"მე მხოლოდ ვიკითხე, ვინ არის ჯონ ბასი-მეთქი" - კვირის პალიტრა

"მე მხოლოდ ვიკითხე, ვინ არის ჯონ ბასი-მეთქი"

"მხარს ვუჭერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას"

"პენსიები არ გავზარდოთ იმის გამო, რომ წელს არჩევნებია?"

"ჯონ ბასი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს", - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის ამ განცხადებამ საზოგადოებაში დიდი მსჯელობა გამოიწვია. "კვირის პალიტრა" აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

- რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისათვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტის კრიტიკული განცხადება საელჩოების თაობაზე. თუმცა იქვე ითქვა, რადგან დასავლეთი საარჩევნო გარემოს გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს, პრეზიდენტმაც მხოლოდ ახლა ამიტომ შეამჩნია, რომ საელჩოებში ჩვენს მოქალაქეებს ზემოდან უყურებენო.

- ეს არის ოპოზიციის შეფასება, რომელიც მუდმივად ცდილობს ყველაფრისგან სკანდალი გამოადნოს. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს დაიცვას საქართველოს მოქალაქეების ინტერესი. ამიტომაც თქვა პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეებს არ შეიძლება უდიერად ეპყრობოდეს არა მარტო ქართული ბიუროკრატია, არამედ უცხოურიც, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებსო. რაც შეეხება საქართველოსა და მისი ხელისუფლებისთვის მხარდაჭერას, ეს აშკარად გამოჩნდა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებებში. ოპოზიცია ტყუილად ფიქრობს, რომ აქედან სკანდალს გამოადნობს.

აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებს აშშ-ის პრეზიდენტი და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

- მაგრამ საქართველოში აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენელზე თქვით, ვინ არის ბასი?

- მე მხოლოდ ვიკითხე, ვინ არის ქართველი ჟურნალისტებისა და ოპოზიციისთვის ჯონ ბასი-მეთქი. ის არის საქართველოს უფროსი თუ საქართველოში აშშ-ის ელჩი? მე ვთქვი, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას დირექტივებს ვერ მისცემს.

ჩვენი ოპოზიციის თითქმის 90% საქართველოს ხელისუფლების შეცვლის წყაროს საქართველოს გარეთ ხედავს და მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ გარე ძალასთან, რომელიც კი დაეხმარება საქართველოს ხელისუფლების შეცვლაში. ამისათვის კრემლში მისასვლელადაც კი არიან მზად. დღედაღამ მარჩიელობენ, სააკაშვილს ობამამ უთხრა თუ არა, წავიდეს, რომელ პარტიას უნდა გადააბაროს ხელისუფლება? არსებობს ორი ტიპის ქვეყნები: ერთნი არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დემოკრატიული სამყარო, რომლისთვისაც ხელისუფლების გადაბარება ნიშნავს ძალიან მარტივ რამეს, - ყოველი ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს პირდაპირი და დემოკრატიული არჩევნების გზით. ახალი პარლამენტი უნდა არჩეულ იქნეს სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნებით. არიან მეორე ტიპის ქვეყნები, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული მტერი - რუსეთი, რომლისთვისაც ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიულ არჩევნებს კი არა, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ის, ვინც მას უნდა. ეს არის განსხვავება, როდესაც დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი ამბობს სიტყვა "გადაბარებას" და როდესაც ამას ამბობს არადემოკრატიული ქვეყნის ლიდერი. ქართული ოპოზიციის შეფასება გადაბარების განმარტებაში ემთხვევა რუსეთისას. ისინი თვლიან, რომ გადაბარება მაინცდამაინც ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს რომელიღაც სხვა ძალა, მიუხედავად იმისა, თუ ვის დაუჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობა.

ვინ იქნება ახალ პარლამენტში, ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ოპოზიცია ამბობს, თუ ქართველი ხალხი აირჩევს სააკაშვილს, მნიშვნელობა არა აქვს, როგორი წესით აირჩევენ სააკაშვილს, ის მათთვის მიუღებელი იქნება. როდესაც ალასანია პოლიტიკაში დამოუკიდებელ ფიგურად გამოჩნდა, მაშინ ოპოზიციამ ხმების გავრცელება დაიწყო, ალასანიას კანდიდატურა შეთანხმებულია აშშ-თანო. ახლა ბიძინა ივანიშვილზე ცდილობენ იმავე პიარის აგორებას, რომ ივანიშვილის კანდიდატურა შეთანხმებულია აშშ-თან და დასავლეთთან. ტყუილად ათანხმებენ ვიღაცებთან ივანიშვილის კანდიდატურას. ვინ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, 2004 და 2008 წელსაც საქართველოს მოსახლეობამ განსაზღვრა და ასე იქნება 2013 წელსაც.

