კონტროლმანია - კვირის პალიტრა

კონტროლმანია

გაიცანით კაცი "საგვარეულო სანქციების მოლოდინში"

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კონტროლის პალატის დამოუკიდებლობა და ზეპარტიულობა ეჭვქვეშ დააყენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ უწყებას არ გამოუვლენია "ნაციონალებთან" "კავშირში მყოფი" ფიზიკური პირები ("ქართული ოცნების" აქტივისტების მსგავსად), არ დაუბარებია გამგეობებში და არ დაუკითხავს. უცნობია, რა ფინანსური შესაძლებლობის პირები აფინანსებენ "ნაცმოძრაობას" ან რიგითი მოქალაქეები რა ოდენობით გასამრჯელოს იღებენ "ნაცპარტიისთვის" სხვადასხვა მომსახურების გაწევის სანაცვლოდ? არადა, ცესკოში წარდგენილი ძველი ფინანსური ანგარიშების მიხედვით, მმართველ პარტიასთან არაერთი უხერხული კითხვა ჩნდება, არსებობს "გონივრული ეჭვი", რომ "ნაცმოძრაობის" დაფინანსებისა და ხარჯვის ნაწილში არსებული დარღვევები ერთბაშად ვერ აღმოიფხვრებოდა.

ცხადია, ექსპერიმენტს ვატარებთ და წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხის შემწირველთა ვინაობის დადგენას ვცდილობთ. სიებში ცნობილ გვარებს ვპოულობთ. კახა ბენდუქიძის, თემურ ჭყონიასა და სხვათა შეწირულობა "ნაციონალური მოძრაობის" ფონდში (2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე) 30 ათასს შეადგენს (ადრე, კანონით, ფიზიკურ პირს ამ თანხაზე მეტის შეწირვა არ შეეძლო; ამჟამად მაქსიმუმ 60 ათასი ლარის შეწირვა შეუძლია). "ნაციონალური მოძრაობის" შემწირველთა შორის გვხვდება უცნობი სახელებიც, რომელთა თანხები 3, 4, 5 ათასს არ აღემატება. თვალდახუჭული, ხელის დადების პრინციპით ვარჩევ რამდენიმე მოქალაქეს და მათი კოორდინატების დადგენას ვცდილობ. ამ მიზნით საინფორმაციო სამსახურს 08-ს ვუკავშირდები. უცნაურია, მაგრამ მეტწილად 08 მპასუხობს, რომ ამ მისამართზე ტელეფონის ნომერი საერთოდ არ ფიქსირდება (ქალაქის შიდა ქსელზეა ლაპარაკი). არადა, თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ "ფილანტროპთა" დადგენას ვცდილობ და წარმოუდგენელია, შინ ტელეფონი არ ჰქონდეთ.

ვრეკავ "ნაცპარტიის" დამფინანსებელთა სამეზობლოშიც ამა თუ იმ პირის კოორდინატების დასაზუსტებლად, მეუბნებიან, რომ მსგავს პერსონას საერთოდ არ იცნობენ(?!). ამ ექსპერიმენტის დროს მხოლოდ ერთ-ერთმა, თამარ მერმანიშვილმა აღიარა, რომ "ნაცპარტიის" ფონდში 30.000 ლარი გადარიცხა, თუმცა შემოსავლის წყარო არ დააზუსტა. სხვათა შორის, სამეწარმეო რეესტრშიც ვცადე თამარ მერმანიშვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. აღმოჩნდა, რომ მას ერთ-ერთი ფირმის, "ნიუ როუდ გრუპის" წილობრივი მონაცემების შესახებ რეესტრისთვის ინფორმაცია მოუთხოვია, თუმცა თანხა 15 ლარის ოდენობით არ (ან ვერ) გადაუხდია(?!). "ქალბატონო თამარ, კონტროლის პალატის წარმომადგენელი თუ შეგეკითხებათ, შეძლებთ მას დაუსაბუთოთ, საიდან გაქვთ ისეთი დიდი შემოსავალი, რომ 30 ათასი ლარის პარტიისთვის შეწირვა შეგიძლიათ?" - როცა ამ კითხვით მერმანიშვილს მივმართეთ, მოუცლელობა მოიმიზეზა და ტელეფონი გათიშა.

