"დღეს დაჩვარებული მშვიდობაა საქართველოში" - კვირის პალიტრა

"დღეს დაჩვარებული მშვიდობაა საქართველოში"

"მშვიდობა ჰქვია იმას, რაც ხდება? ეს რა მშვიდობაა, გამაგებინეთ?!"

"ტიტრებში კი Конецის ნაცვლად იქნება წარწერა - Подлец"

"რა შეიცვალა? ხალხმა საკუთარ თავში ეძებოს, რა არის მისი ბრალი"

"სახეზე შეხედეთ და ეტყობათ, როგორც დაამთავრებენ ცხოვრებას"

"რას ნიშნავს "ბლატნოი" სახელმწიფო?"

რუსთაველის თეატრის ფოიეში ზაზა პაპუაშვილი მხვდება. საგრიმიოროში შევდივართ. უმალ ფანჯარასთან მიდის, პირჯვარს იწერს და მეც მაჩვენებს, ნახეთ, აქედან სამება როგორ ჩანსო.

- თეატრში შემოსვლისთანავე განსხვავებული გარემო ვიგრძენი, რა ხდება თეატრში (როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა იყო, არავინ მეკითხებოდა, ვისთან მოვედი და რომელ მედიასაშუალებას წარმოვადგენდი. ახლა კი რამდენიმე პირმა გამომკითხა, მერე კი ვიღაცას ტელეფონითაც აცნობეს, რომ ზაზა პაპუაშვილთან  ინტერვიუს ჩასაწერად მოვედი. ამას მსახიობს არ ვეუბნები. - ავტ.)?

- არის ისეთი რაღაცები, რაზეც ლაპარაკი არ მინდა. აჯობებს, გარინდული ვიყოთ. თუმცა, რადგან ლაპარაკი არ მინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არა მაქვს.

- თეატრში ჩურჩულებენ, რომ მაესტრო სტურუა ერთ წელიწადში დაბრუნდება.

- ვილაპარაკოთ ამაზე? რად გვინდა? აჯობებს სასიკეთო რამეებს დაველოდოთ. ისე, გული სევდით და უკეთესის მოლოდინით მაქვს დატენილი.

- რუსთაველის თეატრის სცენაზე ბოლო დროს მოცეკვავე წყვილებს, პროექტ "იცეკვე ვარსკვლავთან ერთად" მონაწილეებს ვხედავთ. მოგწონთ?

- რუსთაველის თეატრი  შპს არ არის. იმ ადამიანების კისერზე იყოს ყველაფერი, რომელთაც გადაწყვიტეს, ეს პროექტი რუსთაველის თეატრში განხორციელებულიყო.

აქ დიდი მუზები სახლობენ. როდესაც თეატრში ვარ, მუზებს ვევედრები, რომ არ დატოვონ ეს თეატრი იმ ტაშ-ფანდურის გამო, რომელიც ზოგჯერ აქ იმართება. უფალს ვევედრები, არ დატოვოს ეს თეატრი და საქართველო. უფალს შევთხოვ, საქართველო გადარჩეს და გადარჩება კიდეც. ჩვენი ვალია, მოვითმინოთ და ამავდროულად ღირსეულად ვიცხოვროთ.

- ხშირად მესმის, პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამ ხალხს იმედი გაუჩინაო. თქვენ თუ გაგიჩნდათ?

- უიმედო და ხელჩაქნეული კაცი არ მეთქმის. არასოდეს მიფიქრია, ვაი, ესენი სამუდამოდ დარჩებიან და არასოდეს წავლენ-მეთქი. 1226 წელს სიონის თავზე ჯალალედინი იჯდა. ის აღარ არის და სიონი ისევ დგას. საქართველო ისევ არის.

ეს "ნაცშპანის" გამგე ამბობს, თბილისი ავაშენე, სიღნაღი ავაშენე, ბათუმი ავაშენეო. ნუთუ გამკონტროლებელი ან ახლო მეგობარი არავინ ჰყავს, რომ უთხრას, ამას ნუ ამბობო. არ გამოჩნდა მისთვის სიმართლის მთქმელი კაცი, პირიქით, ეუბნებიან, უნაკლო ხარო. ჩვენი წინაპრები რასაც შექმნიდნენ, ყველაფერს განგების ძალას მიაწერდნენ, ეს კი ყველაფერს იბრალებს.