-  მას შემდეგ, რაც ჯორჯ ბუშმა და აშშ-ის ელჩმა ტეფტმა სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო  არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, ოპოზიციამ მეორე ტურის მოთხოვნა შეწყვიტა. აAი, ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ აშშ-ის მხარდაჭერას.

- მცდარია ოპოზიციის აზრი, რომ სხვამ უნდა გადაწყვიტოს მათი ბედი, მაშინაც, როდესაც ამის გამო იწყებენ აქტიურობას და მაშინაც, როდესაც ამ მოტივით აქტიურობას წყვეტენ. ოპოზიციამ მოსახლეობასთან მისასვლელი გზების ძებნაში უნდა იაქტიუროს და არა კრემლში სირბილში.

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ ოპოზიცია კრემლში მისასვლელ გზებს ეძებს?

- ოპოზიციას კრემლში მისასვლელი გზა უკვე გაჭრილი აქვს. ჰკითხეთ ეს სუბარს და უსუფაშვილს, რომლებიც იმაზე დაობდნენ, ალასანიას ლავროვთან შეხვედრა შემთხვევითი იყო თუ წინასწარ დაგეგმილი, ჰკითხეთ ეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ამბობს, რომ ალასანია შემთხვევით არ შეხვედრია ლავროვს.

- მაგრამ ივანიშვილს პრორუსულს რის საფუძველზე უწოდებს ხელისუფლება?

- "გაზპრომის", რომლის თითქმის სრული ნაციონალიზაცია მოახდინა რუსულმა სახელმწიფომ, კერძო სექტორი თითქმის  გააძევა. უფრო სწორად, კერძო სექტორს 5% აქვს დარჩენილი და აქედან 1% აქვს ივანიშვილს.  როდესაც ივანიშვილის ქონებას ყიდულობს მეორე რუსული სახელმწიფო კომპანია "როსნეფტი", რომელიც ასევე პოლიტიკური იარაღია რუსული სახელმწიფოს ხელში,  ეჭვი მიჩნდება.

- ეჭვები ოპოზიციასაც უჩნდება, თქვენ ზემოთ სამართლიან საარჩევნო გარემოზე ლაპარაკობდით და ოპოზიციას სწორედ ეს გარემო აშფოთებს.

- თავის დროზე, ოპოზიცია საქონელს უწოდებდა ქართველებს, 20 ლარად გაყიდეს ხმებიო. ჩვენ როდესაც ვამბობთ, შევზღუდოთ ფულის გავლენა საარჩევნო კამპანიის დროს, კივიან, რატომ გვზღუდავთო. თურმე ოპოზიციისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ მოსახლეობა ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს არ იღებდეს, არამედ მთავარია, თვითონ მისცეს ფული ხალხს და არა სხვამ.

- მაგრამ პენსიები რომ სექტემბრიდან იზრდება, დაზღვევაც რომ არჩევნების წინ გაახსენდა ხელისუფლებას, ესეც ცხადია.

- პენსიები ყოველწლიურად იზრდება და არა მხოლოდ არჩევნების წინ. პენსიები არ გავზარდოთ იმის გამო, რომ წელს არჩევნებია?

- გასულ კვირას ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა.