რაც შეეხება "ნაცმოძრაობის" ხარჯებს, ფინანსური ანგარიშების მიხედვით საკმაოდ დიდია მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც მომსახურების სანაცვლოდ მმართველი პარტიისგან გასამრჯელო მიიღეს. ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გადავამოწმეთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, ირკვევა, რომ 50-მდე საჩხერელს მმართველი პარტიისგან 80-80 და 100-100 ლარი აუღია. მათგან 15-თან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება შევძელით (ამ ეტაპზე გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, წინა ნომერში ორი პერსონის, ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილების, გიორგი და ბაქარ ივანიშვილების ვინაობა დავაზუსტეთ, რომლებმაც განაცხადეს, რომ "ნაცმოძრაობის" 80 ლარი თვალით არ უნახავთ). გამოკითხულ საჩხერელთაგან ყველამ აღიარა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სატრანსპორტო მომსახურება უფასოდ გაუწიეს, რამდენიმე მათგანმა თქვა, რომ სოფლიდან სოფელში გადაადგილებისას "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა 20 ლარის ბენზინი ჩაუსხეს. მოკლედ, ან ამ ხალხს უნდა დავუჯეროთ, ან ხელისუფლებას, რომლებიც სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ. ის, თუ ვის დაუჯერებს კონტროლის პალატა, ძნელი მისახვედრი არ არის.

ახლახან "კვირის პალიტრას" გორიდან დევნილი შალვა ცერცვაძე ესტუმრა:

- ხელისუფლებას უნდა ხალხი ცხვრის ფარად აქციოს, აზრის გამოხატვის უნარი დაუქვეითოს და აძახებინოს, საუკეთესოდ ვცხოვრობო. 12 მარტს გორის გამგეობაში დასაკითხად მეც დამიბარეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა საგულდაგულოდ გამჩხრიკეს. გარეთ გასვლა რომ დავაპირე, მიბრძანეს, არ გაინძრე, ერთ ადგილას იდექიო! ქურთუკი გავიხადე, რომლის ჯიბეშიც მობილური ტელეფონი მქონდა, გაჩხრეკის შემდეგ კი ისევ ჩავიცვი და დასაკითხად შევედი. ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა. კონტროლის პალატის თანამშრომელი გადაირია, როგორ თუ ტელეფონით შემოხვედიო! იცი, რა ორგანიზაციაში მოხვედი და ვისთან გაქვს საქმეო, მკითხა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაუძახა. რასაკვირველია, ტელეფონი ჩამომართვეს და მოგვიანებით დამიბრუნეს, მაგრამ იმ დღის შემდეგ, როცა მობილურზე ვლაპარაკობ, ჩემი ხმის ექო მესმის. ალბათ, მისმენენ. რაც შეეხება კონტროლის პალატის თანამშრომლის კითხვებს, ის დაინტერესდა, რას ვსაქმიანობ, რამდენი მაქვს შემოსავალი, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რატომ შევაგროვე ხელმოწერები, ამისთვის თანხა მომცეს თუ არა, "ქართული ოცნების" რომელ ოფისში ვიყავი და ა.შ. მინდა "კვირის პალიტრასთანაც" ვაღიარო ის, რაც კონტროლის პალატასთან "ვაღიარე": თავდაპირველად, ბიძინა ივანიშვილს სხვა პირის მეშვეობით შევუთვალე, იქნებ გორში მეფუტკრეობის დიდი მეურნეობის შექმნით ან რამე საწარმოს გახსნით დაინტერესდეთ, რაც ხალხს დაასაქმებს-მეთქი. უარი მივიღე, რადგან თურმე მოქმედი კანონით პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულ პირს ასეთი საქმიანობის უფლება არა აქვს. "ქართულ ოცნებას" სხვა თხოვნითაც მივმართე, - გორისჯვრის გზაზე ღვთისმშობლის ეკლესია აღსადგენია და მისასვლელი გზაც გასაკეთებელი. იქნებ ეს სამადლო საქმე გააკეთოთ-მეთქი. 400-500-მა კაცმა მოაწერა ხელი ამ თხოვნას. ამ ამბავმა სასწრაფოდ მიაღწია კონტროლის პალატის ყურამდე. მისმა წარმომადგენელმა მკითხა, რატომ სხვა ვინმეს არ მიმართე ეკლესიის აღდგენის მოთხოვნითო.

