"თუ ვინმე იტყვის, რომ ეს უმნიშვნელო ფაქტორია, ვერ დავეთანხმები" - კვირის პალიტრა

"თუ ვინმე იტყვის, რომ ეს უმნიშვნელო ფაქტორია, ვერ დავეთანხმები"

"არა მგონია, რომ ენდი გარსიას დანახვისთანავე ხალხი "ნაციონალურ მოძრაობას" ამოუდგება მხარში"

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლის შემსრულებელმა, ჰოლივუდელმა ენდი გარსიამ პრეზიდენტის სასახლე და საქართველოც დატოვა, მითქმა-მოთქმა ატყდა, თუ ვინ აფინანსებს ფილმს, ვის რამდენს უხდიან მუშაობისთვის ან ვისი იდეა იყო, შექმნილიყო ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზე. ამბობენ, ფილმის გადაღების იდეა პრეზიდენტ სააკაშვილის პიარზე მომუშავე უცხოელ სპეციალისტებს ეკუთვნით, რომელიც სიხარულით აიტაცა პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ, მომავალ წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიდეოკლიპების ნაცვლად სწორედ ამ ფილმიდან გამოიყენებენ კადრებსო (ისე, ჯერ არც არჩევნების თარიღია დაზუსტებული, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, სწორედ ამ დროისთვის იგეგმება ფილმის პრემიერაც). კულუარული ინფორმაციით, იდეის ხორცშესხმის განკარგულებაც მყისიერად გაცემულა და სანამ ჰოლივუდში რეჟისორისა და მსახიობის მოძიებას შეძლებდნენ, საქართველოში გამალებული მუშაობდნენ ფულადი სახსრების მოსაძიებლად. როგორც ამბობენ, დაფინანსება არა ბიუჯეტიდან, არამედ კერძო ბიზნესიდან მოდის, ისე, როგორც ეს ჩვენთან ხდება, როდესაც ხელისუფლება ბიზნესმენებს "დახმარებისთვის მიმართავსო". რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს კულუარული ინფორმაცია რენი ჰარლინის ქართულ-ჰოლივუდური პროექტის შესახებ, ამის გასარკვევად კომპანია  იპმ-ის ხელმძღვანელს, გოჩა ცქიტიშვილს მივმართეთ:

- თუ ფილმს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიისთვის იღებენ, ეს მსოფლიო პიარის ისტორიაში ყველაზე სულელური დანახარჯი იქნება. ფილმზე დასახარჯ რამდენიმე მილიონ დოლარს თუ გავყოფთ საქართველოში არსებული სოფლების რაოდენობაზე, მივიღებთ ბევრ ათას ლარს, რომლის თითოეულ სოფელში დახარჯვა ნებისმიერი არჩევნების შემთხვევაში გაცილებით შედეგიანი იქნება, ვიდრე ერთი ფილმის კადრების ან მთელი ფილმის ჩვენება. ამასთან, სულაც არა მგონია, რომ ენდი გარსიას დანახვისთანავე ხალხი "ნაციონალურ მოძრაობას" ამოუდგება მხარში. თუ ფილმის გადაღების მოტივი მხოლოდ თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში გამოყენებაა, ეს უკვე ბოროტების საზღვრებში ვეღარ ეტევა. არა მგონია, საბიუჯეტო თუ არასაბიუჯეტო სახსრებიდან მილიონები გასულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ენდი გარსიას მიხეილ სააკაშვილი ეთამაშა, მაგრამ ძალიან კარგია, თუ ქართულმა სახელმწიფომ ან ვიღაცამ ქართულ სახელმწიფოში გადაიხადა დიდი ფული ამ ფილმისთვის, რათა ის გამოვიყენოთ არა არჩევნებისთვის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.

- რა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ ფილმი საერთაშორისო პიარისთვის?

