სახიფათო თამაში!.. - კვირის პალიტრა

სახიფათო თამაში!..

"შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა შიშის დათესვას უკავშირდება"

დიდი ხანია ოპოზიციურ პარტიებს სიტუაციის დაძაბვისა და დაპირისპირების განცდა გაუჩნდათ. ამის თაობაზე გასულ კვირას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ხელისუფლება შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის. "ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯღავას, ზვიად  გაგუასა და დავით დარსმელიძეს. ეს ის პირები არიან, რომლებიც სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურას წარმოადგენენ, ისინი აკონტროლებენ, აფინანსებენ შეიარაღებულ ფორმირებებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრმა ალასანიას განცხადებას "ბოდვა" უწოდა, ოპოზიციის ლიდერმა კი "პრევენციული წერილი" ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასცა. "კვირის პალიტრას" ომის ვეტერანი, გვარდიის მაიორი მალხაზ თოფურია ესაუბრა.

- ზუგდიდში განსაკუთრებული აქტიურობაა, რაც საფრთხის მანიშნებელი მგონია, რადგან ეს ახალაიების კლანური მმართველობის კონტროლირებადი ქალაქია. ახლახან "ნაციონალური მოძრაობის" მთავარმა "სპიკერმა" ნუგზარ წიკლაურმა ბრძანა, რომ ახალი ტიპის ნებაყოფლობითი რეზერვისთვის ჯერ არც ბიუჯეტია დამტკიცებული და არც კანონში მიუღიათ ცვლილება. ალბათ, წიკლაურს ეგონა, რომ  ბრძნული რამ თქვა და ხალხში აჟიოტაჟი დააცხრო. სინამდვილეში კი იმაზე უარესად გვქონია საქმე, ვიდრე გვეგონა. საქართველოს ზოგ რეგიონში ყალიბდება სრულიად გაურკვეველი, უბიუჯეტო ფორმირებები, რომლებიც იკრიბებიან კერძო სახლებში, ერთად ცხოვრობენ, პროდუქტებს ყიდულობენ... საინტერესოა, რა ფულით? თანაც მათი თავყრილობის მიზანი გაურკვეველია.

- ეს ხალხი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან თუ ნებაყოფლობითი რეზერვისთვის გასაწვრთნელად შერჩეული პირები?

- როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არ არიან, რეზერვისტებადაც ვერ ჩავთვლი, რადგან საკმაოდ გამოწრთობილი და საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანები შევნიშნე. ვფიქრობ, იმ ხალხის თავშეყრა შიშის დათესვას უკავშირდება. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაჯგუფებები მერაბიშვილის კონტროლირებული ძალების დასაბალანსებლადაც შეიქმნა.

- თავდაცვის შეიარაღებული ძალების თანამშრომლები მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ახალი ტიპის ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, თუნდაც სტიქიური უბედურებების დროს მეტ მობილიზებასა და ამგვარ ღონისძიებებს უკავშირდება.

- არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, კერძო სახლებში შეიარაღებული ხალხის გამოჩენა სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ან სტიქიურ უბედურებებს დავუკავშირო. თანაც, არა მგონია, სტიქიური უბედურების დროს ავტომატი მაინცდამაინც გამოსადეგი იყოს. "იუთუბზე" გავრცელებულ ვიდეოფირზე ჩანს, რომ ეს ხალხი ვინმესთან სტუმრად კი არა, იქ არიან დისლოცირებული. ამ ადამიანების ერთად ყოფნა ძალიან მაკვირვებს - ზოგიერთი გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე იყო, ზოგი მოწინააღმდეგე და "ტყის ძმებში" ირიცხებოდა. მათ შორის ერთი კოდორელიც შევნიშნე, რომელიც ემზარ კვიციანის საქართველოდან წასვლის შემდეგაც კოდორის ძალისმიერ სტრუქტურაში მუშაობდა. წარმოუდგენელია, უხელფასოდ, ენთუზიაზმით სადღაც, რომელიღაც სახლში რატომ ცხოვრობენ ერთად.