რა უნდა მივამატო კიდევ აკაკი წერეთლის ნათქვამს, "ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო!" Aაკაკის ეს ვიღაცის გაგებით ეპატაჟური ფრაზა ხომ ზიზღით არ უთქვამს? რამხელა ტკივილია მასში ჩადებული? "ბედნიერ ერში" რა ჩადო ილია ჭავჭავაძემ? ასეთი ლექსი დღეს ვინმემ რომ დაწეროს, სამუდამო ციხეს მიუსჯიან. ჯერ "ბედნიერი ერის" სტადიიდან არ გამოვსულვართ და სწორედ ფურთხის ღირსია ასეთი საქართველო. მაგრამ არსებობს განკურნების გზაც, თუმც ერი არ მკურნალობს და ესაა ყველაზე დიდი სატკივარი.

რისთვის ვცხოვრობთ, თუ კარგ მაგალითებს არ დავუტოვებთ მომავალ თაობებს? ან რატომ ვლოცულობთ? უფალს მხოლოდ იმას ხომ არ შევთხოვთ, რომ მარტო ჩვენ ვიყოთ კარგად? ხომ ვლოცულობთ, რაც უბედურება ჩამიდენია, ამის გამო ჩემს შვილს და შთამომავლობას ნუ დასჯი, ღმერთოო. რისთვის იცხოვრეს ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, რა მაგალითი ავიღეთ მათგან? მათგან არ ავიღეთ და მაგალითებს ვიღებთ სოციალ-დემოკრატების, ბოლშევიკებისა და ათასი გათახსირებულისაგან. იცით, რატომ ვერ ავიღეთ მაგალითები ილიას, აკაკისა და სხვა სახელოვანი წინაპრებისგან? ვერ აიღებ ვერავისგან მაგალითს, თუ შენც იმავე ნექტრით არა ხარ ნაჩხვლეტი. შენ რომ ერთი რაღაც ხარ (არ ვიტყვი იმ სიტყვას), სახელოვანი წინაპრების მაგალითი აღარ გადგება. ესენი ვერ ქაჩავენ იმდენს, რომ ასეთი დიდი ადამიანებისაგან აიღონ მაგალითი, იმიტომ, რომ სულმდაბალი, პელენწუკა ხალხი არიან.

ქართველ ხალხს სჭირდება მკურნალობა და შემოქმედების ნაცვლად პლაგიატობას და მიმბაძველობას მივყავით ხელი. ჩვენ აღარ ვქმნით, აღარ ვაზროვნებთ. ვდევნით განათლებას, აზროვნებას, რელიგიასა და ყველაფერს ეროვნულს.

როგორ ჩაიტაროს ერმა საერთო-სახალხო მკურნალობა? საერთო-სახალხო თერაპიაა საჭირო. ინდივიდუალურად ვუმკურნალოთ ჩვენს სულებს, ლექისგან გავთავისუფლდეთ და კარგად გავხდებით. არ შეიძლება კანონად გავიხადოთ ის, რაც ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს გადაურჩენია და ჩვენამდე მოუტანია? ამ კანონებმა გვაცხოვროს და არა ვიღაც ლიდერმა თუ სახელმწიფოს სათავეში დროებით მოხვედრილმა ამებამ.

- რაც მახსოვს, თქვენ სულ იბრძოდით.

-  მე ყოველთვის ყველასთან თანაბარ პირობებში ვიყენებ თავს და არასოდეს მომინდომებია, ვინმეზე უპირატესი ვყოფილიყავი. ყველასთან თანაბარი ვიქნები, მაგრამ დაჩაგვრას, წართმევას, შეურაცხყოფას ვერ მოვითმენ. დღეს დაჩვარებული მშვიდობაა საქართველოში. არადა, ბრძოლის დროა, სიმშვიდე მიწაშიც გვეყოფა. ან მშვიდობა ჰქვია იმას, რაც ხდება? ეს რა მშვიდობაა, გამაგებინეთ?!

გვეუბნებიან, 90-იანი წლების დაბრუნება გინდათ, ჩვენ თუ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, ძველი ბიჭების დრო მოვაო. სინამდვილეში ვინ დააბრუნა 90-იანი წლები? მე, პლეხანოვზე გაზრდილი,  ათასი ყაჩაღობისა და უბედურების დამნახავი კაცი ვამბობ, რას ნიშნავს "ბლატნოი" სახელმწიფო? ისეთი ქვეყანა მინდა, სადაც კანონი და კანონიერება იქნება, სადაც განათლებაში ჩაიდება ფული და ახალგაზრდებით არ იქნება ციხე გამოტენილი. ეს იმის საჩვენებლად უნდათ, ვითომ მაგარი ბიჭები არიან და ვითომ ყაჩაღობას ებრძვიან. სინამდვილეში ყაჩაღები გარეთ არიან. ამ ხელისუფლებამ ვითომ ქურდები დაიჭირა და თვითონ გახდა ქურდი.

