მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

მარტოობის ასი წელიწადი

თქვენი არ ვიცი და მე ნათია მოგელაძეს მხოლოდ თანავუგრძნობ. ხელისუფლებამ ის გაიმეტა, აბსოლუტურად გამოუცდელი ადამიანი პირდაპირ ბრძოლის ქარცეცხლში შეაგდო, ის ფლანგი ჩააბარა, საიდანაც თურმე ხელისუფლება მთავარ შეტევას გეგმავდა. ბუნებრივია, მთავარი დარტყმაც მოგელაძემ მიიღო და რამდენიმე დღეში მოხდა მისი დემონიზაცია, - უცებ შეიქმნა ახალი ურჩხული და საფრთხობელა. ბოლოს, როგორც იქნა, ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ ქალის კალთის ამოფარება მთლად კარგი საქციელი არ იყო და კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილიც გამოაჩინეს. აქამდე თითქოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე არც არსებობდა, ყველაფერზე განცხადებებს მოგელაძეს აკეთებინებდნენ, წინა კვირას კი იკადრა ბეჟაშვილმა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე მივიდა და სწორედ იქ თქვა ის ფრაზა, რომელმაც მის მიმართაც თანაგრძნობით განმაწყო, - პარტიების ფინანსურ გაუმჭვირვალობასთან ბრძოლაში კონტროლის პალატა მარტოაო.

ეს რომ წავიკითხე, გული მომიკვდა, შემეკუმშა და დამეწურა. თურმე ამ ხალხს გვერდში დგომა სჭირდება, ჩვენ კიდევ მათი განკითხვის მეტს არაფერს ვაკეთებთ. ასე არ შეიძლება. მერე აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ მარტოობა, არამედ "შინაგანი უკმაყოფილებაც" უგრძნია. სწორედ ასე თქვა: "გარკვეული შინაგანი უკმაყოფილება მაქვს, რადგან ვფიქრობ, წინასწარ რომ გაგვეკეთებინა განცხადება საჯაროდ, თუ რის გაკეთებას აპირებს კონტროლის პალატა და რა მიზნით, შესაძლოა კონტროლის პალატის რიგით ქმედებებს რეგიონში ასეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლოდა". სულ ეს იყო. საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობა ლამის გაეროს უშიშროების საბჭოს მსჯელობის საგანი გახდეს და მისი ხელმძღვანელი მხოლოდ "მარტოობასა და შინაგან უკმაყოფილებას" გრძნობს. როგორია?! ვფიქრობ, გადასარევი! შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენ მსოფლიოში კონტროლის პალატის ყველაზე მგრძნობიარე თავმჯდომარე გვყავს. არადა, ბეჟაშვილმა კარგად დაიწყო, მქონდა შეგრძნება, რომ მართლა შევძლებდით ჩვენი კონტროლის პალატით გვეამაყა. რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაში ჩატარებული ობიექტური შემოწმების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ კონტროლის პალატა დამოუკიდებელ სტრუქტურად ყალიბდებოდა, თუმცა... თუმცა ხელისუფლებას დასჭირდა და ეს მითი ერთი ხელის მოსმით დაანგრია. ახლა საიდანაც უნდა მიუდგე საკითხს, კონტროლის პალატის იმიჯი უკვე ძალიან, ძალიან შელახულია.

ასეთ სიტუაციაში სიმართლე გითხრათ, მეც მექნებოდა შინაგანი უკმაყოფილების განცდა და მეც ვიგრძნობდი მარტოობას, ხოლო თუ ბატონი ბეჟაშვილი, როდესაც მარტოობაზე ლაპარაკობდა, იმას გულისხმობდა, რომ მათ საქმიანობას საზოგადოება მხარს უჭერს, ეს მართლაც უნდა იყოს მათთვის მრავლისმეტყველი ფაქტი. არადა, სათაურიდან გამომდინარე, ეს სტატია, ალბათ, ასე უნდა დაგვეწყო: გავა დრო და პროკურორი ნათია მოგელაძე გაიხსენებს, როგორ მიიყვანა ადეიშვილმა პირველად კონტროლის პალატაში.

