მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ჩემი შეშინებული ტელევიზორი

ეს ამბავი წინა ორშაბათს მოხდა. ჩემი ტელევიზორი მოულოდნელად შეტორტმანდა და გადმოვარდებოდა, ხელი რომ არ შემეშველებინა. ჯერ მიწისძვრა მეგონა და მაშინვე ჭაღს ავხედე, მაგრამ არც კი იძვროდა.  ეს მოვლენა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა. ტელევიზორი ყანყალს მაშინ იწყებდა, როდესაც საინფორმაციო გამოშვებები სააკაშვილის თელავში გამოსვლას გადმოსცემდნენ. რომ გითხრათ, ახალი ტელევიზორი მაქვს და სააკაშვილს ჯერ ვერ შეეჩვია-მეთქი, მოგატყუებთ. უკვე წელიწადზე მეტია, ჩვენს პრეზიდენტს იცნობს, ყოველდღე მის გამოსვლას გადმოსცემს და სად არ უნახავს ჩვენი პრეზიდენტი: მთაში, ბარში, წყალში, ჰაერში, ჰოდა, მისი ტრიბუნასთან დანახვა ასე რატომ შეაშინებდა ან განაცვიფრებდა? საღამოს ერთ-ერთ გამოშვებას ხმა ავუწიე... ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ მანამდე პრეზიდენტის გამოსვლებს უხმოდ "ვუსმენდი", რადგან ვფიქრობდი, ხმის აწევას რა აზრი აქვს, ისედაც ზეპირად ვიცი, რას იტყვის-მეთქი. რამდენჯერ უნდა მოვუსმინო ტირადას მუმიების შემოსევის შესახებ, ისტორიას ჩაბნელებული და დაქცეული საქართველოს შესახებ, იმ დროის არდაბრუნების სადღეგრძელოს, როდესაც ერთი მუჭა ხალხი სარგებლობდა ყველა სიკეთით... მოკლედ, ვფიქრობდი, ახალს რას იტყვის-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი.

ვერ დავიმახსოვრე, რომ ჩვენი პრეზიდენტისგან სიურპრიზებს მუდამ უნდა ელოდო: თუ შინაარსის მხრივ არა, ფორმის მხრივ  მაინც. როდესაც ბოლოს და ბოლოს, თელავში მისი გამოსვლა მოვისმინე, მივხვდი, ჩემი ტელევიზორი ასე რამ შეაშინა. დავინახე, როგორ დაჭყიტა თვალები, როგორ მობრიცა ტუჩები, ხელები ტრიბუნას ჩაავლო და აღრიალდა: "ადრე ისინი უყურებდნენ ხალხს ზემოდან ქვევით, ახლა კი ხალხს უნდა უყურონ მათ ქვევიდან ზევით!" მერე მიკროფონი კინაღამ მოგლიჯა. ვიფიქრე, რომ  ტრიბუნას აიღებდა, კამერების მიმართულებით ისროდა, თან იყვირებდა: "ამ ტრიბუნით გავსრეს ყველას, ვინც ჩვენს შავბნელ წარსულში დაბრუნებას მოისურვებს!" მაგრამ ეს აღარ უქნია, პირიქით, ისევე სწრაფად დაწყნარდა, როგორც აფეთქდა და სწორედ მაშინ დაემართა ფარცაგი საქმე ტელევიზორს, რადგან, როგორც გითხარით, ის სულ ერთი წლისაა და სააკაშვილის რევოლუციამდელი გამოსვლები არ უნახავს. მის ემოციურობას შეჩვეული როგორ არ არის, მაგრამ ასეთ ამბავს მაინც არ ელოდა და ამიტომაც დაფეთდა. Mმას შემდეგ ისე საცოდავად მიყურებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პრეზიდენტი გამოდის, ეკრანი ისე ებრიცება, თითქოს მემუდარება, თუ ძმა ხარ, სადმე სხვაგან გადამრთე, ამას კიდევ ერთხელ ნუ განმაცდევინებო. მაგრამ მე თხოვნას ვერ ვუსრულებ, რადგან სამსახურის გამო ამ გამოსვლებს თვალყური  უნდა ვადევნო. მხოლოდ ბოდიშს ვუხდი. სასიკეთოსაც ვერაფერს ვპირდები, რადგან არჩევნების მოახლოებასთან ერთად ასეთი შემთხვევები მოიმატებს და ვცდილობ, ყველაზე უარესისთვის მოვამზადო. ახლა ეს ერთადერთია, რაც შემიძლია გავუკეთო.

