"ხელისუფლების შეიარაღებული ბანდფორმირებები უკვე ყველა ქალაქსა და სოფელშია" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლების შეიარაღებული ბანდფორმირებები უკვე ყველა ქალაქსა და სოფელშია"

"სანამ ზუგდიდში ახალ ჰომსს მივიღებთ, გთხოვთ, ამ ყველაფერზე რეაგირება მოახდინოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის დრამატული მოვლენები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, თუ ეს ყველაფერი ოქტომბრამდე გაგრძელდება", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ სამეგრელოში იქმნება ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფებები, რომელთაც ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის გამოიყენებს:

"რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ იქმნება ნახევრად გასამხედროებული ჯგუფები, ვინ აიარაღებს მათ და რატომ არიან ისინი მუდმივად რაღაც მოვლენების მოლოდინში? ეს იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილი არ აპირებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ნიადაგს ამზადებს პოლიტიკური ოპოზიციის გასანადგურებლად, რადგან ჩვენ "სახელმწიფოს მტრები" ვართ და კრემლიდან ვიმართებით. სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტსა და რამდენიმე დღის წინ კახეთში, მიანიშნებს, რომ ის სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის ემზადება. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩაურევლად ძნელი იქნება კონფრონტაციის თავიდან აცილება, რომლის მოწმეებიც გავხდებით, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს. გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები ახლაც, ამ წუთებშიც არიან სამეგრელოში და თუ არჩევნების შედეგით უკმაყოფილო დარჩება, სააკაშვილი მათ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს. სააკაშვილს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. თუ ჩაკეტე სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისა და  სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მიიღებ ომს, მიიღებ სირიას და ჩრდილო აფრიკაში განვითარებულ მოვლენებს. აქეთ მიჰყავს სააკაშვილს სამოქალაქო საზოგადოება თავისი ისტერიით, თავისი დამფრთხალი ბუნებით და ამას ყველანი ერთად უნდა აღვუდგეთ წინ", - ირაკლი ალასანიას დიპლომატებთან გაკეთებულ ამ განცხადებას სამოქალაქო საზოგადოება "მშვიდობა საქართველოსთვის" გამოეხმაურა და მოითხოვა: "სასწრაფოდ გვაცნობეთ სად, საქართველოს რომელ რეგიონში იქმნება ასეთი დაჯგუფებები, ვინ არიან ორგანიზატორები, დამფინანსებლები ან წევრები. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებას დაუმალავთ და არ გაუმხელთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, ჩავთვლით, რომ იგივე პასუხისმგებლობა გეკისრებათ, რაც ამ დაჯგუფებების დამფუძნებლებს".

ირაკლი ალასანია ამ საკითხზე დაწვრილებით საუბარს ამ კვირაში აპირებს, მანამდე კი ზუგდიდში "დაიცავი საქართველოს" წევრს, კახა მიქაიას დავუკავშირდით:

- ალასანიამ რაც დიპლომატებთან განაცხადა, ახალი არ არის. ნებაყოფლობითი რეზერვის ეგიდით გასამხედროებული ფორმირებების ჩამოყალიბება დასრულდა. ამ პროცესში მონაწილეობდნენ ყოფილი მხედრიონელები, ყოფილი "ტყის ძმები" და რაც უნდა სამწუხარო იყოს, ე. წ. ზვიადისტები. ამ პროცესს ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.

- დღეს რას აკეთებენ ეს ფორმირებები?

- ჯერჯერობით ლოკალურად, ერთი ადგილიდან მეორეზე დადიან, მეტი არაფერი. შეიარაღებული ჯგუფები, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებს, ყველა ქალაქსა და სოფელშია. მივესალმები ირაკლი ალასანიას წყალობით ამ თემის აქტუალიზაციას, ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატიურ კორპუსთან ამ საკითხის დასმა. ვეთანხმები, რომ ამ ბანდფორმირებებით ხელისუფლება აუცილებლად წავა პროვოკაციებზე და არც სამოქალაქო დაპირისპირებას გამოვრიცხავ.

- რამდენკაციანია ეს დაჯგუფებები?

