"მე ჩემს პარტიასთან ერთად მივალ კოალიციაში" - კვირის პალიტრა

"მე ჩემს პარტიასთან ერთად მივალ კოალიციაში"

"მოსალოდნელი რეპრესიებისთვის მეც მზად ვარ და ჩემი შვილებიც"

"მარტო არსად არ წავალ", - "კვირის პალიტრის" საშუალებით ასეთი პასუხი გასცა "მრეწველთა" ლიდერმა გოგი თოფაძემ მათ, რომელთა პროგნოზით "ყაზბეგის" პრეზიდენტი პარტიის გარეშე შეუერთდებოდა "ქართულ ოცნებას".

- პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენა ქვეყნის ბოლო შანსია. ხედავთ, რა პანიკა ატყდა მმართველ გუნდში? ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა სათავისოდ ჰქონდა მორგებული. ისინი აქამდე დაპირებებით კვებავდნენ ხალხს, მაგრამ ახლა მზრუნველის ნიღაბიც მოიხსნეს და ხალხის აზრი ფეხებზე ჰკიდიათ. ეს ტოტალიტარული რეჟიმი კი არა, უკვე ტირანიაა. ხალხის შეშინება, დაჭერა, მოწინააღმდეგეების დევნა ტირანული რეჟიმის ხელწერაა.  ტირანი ხელისუფლების ასეთ ქმედებებს შეიძლება ქვეყანაში სისხლის ღვრაც მოჰყვეს. ხელისუფლება იმდენად დაბნეულია, მისგან გონივრულ ნაბიჯს არ უნდა ელოდო...

- მას შემდეგ, რაც განაცხადეთ ივანიშვილის კოალიციაში შესვლაზე, მიდის განსჯა, თქვენ გახდებით მისი წევრი თუ პარტიასთან ერთად შეხვალთ?

- მე მაქვს ჩემი პარტია, მყავს თანამოაზრეები და ერთად მივალთ კოალიციაში. მე და ბიძინას განსხვავებული შეხედულებებიც გვაქვს, თუნდაც ნატოს საკითხზე, შეიძლება კოალიციის ზოგიერთი წევრის შეხედულებაც არ იყოს მისაღები, მაგრამ დღეს ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას და განსხვავებებზე ფიქრს წერტილი უნდა დავუსვათ. შემდგომი მოლაპარაკების თემა სტატუსის საკითხი იქნება. მე და ბიძინა მოვრიგდებით. ხომ ნახეთ, რა თქვა, თოფაძე ბიზნესმენია და ვზოგავდი, თორემ დარწმუნებული ვიყავი, ერთად ვიქნებოდითო. უკვე ვლაპარაკობთ მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევაზე.

- ანუ "მრეწველები" კოალიციის მეხუთე სუბიექტი იქნებით?

- რატომ მეხუთე? რადგან ახლა შევდივართ კოალიციაში, მეხუთე ვართ? შეიძლება კიდევ მოვიდეს ბევრი კოალიციაში, გამოჩენილი ადამიანები, სპორტსმენები, კულტურის მუშაკები. ბევრს პოლიტიკაში არ უნდა მოსვლა, მაგრამ მხარში დაუდგება ბიძინას.

- მსმენია, რომ კოალიციის წევრებს დიდად არ სიამოვნებთ ახალი სუბიექტების დამატება.

- იმათ რა სიამოვნებთ, არ ვიცი, მაგრამ ბიძინას რომ ძალიან უნდა ჩვენ ვიყოთ, ეგ ნაღდია. მე ბიძინასთან მივდივარ, მასში ვხედავ საქართველოს მხსნელს.

- ითქვა, რომ თქვენ მისი 12 მილიონი გმართებთ და ამიტომაც შეხვედით კოალიციაში.