დამიბრუნეთ კორუფცია

მართალია, მანქანა მყავს, მაგრამ სამსახურში მაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ. მანქანა, ფაქტობრივად, მხოლოდ ოჯახის გადასაყვან საშუალებად ვაქციე და ამის მთავარი მიზეზი საწვავის ფასია. სპეციალურად დიზელზე მომუშავე ავტომობილი ვიყიდე, აქაოდა, ცოტას წვავსო, მაგრამ დიდი შეღავათი არ მიგრძნია. ახლა მის გაყიდვას, სხვა მანქანის ყიდვას და მის გაზზე გადაყვანას ვფიქრობ. მოკლედ, ათასნაირ გზას ვეძებ საწვავის ხარჯის შესამცირებლად. ასეა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა. საწვავის მაღალ ფასს ბევრი ექსპერტი კარტელურ შეთანხმებებს და ოლიგოპოლიებს უკავშირებს. მოკლედ, ამ თემაზე ჩვენს გაზეთშიც ბევრი დაწერილა და აღარ შევჩერდები, მაგრამ ის არგუმენტი, რითიც ხელისუფლება ხსნის საწვავის მაღალ ფასს, ალბათ, თქვენთვისაც ახალი და საინტერესო იქნება. მე ეს რომ წავიკითხე, დიდხანს მეგონა, მეჩვენება-მეთქი. მერე ძალიან გავბრაზდი, ბოლოს კი სიცილი ამიტყდა, რადგან სხვას ჩვენს ხელისუფლებას მაინც ვერაფერს გამოვრჩები. ერთი სიტყვით, ყურადღებით მოისმინეთ, რას ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. "ინტერპრესიუსი" იტყობინება: "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი საწვავის სიძვირეს ქვეყანაში დამარცხებულ კორუფციას უკავშირებს. საწვავის სიძვირეზე ოპოზიციის კრიტიკას ცისკარიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უპასუხა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოში გადასახადების ადმინისტრირება ხდება და გადასახადები მიდის ბიუჯეტში და არა - ჯიბეში. ცისკარიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტიდან არაერთი სოციალური პროგრამა ფინანსდება და ისევ მოსახლეობას ხმარდება. რაც შეეხება სომხეთში არსებულ დაბალ ფასებთან შედარებას, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არც ისეთი სერვისი და მომსახურებაა, როგორიც საქართველოში. ცისკარიშვილი ოპოზიციას ურჩევს, პარალელები ევროპასთან გაავლოს. "ევროპაში საწვავის ფასი კი შედარებით ძვირია. - იქაც მონოპოლიაა?" - განაცხადა ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ ევროპაში გადასახადებია უფრო ძვირი და ამიტომ, საწვავიც, საქართველოსთან შედარებით, ძვირია. "- საქართველოში საწვავი უფრო იაფი რომ იყოს, მაშინ უნდა იყოს კორუფციაც", - განაცხადა ცისკარიშვილმა."

მთელი ცხოვრება რაზეც ვოცნებობდი, ჩვენს ქვეყანაში კორუფციის დამარცხება იყო და ახლა ირკვევა, რომ კორუფციის დამარცხება უბრალო მოქალაქეებისთვის მხოლოდ საზიანო ყოფილა. ახლა უკვე სერიოზულად მაინტერესებს, რა სიკეთე მომიტანა მე კორუფციის დამარცხებამ? ცისკარიშვილი ამბობს, ბიუჯეტში მეტი თანხა შედის და ის თანხები შემდეგ სოციალურ პროგრამებზე იხარჯებაო. ჯერ ერთი, საკითხავია, ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება სოციალურ პროგრამებზე და არის თუ არა ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული და მეორეც: იმისთვის, რომ კორუფციის დამარცხების სიკეთე ვიგრძნო, მაინცდამაინც სოციალურად დაუცველი უნდა ვიყო, რომ მერე მათხოვრული დახმარება გამომიყონ? მაინტერესებს, ჩემი და ჩემნაირების, ანუ საშუალო ფენის ცხოვრება რითი გააუმჯობესა კორუფციის დამარცხებამ, თუ ჩვენთვის ყველაფერი გაძვირდა, კომუნალური გადასახადებით დაწყებული, საწვავით დამთავრებული? ჩემთვის რა შეიცვალა, გარდა იმისა, რომ კორუფციის დამარცხება ცხვირში ამომადინეს?! ვიდრე ამ კითხვის პასუხს არ მოვისმენ, ქვეყანაში კორუფციის დაბრუნებას ვითხოვ!..