"ხელისუფლებამ ყოფითი კორუფცია მოახრჩო, სამაგიეროდ ელიტური ყვავის" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ ყოფითი კორუფცია მოახრჩო, სამაგიეროდ ელიტური ყვავის"

მართალია, მეტი გახსნილობისთვის, სახელმწიფო უწყებებისთვის გამჭვირვალე შენობები შენდება, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გაუმჭვირვალე ხდება ის მექანიზმები, რითაც "მინის შენობებში" მსხდომნი სახელმწიფო სახსრებს განკარგავენ.კორუფციული გარიგებები, "ატკატები" და მალულად ჩატარებული სახელმწიფო ტენდერები - ბოლო დროს ასეთ ფაქტებზე ძირითადად მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ამახვილებენ ყურადღებას, სახელმწიფო მაკონტროლებლები კი რატომღაც დუმილს ამჯობინებენ, რაც მათი მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა კანონისა და უფლება-მოვალეობების უგულებელყოფა.

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში შემოგთავაზეთ კანონდარღვევით ჩატარებული ერთი ტენდერის დეტალები, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ერთ კონკრეტულ გამოცემას - გაზეთ "24 საათს" მოარგო და გამარჯვებულადაც გამოაცხადა. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" აწარმოა და გამოავლინა, რომ საჯარო რეესტრმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, სატენდერო პირობების დარღვევით, უქმეებზე გამოაცხადა, მოგვიანებით კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიც შეცვალა და ტენდერში გამარჯვებულს დაფინანსებაც კი გაუზარდა (სულ სატენდერო თანხამ 131.000 ლარი შეადგინა). ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ საჯარო რეესტრს ახალი ტენდერის ჩატარებით თავი აღარ შეუწუხებია და ახალი ხელშეკრულების საფუძველზე გაუგრძელა დაფინანსება შპს "მვპ"-ს, რომელიც გაზეთ "24 საათს" გამოსცემს. ამ სახელმწიფო სუბსიდიით კი სარეკლამო გაზეთის "საჯარო რეესტრის" გამომცემელიც გახდა.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ტენდერის ვადების დარღვევა ტექნიკურად შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი ტენდერი ცხადდება და მიმდინარეობს ელექტრონულად და თუ შემსყიდველი შეარჩევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე ნაკლებ პერიოდს, პროგრამა ავტომატურად ბლოკავს და არ აქვეყნებს ასეთ სატენდერო განცხადებებს. ამაზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. როგორც ჩანს, პროგრამა ვერ ცნობს ან განგებ არ ითვლის უქმეებს და პარასკევ საღამოს გამოცხადებული ტენდერი ორშაბათ დილით დასრულებულად ცხადდება.

რაც შეეხება ერთ კომპანიაზე მორგებულ პირობებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ორმა(!) პრეტენდენტმა მიიღო, რაც მათი მტკიცებით ადასტურებს, რომ სატენდერო პირობები იყო გამჭვირვალე და სამართლიანი(?!).

კახა კახიშვილი, იურისტი: "როცა კორუფციაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამი სახის კორუფცია გვხვდება: ყოფითი კორუფცია, ეკონომიკური კორუფცია და უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული გარიგებები. როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში კორუფცია აღარ არსებობს, მართალია, 2003 წლამდე არსებულთან შედარებით ყოფითი კორუფცია პრაქტიკულად აღმოფხვრილია, მაგრამ სახეზეა ელიტური კორუფცია, რომელიც სწორედ ასეთი ხელშეკრულებების, ტენდერების კანონდარღვევით ჩატარებას გულისხმობს და გამოძიებაში საფუძვლიან ეჭვებს ბადებს. კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ქრთამის აღებ-მიცემით. შესაძლებელია კორუფცია ატარებდეს სისტემურ ხასიათს. მაშინ, როცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ფონდიდან ბიუჯეტში შესული სახსრების, მათი ხარჯვის შესახებ, კერძო სუბიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ არის საჯარო და ა.შ. - ეს ყველაფერი სისტემურ კორუფციას წარმოშობს.

შრომის კოდექსში წერია, რომ უქმე დღეები არის შაბათი და კვირა. როცა საჯარო რეესტრი აცხადებს ტენდერს პარასკევ საღამოს, ფაქტობრივად ეწინააღმდეგება იმ კანონს, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ იბადება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე. როცა სატენდერო პირობებში წარმოდგენილია ერთი პირობა და კონკრეტული სუბიექტის გამარჯვების შემდეგ ეს პირობა მის სასიკეთოდ იცვლება, ესეც მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა საქმე სისტემურ კორუფციასთან გვქონდეს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხშირად ხდება - ტენდერში მონაწილე სუბიექტები სახელმწიფოს თავდაპირველად სთავაზობენ მომსახურებას ძალიან დაბალი თანხით, რაც ამ ტენდერში მათი გამარჯვების საფუძველი ხდება, შემდეგ კი ხელშეკრულება სხვა თანხაზე ფორმდება. წესით, მსგავსი ფაქტები საფუძვლიან ეჭვს უნდა ბადებდეს და საკმარისი საფუძველი იყოს სისხლისსამართლებრივი შესწავლის დასაწყებად, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება.

მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული მაგალითის გახსენებაც კმარა. გახსოვთ ალბათ "სიტი პარკთან" დაკავშირებული ამბავი, როცა თავიდან კომპანიამ განაცხადა, რომ წლიური გადასახადის - 25 ლარის დაწესებით შეძლებდა პარკირების ადგილების მოწესრიგებას. როცა გამარჯვებულად გამოცხადდა, აღმოჩნდა, რომ თურმე სათანადო ტექნიკური საშუალებები არ ჰყოფნიდათ  და მერიამ მიიღო გადაწყვეტილება პარკირების გადასახადი 50-ლარამდე გაზრდილიყო.

ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რომ თუ "სიტი პარკმა" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რატომ არ ამოქმედდა მის წინააღმდეგ შესაბამისი სანქციები, რომელიც მათი დარღვევისთვის იყო დაწესებული. რატომ წავიდა მერია საშეღავათო პირობებზე მაშინ, როცა სხვასთან შეწყვეტდა ხელშეკრულებას. სატელევიზიო ანძა ისე გაასხვისეს, რომ ტენდერზე გამოტანილი ობიექტის ფოტოც კი არ იყო მითითებული და გასაყიდი ობიექტი ისე იყო წარმოჩენილი, როგორც მიწის ნაკვეთი. მხოლოდ სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ ეს ის მიწის ნაკვეთი იყო, რომელზეც სატელევიზიო ანძა მდებარეობდა. იმავეს თქმა შეიძლება სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით, როცა ტენდერში გაიმარჯვეს, ამ ტენდერამდე სამი დღით ადრე შექმნილმა და ნულიანი ბალანსის მქონე კომპანიებმა. ყველა მოყვანილი ფაქტი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ კორუფციული სქემების არსებობაზე ვისაუბროთ, რაც ბუნებრივია, უნდა გახდეს სამართალდამცავების, კერძოდ, მთავარი პროკურატურის შესწავლის საგანი. ისევე, როგორც საჯარო რეესტრისა და გაზეთ "24 საათის" ურთიერთთანამშრომლობა.

საინტერესოა ისიც, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა გაზეთი "24 საათი". ეს დაახლოებით იმას ჰგავს, რომ გამოვაცხადო ტენდერი კონკრეტულ მომსახურებაზე და პირობებში მივუთითო, რომ კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას გამიწევს, აუცილებლად უნდა მდებარეობდეს თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო "მარიოტის" #365 ოთახში და აუცილებლად უნდა ჰყავდეს ქერათმიანი მდივანი.

რა თქმა უნდა აშკარაა, რომ საჯარო რეესტრმა ტენდერი გამოაცხადა ერთი ორგანიზაციისთვის. საინტერესოა, რის საფუძველზე მიიღო საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილება, დაფინანსება გაეზარდა "24 საათისთვის" და ამით ხელშეკრულების პირობები დაერღვია.

არც ამას დასჯერდნენ და შემდეგ ფაქტობრივად უტენდეროდ დადეს ხელშეკრულება. ხელისუფლების წევრებს რომ ჰკითხოთ, პირდაპირი შესყიდვის ფორმებს უკვე აღარ მიმართავენ და მეტი საჯაროობისთვის მხოლოდ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებს იყენებენ.

აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი, რა არის ამ პროექტის მიზანი. რატომ ხდება კონკრეტული პროდუქტის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან და შემდეგ მისი რეალიზაცია იმაზე იაფად, ვიდრე მისი გამოცემა უჯდება სახელმწიფოს (მით უმეტეს, რომ სარეკლამო გაზეთი "საჯარო რეესტრი" კი იბეჭდება, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება. - ავტ.), გამოდის, რომ თვეების განმავლობაში სახელმწიფო ზარალს განიცდის. წამგებიანი წინადადების დადება ნიშნავს არასწორ მენეჯმენტს, რაც დანაშაულია და ბადებს ეჭვს, ხომ არ სურს ვინმეს ამ წამგებიანი ხელშეკრულების პირობებში მიიღოს ე.წ. ატკატი? ეს თანხები მიდის ბიუჯეტიდან და ამ ბიუჯეტს კი ხალხი ავსებს. ჩვენ ხომ უნდა გვაინტერესებდეს, რამდენად ეფექტურად ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს. კონტროლის პალატა პარტიებს ლამის ყოველი ლარის დაფინანსების გამო ედავება და პირველ რიგში ასეთი ფაქტები უნდა შეისწავლოს. საბიუჯეტო თანხების ეფექტურად ხარჯვა კონტროლის პალატის მოვალეობაში შედის.

სწორედ ამ მაგალითების გათვალისწინებით ვითხოვთ შეიქმნას ქვეყანაში ანტიკორუფციული საბჭო, სადაც პარიტეტულ საწყისებზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული. ჩვენს პრეზიდენტს უყვარს ხოლმე სინგაპურთან შედარებების გაკეთება. სხვათა შორის, 1965 წელს, როცა სინგაპურმა მიიღო დამოუკიდებლობა, პირველი ორგანიზაცია, რომელიც შექმნა, დამოუკიდებელი მუდმივმოქმედი ავტონომიური ანტიკორუფციული საბჭო იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე პრეზიდენტმა, ჯეიმს მედისონმა თქვა: ადამიანების მართვა ანგელოზების ხელში რომ იყოს, ქვეყანაში არანაირი კორუფციის შემსწავლელი სამსახური არ იქნებოდა საჭირო, მაგრამ ვინაიდან ადამიანების მართვა ისევ ადამიანების ხელშია, ქვეყანაში უნდა იყოს ქმედითი საზოგადოებრივი კონტროლი, რადგან გარკვეული დროის შემდეგ მმართველები გრძნობენ თავს ინდულგენციის პირობებში".

P.S. დარღვევით ჩატარებული ტენდერის შეფასება საქართველოს კონტროლის პალატასა და მთავარ პროკურატურას ვთხოვეთ. ვიმედოვნებთ, საჯარო რეესტრისა და გაზეთ "24 საათის" ერთობლივი პროექტის, ტენდერისა და ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ მასალებს გაეცნობიან და მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით მომავალში შემოგთავაზებთ.