"აქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს შინ ვიყო" - კვირის პალიტრა

"აქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს შინ ვიყო"

"ბეჭდური მედია გაცილებით პროფესიონალური და ინფორმაციულია, ვიდრე ელექტრონული მედია"

ისრაელის ელჩი ბატონი იცხაკ გერბერგი საქართველოში აგვისტოს ომის შემდგომ დღეებში ჩამოვიდა. თუმცა, მისთვის ომი უცხო არ ყოფილა. ჩვენდა გასაოცრად, მისი საყვარელი ხელოვანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. თუ როგორ უფრთხილდება 26-საუკუნოვან ურთიერთობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს,  ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ისრაელში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ხომ არ უბიძგებს ბევრ თქვენს თანამემამულეს, დატოვოს საკუთარი ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდეს?

- მგონია, რომ ადამიანი, რომელიც ისრაელში ცხოვრებას გადაწყვეტს, უკვე შეგუებულია იმ აზრს, რომ ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს და ამიტომაც ყველა ითვალისწინებს. გამოდის, ვინც ამ ნაბიჯს დგამს, ნამდვილად უღირს ისრაელში ცხოვრება და მზად არის, შეეგუოს არსებულ ვითარებას. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ.

- როგორც რიგითი უცხოელი მოქალაქე, რას ფიქრობთ საქართველოზე?

- სანამ აქ ჩამოვიდოდი, ხუთ აზიურ სახელმწიფოში ვმსახურობდი, ამიტომაც, ჩემთვის შედარების გაკეთება იოლია. თქვენი ქვეყანა საოცრად მომხიბვლელი და მეგობრულად განწყობილია. აქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს შინ ვიყო. თქვენ ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობთ და ამიტომაც, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ამ ორი რეგიონიდან საუკეთესო შეითვისოთ.

თქვენი კერძები საოცრად გემრიელია და ღვინო კი - ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში (ამას აღიარებს წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელიც თავად არის ღვინოებით განთქმული. - ავტ.). სუფრასთან  შეიძლება საათობით იჯდე და დაღლილობა ვერ იგრძნო, რადგან თამადა ისე წარმართავს სუფრას, რომ აღტაცებაში მოვდივარ.

- ქართულ კულტურაზე რას იტყოდით?

- შეყვარებული ვარ თქვენს კულტურაზე, რომელიც უმდიდრეს სპექტრს მოიცავს. აქ თავს იყრის ყველაფერი - არაჩვეულებრივი მუსიკა, ბალეტი, ლიტერატურა, თეატრი.…ვფიქრობ, რომ ყველა ამ სფეროში საოცრად წარმატებულები ხართ. მგონია, რომ ზოგადად ქართველებს სისხლში გაქვთ კულტურისადმი უდიდესი პატივისცემა. ძალიან კულტურული”ერი ხართ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

- საყვარელი ქართველი ხელოვანიც გეყოლებათ?

- ახლა ვფიქრობ, ნამდვილად გაგაკვირვებთ ჩემი პასუხი. ეს არც მეტი, არც ნაკლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. მას იერუსალიმშიც ვახლდი ოფიციალური ვიზიტისას. ის შესანიშნავი კომპოზიტორია. მისი დისკიც მაქვს საკუთარ კოლექციაში.

- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

- თხილამურებზე სრიალი მიყვარს და როცა ვიცლი, აუცილებლად ავდივარ  გუდაურში ან ბაკურიანში.

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- როგორც ყველა ელჩის გრაფიკი, ჩემი დღის განრიგიც ძალიან დატვირთულია. დღის განმავლობაში უამრავი შეხვედრა მაქვს. საქართველოში აკრედიტებული ელჩები ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში.

- ქართულ პენიტენციარულ სისტემაზე რას გვეტყვით...

- ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ რეფორმა ტარდება და მე მას თავიდან ბოლომდე მივესალმები.

- ქართულ მედიასივრცეზე რა წარმოდგენის ხართ?

- ბეჭდური მედია გაცილებით პროფესიონალური და ინფორმაციულია, ვიდრე ელექტრონული მედია. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი პრობლემაა, ქართულენოვან გაზეთებს რომ ვერ ვკითხულობ, მაგრამ თარგმანებს ვეცნობი, ვკითხულობ საქართველოში არსებულ ინგლისურენოვან პრესას და იქ გამოქვეყნებული პუბლიკაციები დადებით შთაბეჭდილებებს მიქმნიან.

- რას გვეტყოდით ებრაულ დიასპორაზე საქართველოში?

- ამჟამად, საქართველოში დაახლოებით ხუთი ათასი ებრაელი ცხოვრობს. ადრე მათი რიცხვი ასი ათასს აღწევდა. გამოდის, ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში 95 ათასი ქართველი ებრაელი დაუბრუნდა თავის ისტორიულ სამშობლოს.

ისრაელის სახელმწიფო ახალჩასულ ადამიანებს ადაპტაციისთვის უამრავ შეღავათს სთავაზობს, როგორიცაა მაგალითად   ებრაული ენის უფასოდ შესწავლა, ბინით უზრუნველყოფა და სხვ. ეს არა მხოლოდ საქართველოდან დაბრუნებულ ებრაელებს ეხებათ, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩასულებსაც - მოგეხსენებათ, ისრაელი უდიდესი იმიგრაციის ქვეყანაა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ებრაელები ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ ამ ქვეყანას. მინდა დავამატო, რომ კვირაში ხუთი პირდაპირი საჰაერო რეისი ხორციელდება თბილისი-თელავივის მიმართულებით, რაც ვფიქრობ, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბევრი ქართველი დაფრინავს ისრაელში.

მაკა ლომაძე

გაზეთი  Georgian Journal #11