს ხელი.

დაკითხვები, უმეტესად - ჯვარედინი, ძირითადად, პოლიციელებით გარშემორტყმულ გამგეობის შენობებში ხშირად 5-6 საათი გრძელდებოდა. დაკითხვას კონტროლის პალატის თანამშრომლებთან ერთად პოლიციის გამომძიებლები და ის პირებიც ესწრებოდნენ, რომლებიც აშკარად ზემდგომი ორგანოდან იყვნენ. მოგელაძის უწყებაში შეშფოთებულან, ვინმე ინტრიგანი არ შემოვიდეს და ფარულად არ გადაიღოს ჩვენი დამოუკიდებელი ორგანოს თანამშრომლების საქმიანობაო და ამიტომაც ქართული პოლიტიკის ფინანსურ გამჭვირვალობაზე მზრუნველი ჩინოსნები ისე იქცეოდნენ, მაფიოზებზე გადაღებულ ფილმებში რომ გვინახავს. კერძოდ, ქალებსაც და კაცებსაც აშიშვლებდნენ და ჩამწერებს ეძებდნენ. "კორიდორიდანვე დაიწყეს ჩხრეკა, ჩანთა და ტელეფონი ჩამომართვეს. ქურთუკიც გამხადეს. იმ გოგომ, ბოდიში და, ლიფის რკინებიც კი ნახა. წითელს ანთებდა და მეკითხებოდა, აქ რა გაქვსო? ვერა ხედავ, რკინაა, რა უნდა მქონდეს-მეთქი", - უამბო რეგიონულ მედიასაშუალებებს "ეროვნული ფორუმის" წევრმა ასმათ ათუაშვილმა, რომელიც საგარეჯოში დაჰკითხეს. მოგელაძის ხელქვეითებს, როგორც ჩანს, ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა ჰქონდათ, მათ შორის - ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან.

"დამემუქრა, ციხეში წახვალ. ციხეში რომ წახვალ, მოგკლავენ და შენი შვილები უპატრონოდ დარჩებიანო.

მერე ერთი ახალგაზრდა მოვიდა (კონტროლის პალატის მეორე თანამშრომელი) და მითხრა, ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, შეიძლება თქვას, თათრები გაყარეთ, საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდნენო", - ამბობს აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე მუბარიზ მამედოვი. ერთ-ერთ მოქალაქეს კი, რომელსაც ასევე გაშიშვლება შესთავაზეს, მორიდებით უთქვამს კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის, ვერ გავიხდი, საცვალი მაქვს დახეულიო. ჰოდა, გადაირივნენ თურმე მოგელაძის ხელქვეითნი, ამას სადმე ვიდეოკამერა ექნება დამალულიო. მაინც გახადეს და უხერხული ადგილები გულდასმით დაუთვალიერეს იმის დასადგენად, ფარულად ხომ არ იწერდა. ისიც საინტერესოა, დაკითხვისას დასმულ ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: "როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება?", "ვინ წარმოადგენს მუნიციპალიტეტში თქვენს თანამოაზრეებს?" ან "ზის თუ არა თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი ციხეში", რა კავშირი აქვს პარტიების ფინანსურ გამჭვირვალობასთან. ამაზე პასუხი, ალბათ, მხოლოდ ნათია მოგელაძემ იცის.

ზოგიერთი მოქალაქე პროტესტის ნიშნად დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამჯერად მოგელაძეს მოკავშირედ უკვე მერაბიშვილი მოევლინა, -“პოლიციამ ურჩებზე”სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლით საქმე აღძრა. ამ მუხლის მიხედვით, საქმე აღიძვრება მაშინ, თუ მოქალაქე კონტროლის პალატაში მოწმის სტატუსით არ გამოცხადდა. თუმცა კონტროლის პალატის უწყებაში არ იყო მითითებული, მოქალაქეებს მოწმის სტატუსით იბარებდნენ თუ დამნაშავის. ჩვენი სამართალდამცველი თუ სასამართლო სისტემის გადამკიდე, არ არის გამორიცხული, რომ მოწმე პეტრე ბრალდებულ პავლეს პირზე დაადგეს და დანაშაულში ამხილოს.

მთელი ეს ტრაგიკომედია კი დააგვირგვინა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის განცხადებამ, - კონტროლის პალატის აქტიურობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას პასუხობსო. სამწუხაროდ, კუბლაშვილს არ მიუთითებია, სად წერს ვენეციის კომისია, რომ პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის მიზნით მოქალაქეები 5-6 საათის განმავლობაში უნდა დაჰკითხო და ციხით დაემუქრო.

ალბათ, კომისიის შექმნა არ სჭირდება იმის დადგენას, თუ რას ემსახურება "დიდი მოგელაძეობა". კერძოდ, ნათია მოგელაძეს და მის უკან მდგომ გამჭვირვალეშენობიან სამსახურებს პარტიებში ფულის ბრუნვის სქემების დადგენა სულ რამდენიმე საათში 2-3 კაცთან გასაუბრებით შეუძლიათ, რაც ციხით დამუქრებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით მოქალაქეთა დაშინებას ისახავს მიზნად, რათა არჩევნებზე მმართველ გუნდს რეგიონებში მანევრირება გაუადვილდეს. ნათია მოგელაძე უბრალო შემსრულებელია და ზემოხსენებული ტრაგიკომიკური სურათიდან გამომდინარე, არც ისე კარგი. ის ახალგაზრდაა და ცხოვრება წინ აქვს. ამიტომაც გულშემატკივრებმა უნდა შეახსენონ, რომ ოპერაციის ჩავარდნის შემთხვევაში დამკვეთები შემსრულებელზე გადატეხენ ჯოხს. დამკვეთებმა კი, რომელთაც ხალხში "კოლექტიური მოგელაძე" ("მოგელაძენი") უწოდეს, ალბათ, უნდა იცოდნენ, რომ როდესაც თანამოქალაქეს ამცირებ და აშინებ, მას შიშთან ერთად ზიზღიც ეუფლება, გროვდება, ადრე თუ გვიან გასკდება და შესაძლოა, მომავალში სამაგიერო ასმაგად გადაგიხადოს.

P.S. საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტი პრეზიდენტია. ჩვენ კი უფრო ხშირად გარანტად აშშ-ის საელჩო გვევლინება. "შეწუხებული ვარ კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი ქმედებებით. იმ მეთოდების სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა, რომლითაც კონტროლის პალატა "საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ" კანონს აღასრულებს, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. იმედია, ეს მაინც გამოაფხიზლებს "მოგელაძეებს".

ვისაც "არიული თავი" არ ჰქონდა...

ნაცისტურ გერმანიაში მასობრივად იბარებდნენ მოქალაქეებს იმის დასადგენად, მიეკუთვნებოდნენ თუ არა ისინი არიულ რასას. უმოწმებდნენ თავის ქალას და ვისაც "არიული თავი" არ ჰქონდა, ახსნა-განმარტებას წერდა, სასწრაფოდ საბუთებს აგროვებდა, რომ "ჭეშმარიტი არიელობა" დაემტკიცებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გესტაპოს კლანჭებში ხვდებოდა.