"ეუთომ არ უნდა დააგვიანოს!" - კვირის პალიტრა

"ეუთომ არ უნდა დააგვიანოს!"

საზოგადოებრივი მოძრაობა - "ეს შენ გეხება" დღემდე აქტიურად ცდილობს პარლამენტთან მოლაპარაკებების შედეგად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების განეიტრალებას და კონტროლის პალატისთვის მინიჭებული განუსაზღვრელი უფლებების მოხსნას.ამასთან, ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გაერთიანება მოითხოვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი აწარმოოს ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფმაც. მათი განმარტებით, უცხოელები უმოკლეს დროში უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდებაო.

კამპანია, სახელწოდებით: "ეს შენ გეხება" აერთიანებს ფაქტობრივად მთელ სამოქალაქო სექტორს. რომელსაც უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და განუცხადა, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული ყოველგვარი პრობლემა მოიხსნება.

მაგდა პოპიაშვილი კოალიცია "არჩევნების თავისუფლებისთვის" წევრი, მოძრაობა "ეს შენ გეხებას" ერთ-ერთი ორგანიზატორი.

- ამ მოძრაობამ უკვე შედეგი გამოიღო, რაც ჩანს ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებაში. ამის გამო პარლამენტიც იძულებული გახდა, დაბრუნებოდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის განხილვას. თუმცა ეს არ არის საბოლოო შედეგი. წინა კვირას კიდევ ერთხელ შევხვდით პავლე  კუბლაშვილს იურიდიულ კომიტეტში. წინასწარი მონაცემებით, ორი მუხლის შეცვლის გარდა, ყველაფერზე მოდიან, მათ შორის, 26 პრიმა მუხლის შეცვლაზეც, რომლითაც გაუმართლებელი შეზღუდვებია დაწესებული პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

- საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ერევა მიმდინარე პროცესებში?

- "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი რომ არ ვარგოდა, ამის შესახებ განცხადება, ჯერ კიდევ კანონის მიღების პირველსავე დღეებში გააკეთა ჯონ ბასმა. თებერვალში იგივე განაცხადა საქართველოში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა. სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პოზიცია, რომ კანონი არ ვარგა, საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უხსნის ხელ-ფეხს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რაც მოძრაობამ გააკეთა, ეუთოსადმი მიმართვის სახით, ვითხოვთ საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი მონიტორინგის დაწყებას.

-  აქ ხომ ხელისუფლების თანხმობას აქვს მნიშვნელობა?

- დიახ, ხელისუფლებამ უნდა მოიწვიოს ეუთოს სადამკვირვებლო ჯგუფი საქართველოში, სხვანაირად თავისი ინიციატივით საქართველოში ვერ ჩამოვა ეუთო. არ ვიცი ეს რამდენად მოხერხდება, თუმცა, პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თვითონ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დააკვირდნენ წინასაარჩევნო პერიოდს. ჩვენ  ეს ფაქტორი გამოვიყენეთ ჩვენი ინიციატივის საფუძვლად. საარჩევნო გარემო უკვე  ძალიან მძიმეა და მას სჭირდება ძალიან კარგი მონიტორინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ ძალიან გაუჭირდება ვინმეს იმის თქმა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, დემოკრატიულ გარემოში. დამკვირვებლები უნდა ჩამოვიდნენ მაქსიმალურად მალე, იმის გამო, რომ აქ არაფორმალური საარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხნის დაწყებულია, გვაქვს ძალიან  მძიმე ვითარება რეგიონებში. კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი მასობრივი დაკითხვებიც მოწმობს ამას.

- არსებობს ბოლო ვადა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით?

- მომდევნო კვირაში უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები და გარკვეულ დათმობამდე მივიდეს პარლამენტი. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ კანონით, უკვე მზად გვაქვს საარჩევნო კოდექსში გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რასაც აუცილებლად წარვადგენთ პარლამენტში, რადგან მხოლოდ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონი არ ამძიმებს საარჩევნო გარემოს. ეს კანონი სწრაფად მოსაგვარებელია, რადგან მოქალაქეები იზღუდებიან მის გამო. პარლამენტთან შეთანხმების შემთხვევაში საგრძნობლად გაუმჯობესდება კანონი, რაც შეწყვეტს კონტროლის პალატის თარეშს და ნათია მოგელაძეს აღარ შეეძლება თავისი ნება-სურვილის გათვალისწინებით დაიბაროს, დაჰკითხოს და დააჯარიმოს კონკრეტული  ადამიანები და იურიდიული პირები.