"არა მგონია, რომ მიშამ შემოდგომამდე გაძლოს" - კვირის პალიტრა

"არა მგონია, რომ მიშამ შემოდგომამდე გაძლოს"

"საჭესთან გინდ მიხეილ მაჭავარიანი დასვან, გინდ მიხაილ შუმახერი, მათ მანქანას არაფერი ეშველება"

"ბეჟაშვილი არის გესტაპოელ ნათია მოგელაძის კალთაზე გამოკერებული ჩინოვნიკი"

"ქართული ოცნების" საორგანიზაციო სამსახურის ხელმძღვანელის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჰგავს გაცვეთილ მანქანას, რომელსაც რაც უნდა ბევრი ბენზინი ჩაუსხა და კარგი საბურავები დაუყენო, მაინც ვერ გაუსწრებს იმ პოლიტიკურ მანქანას, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" ჰყავს. ზვიად ძიძიგურთან საუბარი კონტროლის პალატის კამპანიის შეფასებით დავიწყეთ:

- აქამდე ოპოზიციას რეგიონებში მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. ამ რთულ რეგიონებში ოპოზიცია ნაკლებად მუშაობდა. ახლა ეს ნაკლოვანება გამოსწორდება. ხელისუფლება ამის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიტომაც ხალხის აქტიურობის პარალიზება და ჩვენი აქტივისტების დაშინება გადაწყვიტა. ამ მიზნით დაიწყო კონტროლის პალატამ ეს უაზრო კამპანია. გამგეობებში პოლიციაა მობილიზებული. იმ ოთახის კართან, სადაც დაკითხვა მიმდინარეობს, 4-5 პოლიციელი დგას. ვითომ დაცვის მიზნით, სინამდვილეში - ზეწოლისათვის. ადვოკატებს, რომლებიც ე.წ. გასაუბრებაზე დაუშვეს, არ მისცეს საშუალება, საუბარი ჩაეწერათ. გაუგებარია, კონტროლის პალატის თანამშრომლებთან საუბარი რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული? რატომ არის საჭირო ამისათვის ადამიანების გაშიშვლება, თუკი ისინი უკანონობას არ სჩადიან? ვფიქრობ, ხელისუფლება ხვდება, რომ განწირულია, ამიტომაც მათგან კიდევ ბევრ სიურპრიზს ველოდები.

სრული იდიოტიზმია, დაჰკითხო რიგითი მოქალაქე პოლიტიკური ფინანსების სწორად თუ არასწორად გადინების დასადგენად. თუ ვინმეს აინტერესებს, კონსერვატიული პარტიის წევრები კანონიერად ხარჯავენ თუ არა პარტიულ თანხებს, ამისთვის უპირველესად მე, პარტიის თავმჯდომარეს უნდა დამელაპარაკონ. მე და თინა ხიდაშელმა გადავწყვიტეთ, პროტესტის ნიშნად შეგვეტანა თანხა კოალიცია "ქართული ოცნების" სახელზე. ჩემი დანაზოგი 12 ათასი ლარი შევიტანე "ქართული ოცნების" პოლიტიკური სუბიექტის, კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე სწორედ იმ მიზნით, რომ ბატონი ლევან ბეჟაშვილი ან ქალბატონი ნათია მოგელაძე დაინტერესდნენ, საიდან, რა მიზნით და საშუალებით შევწირე ეს თანხა. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაცხადებ, - ბეჟაშვილმა კონტროლის პალატა გადააქცია შს სამინისტროს, კუდ-ის, სოდ-ისა და რაც მთავარია, პროკურატურის დანამატ ორგანოდ.

ბეჟაშვილი არის გესტაპოელი მოგელაძის კალთაზე გამოკერებული ჩინოვნიკი, რომელიც უკანონობას სჩადის მსოფლიოს დასანახავად.

"ქართული ოცნების" კოალიციის ლიდერები შეხვდნენ საელჩოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და გადასცეს დოკუმენტაცია, რათა დაინახონ, როგორ ემზადებიან სააკაშვილი და მისი ხელისუფლება "დემოკრატიული" არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენ მხარში ვუდგავართ ჩვენს აქტივისტებს. გარწმუნებთ, ყველა იმ პირს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თვითონ ხელისუფლება მოუხდის ბოდიშს.

ჩვენ ვემზადებით არჩევნებში მილიონზე მეტი ხმის მისაღებად. მიშა ხვდება, რომ მისი საქმე ცუდად არის და განერვიულებულია. მისი სიშლეგის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს კონტროლის პალატა ასხამს ხორცს...

მიშას მმართველობის დროს არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა გამოცხადებულ ვადაში, მას ყოველთვის ემოციური ან პრაგმატული საფუძველი უჩნდებოდა თარიღის შესაცვლელად. ახლაც არა მგონია, რომ შემოდგომამდე გაძლოს. ამისთვისაც მზად ვიქნებით. აქტივობის პიკს მივაღწევთ არჩევნების წინ.

- საარჩევნო კომისიებში "ქართულ ოცნებას" ერთი კაცი ჰყავს თქვენი პარტიის კვოტით, 12 წევრი კი თქვენს წინააღმდეგ იქნება. ხმებს როგორ დაიცავთ?

- კომისიის წევრები მარტო არ იქნებიან, სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი გვაქვს, რომლებიც მრავლად იქნებიან წარმოდგენილი. არჩევანის დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ მიიღოს შედეგების დაცვაში მონაწილეობა. კოალიციას 100 ათასი კაცი გვეყოლება საარჩევნო სტრუქტურებში. ყველა უბანთან 20-30 ჩვენი აქტივისტი იქნება. უბნებში საკმარისად იქნებიან დამკვირვებლებიც, რათა ოქმების გადასწორება და ბიულეტენების ჩაყრა ვერ მოახერხონ. აღმოვფხვრით მახინჯ პრაქტიკას, როდესაც "ნაციონალების" მხარდამჭერები საარჩევნო უბანთან იკრიბებოდნენ და ოპოზიციის მხარდამჭერებს ემუქრებოდნენ, - დაფიქრდი, ვის მისცემ ხმას, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. აქამდე მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა სადარბაზოების მიხედვით ქვეკოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლის მობილიზაციაზე მუშაობდნენ, ამ პროგრამის რეალიზებას აპირებს "ქართული ოცნებაც". ვიმუშავებთ მარნეულსა და ნინოწმინდაშიც. არ ვაპირებთ აზერბაიჯანელი და სომეხი თანამოქალაქეების დატოვებას პრობლემების პირისპირ.

- რით ახსნით მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნას "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლად?

- ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით და ჩვენი რეგიონული პოლიტიკის საპასუხოდ გადაიყვანეს მაჭავარიანი გენმდივნის მოვალეობის შემსრულებლად. ფიქრობენ, რომ ის უფრო კარგად დაქოქავს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ორგანიზაციებს, მაგრამ მათი პოლიტიკური მანქანის საჭესთან გინდ მიხეილ მაჭავარიანი დასვან, გინდ მიხაილ შუმახერი, მათ მანქანას არაფერი ეშველება.