რა შეიცვალა? ხალხმა საკუთარ თავში ეძებოს, რა არის მისი ბრალი. სხვისი იმედი ნუ ექნება, ის მოვა და გადაგვარჩენსო. მე შემიძლია ერთგული ვიყო, კარგი მეგობრობა გაგიწიო, შენ გამო სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენო, მაგრამ შენგან კერპს ვერ შევქმნი, მონა ვერ ვიქნები. ვინც მომთხოვს, რომ მონა ვიყო, მასთან ვერ ვიქნები. ივანიშვილი იქნება თუ სხვა, მე ჩანაცვლების მომხრე არა ვარ. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლების დამკვიდრებული პრინციპები და უნიჭობის ზეიმი აღარ იყოს. ამ ხელისუფლებამ დამარცხება გამარჯვებად მონათლა, უნიჭობა - ნიჭიერებად. ასეთი მკრეხელობა არ მინახავს და ასეთ რამეს მხარს ვერ დავუჭერ.

არავითარი კერპები და ბელადები! ადამიანებმა თავიანთი სამშობლოსათვის უნდა იღვაწონ. თუ შენი ქვეყანა გიყვარს, კანონი დაიცავი და რას "შუხურობ"?! დაიცავი საქართველო და მერე ის დაგიცავს შენ. შენი სამშობლო მოგიტრიალდება და გულზე გაკოცებს. ხელფასს მოგცემს, ხოლო როდესაც მოხუცდები - პენსიას. ამას რომ მივაღწიოთ, ქვეყნისთვის უნდა გავიღოთ რაღაც და სულში არ ჩავაფურთხოთ.

ეს ხელისუფლება ჩემთვის იმ  ეგზარქოსების მსგავსია, რომლებმაც ტაძრებში ქართული ფრესკები გადაღებეს. ესენი ყველა უბედურების ჩამდენები არიან და სხვებს აბრალებენ. ასეა, გარყვნილი ადამიანი თავის გარყვნილებას გაურყვნელს დააბრალებს. მაგრამ, თუ საქართველო ისეთ კლდედ იქცევა, რომელზეც სახარებაში წერია, ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერაფერს დააკლებენ, ფეხებს ვერ მოსჭამს საქართველოს ასეთი დაბალი დონის ხელისუფლება.

26 მაისს, იმ თქეშსა და უბედურებაში, ვიღაც კერძო პირმა კი არა, იესოს ლოცვამ გადამარჩინა და ამ ლოცვანმა, რომელიც ჯიბეში მედო. იესოს ლოცვას ვკითხულობდი და მკვლელი ორჯერ ვერ მომეკარა. რაც ქვეყანას დამართეთ, იმის გამო ღვთის შიში არ გაქვთ? 26 მაისს არ ვიცი, როგორ დავბრუნდი სახლში. ნათქვამია, სიმართლეს, რომელიც ტყუილსა ჰგავს, ნუ მოჰყვებიო. ვერ ვყვები, როგორ დავაღწიე თავი მკვლელებს, რადგან ეს ტყუილს ჰგავს. დიდება უფალს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მე აღმოვჩენილიყავი იმ კაცის ადგილას, ვინც მოკლეს და სახურავზე შეაგდეს.

- ბიძინა ივანიშვილის პარტნიორებს შორის ლევან გაჩეჩილაძე არ მოხვდა. რას იტყვით ამაზე?

-  ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევანია. მიმაჩნია, რომ ეს კაცი ქვეყანასა და მის პერსპექტივაზე ფიქრობს. მისი პოლიტიკაში მოსვლა არ არის ამბიციური კაცის ნაბიჯი ან ეგზალტირებული გადაწყვეტილება. ის არ არის "მე მინდათი" მოფიქრალი კაცი.  პოლიტიკაში მისი გამოჩენა უნიკალურად მოფიქრებული რეჟისურით გაკეთებული დადგმა იყო. მომავალში თუ ბევრ ნიჭიერ ადამიანს დაეყრდნობა და მოუსმენს, კარგი იქნება.

ამ ხელისუფლების ქმედებებზე უნდა ვიცინოთ. სახეზე შეხედეთ და ეტყობათ, როგორც დაამთავრებენ ცხოვრებას. დაინახავთ, რაც დაემართებათ ამ უბედურ დღეზე გაჩენილებს. კაცს ეუბნებიან, წადი, რადგან სიძულვილის ემბლემად და ქვეყანას მოუნელებელ შხამად ექეციო. რა არის ამაზე დიდი სასჯელი? იმედია, მალე მთელი საქართველო ნახავს ამ ხელისუფლების დასასრულს. ტიტრებში კი Конец-ის ნაცვლად იქნება წარწერა - Подлец.