ომი საკაბელოებით

საქართველოში რისი ომი აღარ მინახავს, მაგრამ საკაბელო ტელევიზიებით ომს თუ მოვესწრებოდი, ვერ წარმომედგინა. ვინც საქმის კურსში არაა, მოკლედ ვეტყვი: ბიძინა ივანიშვილის ძმის საკაბელო ტელევიზიას - "გლობალ-TV"-ს "იმედმა" და "რუსთავი 2"-მა პაკეტიდან მათი არხების ამოღება მოსთხოვეს. გაჩნდა ეჭვი, რომ ამის მიზანი ამ საკაბელოს დაძირვაა, რადგან ვისაც "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის ყურება უნდა, სხვა საკაბელოებზე გადავა. ეჭვი საფუძველს მოკლებული სულაც არ მოგეჩვენებათ, თუ გაითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ სულ მალე, ალბათ, ეს საკაბელო თავის აბონენტებს ივანიშვილის ტელევიზიის, "მეცხრე არხის" სიგნალს მიაწვდის. თუმცა, ეს ომი ამით არ დაწყებულა. რამდენიმე კომპანიამ, რომლებიც ასევე სხვადასხვა არხის რეტრანსლირებით არიან დაკავებული, კერძოდ კი "სილქ-TV"-მ, "კავკასუსმა" და სხვადასხვა რეგიონულმა საკაბელომ თავიანთი პაკეტებიდან "მაესტრო" ამოიღეს. გავრისკავ და გავაკეთებ პროგნოზს, რომ ისინი არც ივანიშვილის "მეცხრე არხს" გაუშვებენ. შედეგად ასეთ სურათს ვიღებთ: ქვეყანაში მართლაც არის რამდენიმე დამოუკიდებელი ტელევიზია, მაგრამ მათი ყურების საშუალება მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს, სამაგიეროდ, ხელისუფლებას აქვს საშუალება უცხოელებს უთხრას, რომ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი ტელევიზიები "მაესტრო", "კავკასია", "მეცხრე არხი" და ეს უტყუარი ფაქტი იქნება. "რუსთავი 2"-ც და "იმედიც" კერძო კომპანიებია და ვერაფერს დაავალდებულებ. ასევე არაფერს ავალდებულებს კანონი საკაბელო არხებს. მოკლედ, საბოლოოდ ვიღებთ სიტუაციას, როდესაც დამოუკიდებელი ტელევიზიები მეფის შიშველ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს თუ ასრულებენ, თორემ პროპაგანდით გაჯერებული საინფორმაციო სივრცის გარღვევაზე ლაპარაკი ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ომი "ლაიკებით"

კიდევ ერთი უცნაური ომი ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გაჩაღდა. მოგეხსენებათ, "ფეისბუკში" თავიანთი ოფიციალური გვერდები აქვთ როგორც პრეზიდენტს, ისე ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მომხმარებელს შეუძლია ეს გვერდი მოიწონოს, ანუ "დაალაიკოს". გვერდის პოპულარობა სწორედ იმით იზომება, თუ რამდენი "ლაიკი" აქვს. ჰოდა, ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა, აქაოდა, პრეზიდენტის "ლაიკების" რაოდენობამ ერთ დღე-ღამეში ისე მოიმატა, რომ ბუნებრივი მატების ჩარჩოებს გასცდა, Aანუ პრეზიდენტი "ლაიკებს" აყალბებსო, Eაქ რას შვრება და ნამდვილ არჩევნებზე რას იზამსო. ანალოგიური ბრალდებები წამოვიდა მეორე მხრიდანაც. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ივანიშვილის გვერდი 107 ათას კაცს აქვს მოწონებული, ხოლო პრეზიდენტისა - 132776-ს. მოკლედ, ჯერ პრეზიდენტი ლიდერობს. საბოლოოდ რა მოხდება, ჯერ არავინ იცის, თუმცა საინტერესო კი იქნება, ვინ გახდება "ლაიკების მეფე". მიდით, ბიჭებო, ერთმანეთს არაფერი დაუთმოთ. "ლაიკი" "ლაიკის" წილ. ხომ გაგიგონიათ, "ნაკლებლაიკიანი" თხა მგელმა შეჭამაო.