"ბევრი მოტრაბახე მინახავს ტრასიდან გადასული" - კვირის პალიტრა

"ბევრი მოტრაბახე მინახავს ტრასიდან გადასული"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ მაჭავარიანთან საუბარი მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნით დავიწყეთ:

- ზურაბ მელიქიშვილი კარგა ხანია ითხოვდა შეცვლას და გუნდმა გადაწყვიტა, მის ადგილას მე ვყოფილიყავი.

- ძიძიგურმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" საჭესთან გინდ მიხეილ მაჭავარიანი დააყენონ, გინდ მიხაილ შუმახერი, მაინც ვერ გაიმარჯვებენო.

- ბევრი მოტრაბახე მინახავს ტრასიდან გადასული...

- კონტროლის პალატის საქმიანობას აღმაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ელჩმა.

- აუცილებლად გავაკეთებთ დასკვნას ბატონი ბასის შეშფოთების გამო. ჩვენ გვაქვს კანონი "პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ". როდესაც პარტია ოფისებს ხსნის და ხარჯი არ არის ნაჩვენები ანგარიშში, ეს უნდა გაირკვეს. ვიღაცას თუ კონტროლის პალატის საქმიანობის ფორმაზე აქვს კითხვები, ამას გავარკვევთ, მაგრამ არავის ჰქონდეს ილუზია, რომ ჯიბიდან ამოიღებს ფულს და დახარჯავს, გინდ რუსული იყოს ეს ფული, გინდ ტაილანდური.

- ოპოზიციის შავ ფულზე ლაპარაკობთ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ასაბუთებს იმ 2 მილიონის წარმომავლობას, რაზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მიუთითა.

- ეს 2 მილიონი ოფისის რეალიზაციისგან მიღებული თანხაა, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე ჩვენი ოფისი გავყიდეთ.

- ამბობენ, "ქართულ ოცნებაში" თქვენი ძმაც აპირებს გაწევრებას.

- ეს სიმართლე არ არის!

- როგორ შეაფასებთ "მრეწველების" შესვლას ივანიშვილის კოალიციაში?

- ეს მათი არჩევანია და  ადასტურებს, როგორი ეკლექტიკური გაერთიანებაა "ქართული ოცნება". არ ვმალავ, რომ პირადი ურთიერთობა მაქვს ზურაბ ტყემალაძესთან, მაგრამ პოლიტიკური ერთობა რომ გვქონოდა, ერთ პარტიაში ვიქნებოდით. ისე გეტყვით, რომ ეგ ინფორმაცია არა მაქვს, ასე რომ ყოფილიყო, გავიგებდი.

- ეს ჩემთან საუბრისას გოგი თოფაძემ თქვა.

- ტყემალაძემაც დაგიდასტურათ? იქნებ გეკითხათ, პარტიის საქმეებით ის უფროა დაკავებული.

- როგორც ალასანია ამბობს, სამეგრელოში გასამხედროებული ფორმირებები შეუქმნია ხელისუფლებას.

- პოლიტიკოსმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი უნდა აგოს. დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი მტკიცებულებებსაც მოაყოლებს. ასეთი რამეების ჰაერზე ლაპარაკი არ შეიძლება. საქართველოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება არ არსებობს და ვერც იარსებებს. ეს ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ დავამთავრეთ საძმოებისა და "მხედრიონის" ეპოქა.