- ზოგ სოფელში ოცკაციანი, ზოგშიც - 40-იანი და კარგად არიან შეიარაღებული (საზოგადოებამ ისე არ გაიგოს, თითქოს ეს ხალხი იარაღით დადის ქუჩაში). მაგალითად, სოფელ შამგონაში არის 80-კაციანი ჯგუფი, რომელსაც ცნობილი კრიმინალი, ერთ დროს "ზვიადისტი" და შემდეგ სოდ-ის მუშაკი დემიკო გაბუნია ხელმძღვანელობს. დაჯგუფება ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეშ არსებობს და მიცემული აქვს ოფიციალური სახე. ვერავინ იტყვის, რომ ეს ბანდფორმირებაა, ვერც ვერავინ აღმოუჩენს იარაღს. ხელისუფლება არაფერს მოერიდება. შეიძლება ჩაშალოს არჩევნები, თუ მიხვდა, რომ წაგებულია, შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებაც.

- სამეგრელო აქამდე სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერ რეგიონად ითვლებოდა და რატომ გახდა საჭირო შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა?

- საინტერესო კითხვაა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ დიდი იმედი ჩაუსახა სამეგრელოს მოსახლეობას. ხელისუფლება შიშობს, რომ "ქართული ოცნების" გააქტიურებასთან ერთად შეიძლება შეიცვალოს ხალხის განწყობა და შემცირდეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა. ამიტომაც დაიჭირა თადარიგი, რომ რაც უნდა მოხდეს, მზად იყოს არჩევნებში ოპოზიციის დასამარცხებლად.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპირებულ ზონასთან ნებაყოფლობითი რეზერვი აუცილებელია სოფლებისა და ქალაქების დასაცავად და მას არავითარი კავშირი არა აქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან.

- დაჯგუფებებს, რომელთაც ნებაყოფლობითი რეზერვი ჰქვია, არაფერი აკავშირებს ტერიტორიების დაცვასთან. ნებაყოფლობითი რეზერვი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების და არა ტერიტორიების დასაცავად შექმნეს.

- სამეგრელოში კონტროლის პალატის ქმედების თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა. თქვენ რა ცნობები გაქვთ?

- ხელისუფლება და კონტროლის პალატა ძალიან თვითნებობენ სამეგრელოში. მოქალაქეებს დაკითხვაზე შეურაცხყოფენ, აღმაშფოთებელი ფაქტები მოხდა, მაგრამ რაც უნდა სამწუხარო იყოს, უნდა ვთქვა, - კოალიციამ ხელისუფლების თვითნებობას წინააღმდეგობა ვერ გაუწია სამეგრელოში, მათი აქტივისტები დაუცველები არიან. აქ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ხელისუფლების დამოკიდებულება კოალიციისადმი, რამდენადაც ის, თუ ხალხი როგორ შეხედავს მიმდინარე პროცესს და რა აზრი დაებადება. ვეჭვობ, რომ ისევ გამძაფრდება   ხალხში შიში და უიმედობა ხელისუფლების თვითნებობის გამო. სააკაშვილის მოძალადე ხელისუფლებასთან ბრძოლა ვერ მოიტანს შედეგს, თუ უფრო ქმედითი და აქტიური არ იქნება ოპოზიცია. ეს არის ხალხის მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციისაგან უფრო ძლიერ პოლიტიკურ სვლებს ელის. სააკაშვილმა და კონტროლის პალატამ გამიზნულად ყველაფერი გააკეთეს, რომ ამომრჩევლისთვის დაენახვებინათ, როგორ შეუძლია დაჩაგროს ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები.

- საზოგადოების ერთმა ჯგუფმა სამეგრელოში მოქმედი დაჯგუფებების ხელმძღვანელების ვინაობის დასახელება მოსთხოვა ალასანიას. ხომ არ იცით მათი სახელები?

- ირაკლი ალასანიას ჰაერზე არ ულაპარაკია... მე გეტყვით ამ ფორმირებების ხელმძღვანელების გვარებს: დემიკო გაბუნია ზემოთ დაგისახელეთ, ვახო ზარანდია, ანზორ ჩხეიძე და ფიგარო შონია.