- ალასანიამ ეს ტყუილი იკადრა მინიმუმ სამი მოხმარების გამო: რა დოკუმენტებიც გადასცა უშიშროების საბჭოს, იქ ინფორმაცია არ არის ბანდფორმირებებზე. ალასანიამ ვინც დაასახელა, ერთ-ერთი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ის, რასაც აკეთებს. რაც კეთდება, არის ის, რომ ყალიბდება მოხალისეთა რეზერვი. ალასანიას  ეს განცხადება იქითკენ არის მიმართული, რომ  ხალხში ნებაყოფლობითი რეზერვის მიმართ უნდობლობა დანერგოს. მისი განცხადება განკუთვნილია ასევე დასავლეთისთვის იმის სათქმელად, რომ საქართველოში არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული. ალასანიას ეს განცხადება მესიჯიც არის ინვესტორებისთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელშიც იქნება ბანდფორმირებები, შეუძლებელია ბიზნესისთვის იყოს მოსაწონი. ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ალასანია ხაზს უსვამს, ბანდფორმირებები სამეგრელოში შეიქმნაო. ნებაყოფლობითი რეზერვი ოფიციალური სტრუქტურაა. რეზერვი მოქმედებს სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. როგორც ვიცი, არის 1200 სოფელში, მაგრამ ალასანია მაინცდამაინც სამეგრელოს გაიძახის. ეს პირდაპირ კავშირშია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ამასწინანდელ განცხადებასთან, საქართველოს ტერიტორიიდან ცეცხლი გაგვიხსნესო. ეს ემთხვევა იმას, რაც სურთ რუსეთსა და საოკუპაციო ხელისუფლებას.  ისინი ამზადებენ წინა პირობას, რომ რუსეთმა ყოველთვის დაგვადანაშაულოს, საქართველო ქმნის ბანდფორმირებებს, საქართველოში ტერორისტული ჯგუფებიაო და თითი გამოიშვირონ ქართული პოლიტიკური ძალებისკენ.

- ნებაყოფლობითი რეზერვის საჭიროება ახლა რატომ გაჩნდა, ომს ვიწყებთ თუ ბუნებრივ კატასტროფებს ველოდებით?

- ალასანიას და "ქართულ ოცნებას" შეუძლიათ მოუწოდონ თავიანთ მომხრეებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ათასობით არიან, ჩაეწერონ რეზერვში და ნახავენ, რომ ამ რეზერვში ადამიანებს არ იწვევენ პოლიტიკური ნიშნით.

- ჩვენი ხელისუფლება ამბობს, ტერიტორიებს მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთო და რა საჭიროა რეზერვის ასე გამალებით მომზადება?

- ეგ შეკითხვა მარტო რეზერვზე კი არა, ჯარზეც უამრავჯერ გაისმა. რა საჭიროა ჯარი, რუსეთს ომს მაინც ხომ ვერ მოვუგებთო. ილუზია არა გვაქვს, რომ რუსეთს ომს მოვუგებთ, მაგრამ ჯარი რომ არ ყოფილიყო, რომელმაც რუსული აგრესია რაღაც დროით შეაჩერა საქართველოში, უარესი გველოდა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ აგრესიის შესაჩერებლად ბერკეტები ამოქმედებულიყო.

- NDI- ის მონაცემებით, მოსახლეობის 70% მხარს უჭერს თქვენ მიერ პრორუსად გამოცხადებული ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას...

- მეც მხარს ვუჭერ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, რომ არჩევნებზე დავამარცხო, რათა რუსეთს გაუქრეს ილუზია, რომ საქართველოში შეძლებს თავისი "ნამესტნიკის" დასმას.

- შემოდგომაზე "პუტინს" კახეთის ქუჩებში შევხვდებითო, რომ ბრძანა პრეზიდენტმა, რა იგულისხმა.

- ვფიქრობ, პრეზიდენტი გულისხმობდა იმას, რომ პუტინმა თვითონ გამოაცხადა შეჯიბრება საქართველოს ხელისუფლებასთან მომავალ არჩევნებზე. ჩვენ რეალურად მოგვიწევს არჩევნებში კონკურენცია არა ქართულ პოლიტიკურ ძალებთან, არამედ რუსულ პოლიტიკურ ფულთან და აქედან გამომდინარე, მის წარმომადგენელთან. ვგონებ, ეს არავინ გაიგო ისე, რომ პუტინი კახეთში ჩამოვა.

- ხელისუფლება ისეთ არჩევნებს ჩაატარებს, რომ სალაპარაკო აღარ ექნება არც ოპოზიციას და არც დასავლეთს?

- 1990 წლიდან ყველა პარლამენტში ვიყავი და მხოლოდ ახლა ვარ ხელისუფლებისგან დასახელებით გასული. ყველა არჩევნები მოგებული მაქვს, როგორც  ოპოზიციონერს. ვიღაც უცხოელი კეთილი ძიას დახმარებით საქართველოში არჩევნებს ვერავინ მოიგებს და ნუ დააბრალებენ ამას საარჩევნო გარემოს, დააბრალონ საკუთარ თავს. ოპოზიციას რომ ვუყურებ, ოსტაპ ბენდერის ცნობილი ფრაზა მახსენდება: "ზაპად ნამ პამოჟეტ". დასავლეთის აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გადაწყვეტილებას ამ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა მიიღებს.