"ევრაზიულ კავშირზე საუბარი მხოლოდ სიტყვის მასალა იყო" - კვირის პალიტრა

"ევრაზიულ კავშირზე საუბარი მხოლოდ სიტყვის მასალა იყო"

"რუსეთს დასავლეთთან და ამერიკასთან სიტყვიერად ცუდი, რეალურად კი კარგი ურთიერთობები ექნება"

"ეს თამაშები არ დასრულდება, სანამ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილია, რუსეთისა კი პუტინი"

"ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება შეუძლებელია"

"კვირის პალიტრა" ესაუბრა პოლიტოლოგს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორსა და რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრს, ნიკოლაი სვანიძეს.

- პრეზიდენტმა მედვედევმა აფხაზეთში თავის საგანგებო წარმომადგენლად დანიშნა კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი, სამხრეთ ოსეთში - ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი, ხოლო დნესტრისპირეთში - რუსეთის ახალარჩეული ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი. რას უკავშირდება ეს დანიშვნები?

- განსაკუთრებულს არაფერს. ეტყობა, როგოზინის დანიშვნა პუტინის სურვილი იყო. იგი ახლახან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საკითხებში რუსეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა და დიდი უფლებამოსილება აქვს. დანარჩენების კანდიდატურები სოხუმსა და ცხინვალთან იქნებოდა შეთანხმებული.

- აფხაზურმა და სამხრეთოსურმა საზოგადოებამ ეს დანიშვნები არცთუ კარგად აღიქვა...

- არც არის გასაკვირი. მას შემდეგ, რაც კრემლმა სამხრეთ ოსეთის არჩევნებში გამარჯვებული პრორუსული ორიენტაციის ალა ჯიოევას გაპრეზიდენტება არ დაუშვა, ადგილობრივ ელიტაში განხეთქილება მოხდა. ცხადია, შეუძლებელია, ამის შემდეგ კრემლის ნებისმიერ გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის საზოგადოება გაგებით შეხვედროდა.

აფხაზეთს შეუძლია იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი და არც ცდილობს რუსეთთან ჩახუტებას და თუ მოინდომებს, თავისი საკურორტო ზონის ევროპული დონის კურორტად ქცევას ადვილად მოახერხებს.

- ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრემლის წარმომადგენლად მამსუროვის დანიშვნა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გასაერთიანებლად გადადგმული ნაბიჯია?

- ჩემი აზრით, ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება შეუძლებელია. თუ რუსეთმა ეს გააკეთა, ამ ნაბიჯს საერთაშორისო საზოგადოების არასასურველი რეაქცია მოჰყვება. ვფიქრობ, ამაზე ახლა სერიოზულად საუბარი არ შეიძლება!

- დსთ-ის ლიდერებთან უკანასკნელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა: ვინც ევრაზიულ კავშირში შესვლაზე არ იფიქრებს, პრობლემები შეექმნებაო. რა პრობლემები უნდა ეგულისხმა რუსეთის პრეზიდენტს?

- თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ისეთივე დესტრუქციული საქციელი იქნებოდა, როგორიც 2008-ში იყო.

რუსეთს, საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული ვითარება აშფოთებს. ერთი მხრივ, ის შეეცდება, მათ შორის სამშვიდობო საქმიანობის გააქტიურებას, თუმცა, მცდელობას შედეგი არ მოჰყვება; მეორე მხრივ, ორივესგან განზე გადგება, რათა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შემთხვევაში თავად არ აღმოჩნდეს კონფლიქტში ჩართული.

- რუსულ მედიასა და საექსპერტო წრეებში ამბობენ კრემლს საქართველოსთან დაკავშირებით სავარაუდო გეგმა აქვსო...

- საქართველომ ევრაზიულ კავშირზე უარიც რომ თქვას, მოსკოვი ხმას არ ამოიღებს. ჩემი დაკვირვებით, ამაზე საუბრის დაწყება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. რუსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილში პოპულარულია საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეა და პუტინმა ეს თემა მათი გულის მოსაგებად გააჟღერა. პუტინი საბჭოთა კავშირის მსგავსი ევრაზიული კავშირის შესაქმნელად რეალურად არაფერს გააკეთებს. ეს რუსეთს არ სჭირდება, ვინაიდან კოლოსალური ხარჯების გაწევა მოუწევს. ამას არც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დათანხმდებიან. ამიტომაც ვფიქრობ, რომ საბჭოთა კავშირის მსგავს ევრაზიულ კავშირზე საუბარი მხოლოდ სიტყვის მასალა იყო.

- საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი კი გააუქმა, მაგრამ მოსკოვმა თბილისის ამ ნაბიჯს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გაუქმების მოთხოვნით უპასუხა. რატომ იყო მოსკოვის პასუხი ასეთი ხისტი?

- ეს ნორმალური და, გარკვეულწილად, გონივრული პოლიტიკური თამაშია. ერთი მხრივ, ყველას ესმის, რომ რუსეთმა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რომ შესთავაზოს, თბილისი ამას არ მიიღებს, ვინაიდან, ეს მისგან თავისი ტერიტორიების დაკარგვის აღიარება იქნება. მეორე მხრივ, ვისაც ეს არ ესმის (უბრალო ხალხს ვგულისხმობ), მათზე მოსკოვის შეთავაზება კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. მოსკოვი, ხისტი პოზიციით, უბრალო ხალხს, რუსეთშიც და საქართველოშიც, ეუბნება, - ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობაში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილიაო.

ორივე მხარე პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით თბილისმა მოსკოვს უთხრა, - მე ნაბიჯი გადავდგი, ახლა შენი ჯერიაო. რუსეთმა უპასუხა, - ჩვენ მზადა ვართ ორი ნაბიჯის გადასადგმელად, თქვენ კი უარს ამბობთო. ეს დიპლომატიური თამაშები მანამდე არ დასრულდება, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილია, რუსეთისა კი პუტინი.

- როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთში არსებულ ვითარებას? როგორ საშინაო და საგარეო პოლიტიკას გაატარებს მესამედ გაპრეზიდენტების შემდეგ პუტინი?

- დასავლეთთან და აშშ-თან რუსეთი სიტყვიერად საკმაოდ მკაცრი იქნება, რეალურად კი ასე არ მოიქცევა, რადგან ამის არც რესურსი და, რაც მთავარია, საფუძველიც არ აქვს. მოსკოვს მათთან რეალური წინააღმდეგობები არა აქვს. ის დაინტერესებულია აშშ-ის ავღანეთში ყოფნითა და დარჩენით.

თუ აშშ ავღანეთიდან გავა, თალიბები ხელისუფლებაში მოვლენ, ტაჯიკეთის გავლით მათ რუსეთისკენ გზა გაეხსნებათ და რუსეთი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.

გარდა ამისა, მოსკოვი დაინტერესებულია აშშ-სა და ირანს შორის იმგვარი დაძაბული ურთიერთობით, რომ ეს მას არ ეხებოდეს. რა თქმა უნდა, რუსეთს არ სურს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ამიტომაც ვამბობ, რუსეთს დასავლეთთან და აშშ-თან სიტყვიერად ცუდი, რეალურად კი კარგი ურთიერთობა ექნება-მეთქი.

კობა ბენდელიანი