და კიდევ, მინდა ერთი რამ გითხრათ, რაც ჯარში შექმნილ რთულ მდგომარეობას ასახავს. ჩვენი ჯარისკაცები  ტრეფიკინგის მსხვერპლად გადაიქცნენ. მათი ხელფასი დაახლოებით 900 ლარია, დაქვითვის შემდეგ 650 ლარს იღებენ. ჩემი ინფორმაციით კი ჯარისკაცების 80%-ს (რიგით შემადგენლობას ვგულისხმობ),  ანაზღაურება 30%-ით, ჯარიმის სახით აკლდება. დაჯარიმების მიზეზი სხვადასხვა აბსურდული ვითარებაა. თანაც ეს 30% 650 ლარიდან კი არა, 900=-დან ანგარიშდება. ე.ი. ჯარისკაცი, რომელიც ხშირად ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ხელზე სამას ლარს იღებს. მას უკან დასახევი გზა არა აქვს, რადგან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში ისეთი ჯარიმა ელის, რომელსაც ვერ გადაიხდის და ციხეში მოხვდება. წინასაარჩევნოდ სიტუაცია რბილდება ხოლმე, შეიძლება ჯარისკაცებს ამ პერიოდში ჯარიმებიც მოუხსნან, მაგრამ არჩევნების შემდეგ  დამოკიდებულება ისევ სასტიკი გახდება.

- ბატონო მალხაზ, როგორც გავარკვიე, ერთ-ერთი პრინციპი, რაც ამჟამინდელ ნებაყოფლობით რეზერვს ძველისგან განასხვავებს, არის ის, რომ ის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე უნდა შეიქმნას. ისე, ცუდი რატომ არის, თუ ხალხს პროფესიულ დონეზე მოამზადებენ და საჭიროების შემთხვევაში ისინი თავიანთ სოფელს, სახლ-კარს და სამშობლოს დაიცავენ?

- ეს საკმაოდ სახიფათო თამაშია. ჩვენ ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი მოსახლეობა გვყავს, რომელთა ინტეგრაციას ქართველ საზოგადოებაში მივესალმები. მაგალითად, მსიამოვნებს, როცა ჯავახეთის ან სხვა რეგიონების მცხოვრებნი  ქართულ ჯარში, პოლიციურ სტრუქტურებში ირიცხებიან. მაგრამ მათი გაერთიანება ე.წ. სარეზერვო შეიარაღებულ დაჯგუფებებში ერთ რომელიმე ტერიტორიულ ერთეულში არათუ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას არ შეუწყობს ხელს, არამედ პირიქით, სახიფათოც შეიძლLება აღმოჩნდეს. ახლა რაც შეეხება ხელისუფლების განცხადებას, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან სპეციალური რაზმის თუ ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა "სიახლეა". ეს, რასაკვირველია, მართალი არ არის. "ვარდების რევოლუციამდე" ცოტა ხნით ადრე ბატალიონი "ხევსურეთი" და "სვანეთი" შეიქმნა. მაშინ  ჩრდილო კავკასიიდან გაურკვეველი ეროვნების პირები შემოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და გადიოდნენ, რამაც პრაქტიკულად ნარკოტრასადაც გვაქცია. ამ მიზნით განსაკუთრებით ხევსურეთს იყენებდნენ. ამ ბატალიონის წევრები ისეთ  უცხო ადამიანებს აკავებდნენ, რომელთაც არც ენა ესმოდათ და ვერც მათ ეროვნებას ადგენდნენ და მათ ხელისუფლებას გადასცემდნენ. მოკლედ, სიტუაცია ჩაწყნარდა და ამდენად, მთიდან გახიზნულებიც თავიანთ სახლ-კარს თანდათან დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბატალიონებმა დადებითი როლი შეასრულეს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხელისუფლებამ ისინი გააუქმა. ახლა რატომ გახდა აუცილებელი ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულზე ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა, ვერ გამიგია. ამიტომ ამას  მხოლოდ და მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებს ვუკავშირებ.