"ჯერ შიში დაიძლიოს" - კვირის პალიტრა

"ჯერ შიში დაიძლიოს"

"ხელისუფლება ისე იქცევა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანსა და ძალას ერთად დაგვაყენებს"

"ლევან გაჩეჩილაძე შესაძლოა ამ დღეებში ჩვენ შემოგვიერთდეს"

"ვიცი ლევან გაჩეჩილაძის პოზიცია. მას შეუძლია და სურს ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა", - გვითხრა საზოგადოებრივი მოძრაობა  "ამომრჩეველთა ლიგის" თავმჯდომარე კოკა გუნცაძემ:

- ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები ლევან ჩიკვაიძე, ნანა შონია და მე გახლავართ. ბევრი აქ და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქე მზად არის, დახმარება გაუწიოს "ამომრჩეველთა ლიგას" და თავად ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უნდა მოემსახუროს.

- როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ დაპატიმრებული კახა მიქაია "ამომრჩეველთა ლიგის" წევრია. უკვე შემოგიტიეს?

- "ამომრჩეველთა ლიგას" მომავალში უსათუოდ შემოუტევენ, მაგრამ კახა მიქაიას დაპატიმრების მიზეზი რამდენიმე ხნის წინანდელი მისი განცხადებებია სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თაობაზე. როდესაც ამ თემაზე განცხადება ირაკლი ალასანიამაც გააკეთა, ამას საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია მოჰყვა, რამაც ხელისუფლება გააღიზიანა. მიქაია ალასანიას დაპატიმრებული თანაპარტიელის, სერგო ჩაჩიბაიას (რომელმაც ინფორმაცია შეიარაღებულ ფორმირებებზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს გადასცა) სასამართლო პროცესზე აიყვანეს.

- ითქვა, რომ "ამომრჩეველთა ლიგა" "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.

- ბევრი მეგობარი მყავს "ქართულ ოცნებაში", მაგრამ ორგანიზაციულ თანამშრომლობას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ ვაპირებთ.

- მაგრამ თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს და მალევე განაცხადეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შექმენით.

- ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ. ჩვენი შეხვედრა არ ყოფილა დაგეგმილი ან ჩვენს ორგანიზაციასთან დაკავშირებული. "ამომრჩეველთა ლიგა" არის ამომრჩეველთა გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, შიში დაიძლიოს, რადგან შეშინებული ადამიანი თავისუფალ არჩევანს ვერ გააკეთებს. ჩვენი მეორე ამოცანაა სადამკვირვებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და არჩევნებზე დაკვირვება.

- რადგან "ამომრჩეველთა ლიგაში" ლევან გაჩეჩილაძის ბევრი მეგობარია, არის მოლოდინი, რომ ამ ორგანიზაციას ისიც შეუერთდება.

- ლევანს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ის არ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომლის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება შეიძლება. ის არის კაცი, რომელიც ყოველთვის გადამწყვეტ როლს ითამაშებს სამართლიანობისათვის  ბრძოლაში. ის ვერ დარჩება გულგრილი, როდესაც ხედავს, როგორ ვეფლობით ტოტალიტარიზმის ჭაობში. ამიტომაც შესაძლოა ამ დღეებში ჩვენ შემოგვიერთდეს.

- როგორც ვიცი, გოგა ხაინდრავაც იქნება "ამომრჩეველთა ლიგის" წევრი.

- დიახ, ისევე როგორც ბევრი პატივსაცემი და ცნობილი ადამიანი.

- წლების განმავლობაში პოლიტიკაში იყავით, რატომ აირჩიეთ საზოგადოებრივი მოძრაობა?

- საკუთარი კომფორტი და პირადი მიზნები არასდროს მქონია წინა პლანზე. იმის გამო კი არა, რომ ალტრუისტი ვარ და პირადი ინტერესები არა მაქვს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ასეთი საფრთხეა, როდესაც მხოლოდ პოლიტიკური პრობლემის კი არა, ბევრად მწვავე, მეტაფიზიკური პრობლემის წინაშე ვართ, პირადულზე ფიქრის დრო არ არის. ეს ხელისუფლება ტიპურ ბოროტებად ჩამოყალიბდა. დღეს არჩევანია გასაკეთებელი სიკეთესა და ბოროტებას, ზნეობასა და უზნეობას, თავისუფლებასა და კონფორმიზმს, პროგრესსა და რეგრესს შორის. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, როდესაც პოლიტიკური მიმართულებების მიხედვით უნდა ვირჩევდეთ ძალებს. ასეთ დროს საკუთარ ინტერესებზე ფიქრი ღალატია. ჩვენ გვინდა თავისუფლებისათვის ბრძოლას შევეხიდოთ, რომ საერთო საქმეს სწორი მიმართულება მივცეთ.

- ბოლოს თქვენ "ქართულ პარტიაში" იყავით. რას იტყვით ამ პოლიტიკურ ძალაზე?

-  იდეა, რისთვისაც ეს პარტია შეიქმნა, სწორი იყო, რადგან გამოუვალი  ვითარება იყო ქვეყანაში, მაგრამ არასწორად შეირჩა პარტნიორები. ეს უკვე წარსულია. დღეს არჩევანი თეთრსა და შავს შორის არის გასაკეთებელი. ხელისუფლება კი ისე იქცევა, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანსა და ძალას ერთად დაგვაყენებს.