- არ უთქვამთ, ვისთვის უნდა მიგემართათ?

- არა. ვუთხარი, ეკლესიის თაობაზე არა, მაგრამ მეფუტკრეობის მეურნეობის გასამართად მიწის გამოყოფის მიზნით კი მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ შედეგი ვერ მივიღე-მეთქი. დევნილი კაცი ვარ, ეს საქმე მეხერხება, ბუნებრივია, 27-ლარიანი შემწეობით ვერ ვიცხოვრებ. გამაფრთხილეს, "ქართული ოცნებისგან" დახმარება არ მიიღო, თორემ ისეთ საჯარიმო სანქციას დაგიწესებთ, მთელი შენი საგვარეულოც ვერ გადაიხდისო. კი მაგრამ, რა დავაშავე?! არ ვიცი, რა წერია "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. თუ მაინცდამაინც ყველა კანონი ზეპირად უნდა ვიცოდე, კეთილი ინებოს სახელმწიფომ და სატელევიზიო ან საგაზეთო რეკლამებით უზრუნველყოს ეს!

და კიდევ, ახლა კაკო ბობოხიძე ამბობს, ხელისუფლება აშშ-ის ელჩისგან დირექტივებს ვერ მიიღებსო. არადა, ხელისუფლებისგან განწირულები ხშირად აშშ-ის საელჩოს დასაცავი ვხდებით. პირადად მქონდა ერთი ისეთი შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის საელჩომ დაჭერისგან გადამარჩინა. მაშინაც წინასაარჩვენო პერიოდი იყო, საინიციატივო ჯგუფი შევქმენი და მაჟორიტარული წესით კენჭისყრა დავაპირე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, შინ პოლიციელები შემომიცვივდნენ, ხელ-ბორკილის დადება და განყოფილებაში წაყვანა დამიპირეს, თან ჰქონდათ ერთ-ერთი ჩემი მეზობლის ჩვენება, სადაც ეწერა, შალვა ცერცვაძეს სახლში გაუფორმებელი იარაღი აქვსო. მეც ავდექი და ხერხს მივმართე, აშშ-ის საელჩოში დავრეკე და პირველივე მოპასუხეს ვუთხარი, პროვოკაციას მიწყობენ და იქნებ ჩემი ბედით დაინტერესდეთ-მეთქი. პასუხს აღარ დავლოდებივარ, რადგან ჩემმა მოქმედებამ გაჭრა, სამართალდამცავებს შეეშინდათ და შემეშვნენ, წასვლის წინ მომიბოდიშეს, თქვენმა მეზობელმა წერილი მოგვწერა და ვალდებული ვიყავით გარემოება გადაგვემოწმებინაო. ამით ამოიწურა ინციდენტი.

პუტინი ნაკლებს ხარჯავს?

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კამპანიაზე 400 მლნ რუბლი დაიხარჯა, რაც დაახლოებით (ამჟამინდელი კურსით) 21 მლნ 780 ათას ლარს უდრის. საქართველოში კი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაზე 22 მლნ 986 ათას 118 ლარი დაიხარჯა. რუსეთისა და საქართველოს მასშტაბებს, მოსახლეობის რაოდენობას ერთმანეთს თუ შევადარებთ, საქართველოში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია ბევრად ძვირად ღირებულია. თუმცა ექსპერტების ვარაუდით, პუტინი ამ ოფიციალური მონაცემით რეალურ ხარჯს არ ასახავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში "პარტიების დაფინანსების შესახებ" დრაკონული კანონების მიღების შემდეგ, მმართველი პარტიის ან მისი საპრეზიდენტო კანდიდატის ხარჯები ფინანსურ ანგარიშებში ხელოვნურად შემცირდება, ხოლო საბიუჯეტო სახსრებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები გაიზრდება.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)