- სი-ენ-ენსა და ბი-ბი-სიზე გადის ხოლმე იმ ქვეყნების რეკლამები, ვისაც ტურისტული პოტენციალის გაყიდვა სურს. სხვათა შორის, საამისოდ საქართველოშიც გადაიღეს ძვირად ღირებული კლიპი, მაგრამ როგორც ჩანს, პროექტმა არ გაამართლა, - სი-ენ-ენსა და ბი-ბი-სიზე ვერ ვნახე საქართველოს რეკლამა. ქვეყნის ისტორიისა და ღირებულებების მსოფლიო ასპარეზზე გასატანად ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება არის კინოფილმი. როგორც ვიცი, მელ გიბსონისთვის არც ერთ შოტლანდიელს არ გადაუხდია ფული "მამაცი გულის" გადასაღებად, მაგრამ მას რაინდის ორდენი დაჰკიდეს შოტლანდიაში სწორედ ამ ფილმის გამო, რომლის პროდიუსერიც იყო, რეჟისორიც და მთავარ როლსაც თამაშობდა. ამ ფილმმა მსოფლიოს გაახსენა შოტლანდია, როგორც  დამოუკიდებელი ღირებულებების მატარებელი სუბიექტი და მისცა მაგალითი უამრავ ბავშვს, თუ როგორი უნდა გაიზარდოს. ძალიან  ცუდია, რომ ვერ ვახერხებთ ფილმის გადაღებას დავით აღმაშენებლის პერიოდზე. მსოფლიო დაინახავდა და აღიქვამდა საქართველოს არა ამერიკის შტატად, არამედ დამოუკიდებელ ქვეყნად, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს.

მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წევრის მიმართ ქვეყნის წინაშე ჩადენილ ბოროტებათა გამო,  ამ ფილმის გადაღება იქნება პოზიტიური ნაბიჯი, თუ მსოფლიოს მოხერხებულად და ეფექტურად მივაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რა მოხდა რეალურად 2008 წლის აგვისტოს ცხინვალში და რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეტენზია თავის მიწებზე. კარგი იქნება, მსოფლიოს გავაგებინოთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლათინოსების რომელიმე პოპულაცია მოინდომებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და მათ მხარს დაუჭერს რუსეთის იმპერია. ცხადია, როგორც ჩვენ არ გვესმის, ისე ვერც ერთი ამერიკელი ვერ გაიგებს, რატომ უნდა დაუჭიროს რუსეთმა მხარი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სეპარატისტულ გამოხდომას. ამიტომაც ძალიან კარგია ამ სააზროვნო კონსტრუქციის მიწოდება მსოფლიოს რიგითი მოქალაქეებისათვის და არა პოლიტიკოსებისათვის. მათ ისედაც კარგად იციან, რა მოხდა და რა ხდება. ხალხი კი ფილმის დახმარებით გაიგებს სიმართლეს.

- რით დააახლოებს ეს ფილმი სხვა ერებს ქართველ ხალხთან?

- ვუყურე ფილმის გადაღების პროცესს და მომეჩვენა, რომ გარსია რატომღაც უხერხულად ამბობს, რა ვაჟკაცია ქართველი ხალხი და რომ ის არ დათმობს თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ მთავარი გარსიას მოქმედება კი არა, წითელჯვრიანი დროშები იყო. სწორედ  წითელჯვრიანი დროშა გამოიყენებოდა  ჯვაროსნების დროს, ეს იყო ცენტრალური, დასავლეთის კონტინენტური ევროპის სიმბოლიკა. მისი ჩვენება ფილმში ემოციურად გვაახლოებს ევროპელ საზოგადოებასთან. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს უმნიშვნელო ფაქტორია, ვერ დავეთანხმები. გაიხსენონ თუნდაც თურქეთის ევროსაბჭოში მიღების საკითხთან დაკავშირებული კულუარული ამბები და დარწმუნდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ჯვარი იმ საზოგადოებისთვის, ვისკენაც მივისწრაფვით. ეს არის ევროპული ერების ერთგვარობის ძირითადი სიმბოლო, რომელიც ასევე გულისხმობს თითოეული მათგანის იდენტურობასაც. არ ვიცი სცენარის შინაარსი, მაგრამ ამ სიმბოლიკის ნახვის შემდეგ გასაგებია, რა ემოციური ველიც ექნება ასეთ ფილმს და რა ფაქტობრივი ინფორმაციაც იქნება შიგ მოცემული. სავარაუდოდ, ფილმი არ იქნება იმაზე აგებული, რომ რუსეთი არის დამნაშავე საქართველოსთან ომში, ალბათ, ფილმი უფრო ღრმად გადმოსცემს იმას, რაც გვაწუხებს, - ქრისტიანმა ერმა ამ რეგიონში უამრავი ბრძოლა რომ გადაიტანა ქრისტიანობისთვის. ვფიქრობ, ფილმში ძალიან ბევრი რამ იქნება ისეთი, რაც ქვეყანას ასარგებლებს. მინუსი კი არის ამ ფილმის შესაძლო ჩვენეული ინტერპრეტაცია. ყველაფერს ილუზიურად ვუყურებთ ხოლმე, არასდროს ორ ფეხზე არ ვდგავართ. ანდა, რა მოუვა ყველაზე ძლიერ მოჭიდავეს, თუ ჰაერში აწეული იქნება ტატამზე? მით უფრო, რა მოგივა, როდესაც ძლიერი არ ხარ და ჰაერში გამოეკიდები? უბრძოლველად წააგებ და ჩვენც ეს გვემართება ხშირად. ეს არის ჩვენი ტრაგიზმიც და არა ის, ხელისუფლებიდან ან  ბიზნესიდან დახარჯა თუ არა ვინმემ ფული ფილმის გადასაღებად და მერე გამოიყენებს თუ არა სააკაშვილი ენდი გარსიას სახეს წინასაარჩევნო კამპანიაში. მთავარია, ფილმის თემა პოზიტიურია და ის საერთაშორისო ასპარეზზე გაამართლებს.