- რაც "ქართუ" ბანკი შეიქმნა, ჩემი ყველა საწარმოს თუ სასტუმროს ანგარიში ამ ბანკში მაქვს. ზოგიერთივით არ გავქცეულვარ ბანკიდან. "ქართუს" ვალი 12 მლნ კი არა, 3 მლნ დოლარი მაქვს - 2 მლნ აქვს კომპანია "ყაზბეგს" და მილიონი - "თოლიას", რომელიც ბიძინამ ძალიან დაბალ ფასად დამითმო. სესხი გრაფიკით იფარება და მომავალ წელს ვალი აღარ გვექნება. "თოლია" მინიმალურ ფასად ბიძინამ ასეთი პირობით მომცა, - არ მინდა სხვის ხელში ჩავარდეს, შენ ამუშავებ, სხვამ კი შეიძლება ჯართად გაყიდოსო. შეღავათიანი სესხი მომცა, თუ "თოლიას" შენ ვერ ამუშავებ, ბანკი წაიღებსო. ვისაც სესხის ამბავი აინტერესებს, ვეტყვი, რომ ბიძინასთან ვალის გამო კი არა, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამო მივდივარ. ვიცნობ მის შესანიშნავ ოჯახს, მეუღლეს, დედას. მახსოვს, მამამისი როგორ მმასპინძლობდა საჩხერეში, ჭურის თავზე. ვიცი, ათას რამეს დაგვაბრალებენ. ზოგისთვის მტკივნეულია, რომ "მრეწველები" კოალიციას შეუერთდნენ.

- მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებაში" შეხვედით, გამორიცხავთ თქვენს კომპანიაზე შემოტევას?

- 7 წელიწადია ხელისუფლებისაგან ნაფერები ნამდვილად არა ვარ. სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ერთი წელიწადი ყველგან დავყავდი, მაგრამ მერე ჩემი შეხედულებები მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როდესაც კრიტიკული პოზიცია გამოვხატე, დაიწყო ობიექტების გაფრთხილება, "ყაზბეგის" პროდუქცია არ მიიღოთო. სასამართლო ერთხელაც ვერ მოვიგე. ბაკურიანში სასტუმროს ვაშენებ. დიდი შენობაა და იქ ორი წელია ბაკურიანის ყოფილი გამგებელი აბრამიშვილია უკანონოდ შეჭრილი. დიდი თანხა ჩავდე მის აშენებაში, მაგრამ ეს კაცი იქ არ გვიშვებს. მივწერე ბორჯომის პროკურატურას, პოლიციას, საგადასახადოს, რომ ეს კაცი ყაჩაღობს, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე, რადგან ამათი კაცი არა ვარ, ყოფილი გამგებელი კი - მათია.

იქ კაფე გახსნა, თხილამურებს აქირავებს. საქმე აღძრული მაქვს, მაგრამ ალბათ, სეზონი ისე გავა, არც განიხილავენ. ბაკურიანში ყოფილი ტურბაზის ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლს ვაშენებდი, დირექტორი დავნიშნე, მაგრამ მოიპარა ყველაფერი, იმდენი შეჭამა, რომ მის დამთავრებას ვეღარ მოახერხებდა და ეს ობიექტი ბანკმა წაიღო. კაცმა მილიონზე მეტი მომპარა და ხელს არავინ ჰკიდებს, რადგან ვიღაცის კაცია. "მრეწველებს" 20.000-ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრეს კლიპში სიმღერა "თბილისოს" ექვსწამიანი მონაკვეთის გამოყენებისთვის. ვიჩივლეთ, მაგრამ საქმე წავაგეთ, რადგან მოდავეც ვიღაცის კაცია. დღესაც 15-20 საქმე მაქვს სასამართლოში, მაგრამ ყველას რატომ ვაგებ?! მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებაში" შევედით, კიდევ ველოდები შემოტევას და უნდა ვიბრძოლოთ. აბა, Aასე რომ დავრჩეთ, ქვეყანა დაიღუპება. მოსალოდნელი რეპრესიებისთვის მეც მზად ვარ და ჩემი შვილებიც. ხალხს ვერ შეაჩერებენ, ბევრი დადგება ბიძინას მხარეს. პრეზიდენტი ახლა ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაზე, დღეს გაახსენდა სოფელი, როდესაც ბიძინამ თქვა, სოფლით დავიწყებ საქართველოს აღორძინებასო? ბიძინას ერთი ისეთი უპირატესობა აქვს, რომელსაც ვერაფერს დაუპირისპირებენ. სააკაშვილი ყველა არჩევნებზე დაპირებებს იძლევა და არ ასრულებს. Aამიტომაც მისი არავის სჯერა, ბიძინას კი ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს. რაც თქვა, ყველაფერს აკეთებს.