ენდი გარსია ორი დღის განმავლობაში თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში ნამდვილი პრეზიდენტივით "სამუშაო საათებს" პრეზიდენტის სასახლესა და პარლამენტში ატარებდა. ენდი გარსიასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა ჰოლივუდის კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი დინ ქეინი ("სუპერმენის" როლის შემსრულებელი), რომელიც ფილმში უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველის როლს ასრულებს. რენე ჰარლინის ქართულ-ამერიკულ პროექტში მთავარ როლს ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავი რუპერტ ფრენდი ასრულებს. ცოტა ხანში თბილისს ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი, ველ კილმერი ეწვევა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა როლს თამაშობს იგი ფილმში.

რუსეთ-საქართველოს ომზე ჰოლივუდური ფილმის პრემიერა 2010 წლის მაისისთვის იგეგმება. ჯერ კიდევ დაუდგენელია, რა ერქმევა ფილმს. თუმცა, ცნობილია, რომ სცენარი მთლიანად რუსეთ-საქართველოს ომს და მასში აშშ-ის მოქალაქეების (და არა ამერიკელი სამხედროების, როგორც ეს რუსულ მხარეს სურს დაამტკიცოს) მონაწილეობის თემას ეხება.

ენდი გარსიას სცენა, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს მოვლენებს ასახავს, 4 დუბლად გადაიღეს. ბოლო სცენა პარლამენტის შენობის წინ გადაიღეს. სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე, ენდი გარსია, როგორც საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ხალხს სიტყვით მიმართავს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. ლიტვის პრეზიდენტის როლს გივი სიხარულიძე ასრულებს, ლატვიის პრეზიდენტს კი ზურაბ ცინცქილაძე წარმოადგენს.

მასობრივი სცენის გადაღებას ათასობით ადამიანი საკუთარი სურვილით დაესწრო.

პ.ს. გადასაღები მოედნიდან ხმები გამოვიდა ენდი გარსიას თავისებურებათა შესახებ. გადაღების დროს, როდესაც მსახიობი მიხეილ სააკაშვილის ძვირფას კალამს ათამაშებდა, გარემოცვა გააფრთხილა, ჩვევად მაქვს კალმის თან გაყოლება და შენიშვნა არ მოგერიდოთო. ამის შემდეგ გადასაღებ მოედანზე მდგომ ერთ-ერთ რიგით მონაწილეს ფერი დაუკარგავს, რადგან გარსიას მისი ბეჭედი ეკეთა. გადაღების წინ რეჟისორმა მოითხოვა მსახიობს, როგორც ცოლიან "სააკაშვილს" მარჯვენა ხელის არათითზე საქორწინო ბეჭედი გაეკეთებინა. გარსიამ გადასაღებ მოედანზე მდგომთ სთხოვა დახმარება, რადგან თვითონ ბეჭედს არ ატარებდა. გადაღების დასრულებამდე ბეჭდის პატრონს თურმე გული უფანცქალებდა, აქაოდა კალმისა არ იყოს, ბეჭედიც არ გაიყოლოს, თორემ შინ შიშველი არათითით მისულს სკანდალი არ ამცდება, ვინ დამიჯერებს, რომ ბეჭედი ენდი გარსიას გაჰყვაო.