"სააკაშვილი არ არის ის მხედართმთავარი, ვინც ღირსია ნდობისა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი არ არის ის მხედართმთავარი, ვინც ღირსია ნდობისა"

"თუკი სააკაშვილს არჩევნების შედეგი არ მოეწონება, ამ დაჯგუფებებს ხალხის დასაშინებლად გამოიყენებს"

"მივმართავ მათ, არ გაჰყვნენ სააკაშვილს თავიანთ ხალხთან ომში"

"ამ ფორმირებების ანაზღაურება ნაღდი, ანუ დაურეგისტრირებელი ფულით ხდება"

"აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში, როდესაც სამეგრელოს ემუქრებიან ათასობით ადამიანის მსხვერპლით, ქალაქების მიწასთან გასწორებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ირაკლი ალასანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ განაცხადა. უშიშროების საბჭოს მდივნის  შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მიწოდებული მასალები არ შეიცავდა ღირებულ ინფორმაციას, რადგან იქ ჩამოთვლილი იყო მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები. ბოკერიასთვის გაუგებარი აღმოჩნდა მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. ამ თემით დავიწყეთ საუბარი კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან:

- ჩემი განცხადება ეფუძნება საქართველოს პატრიოტებისაგან მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც თვეების განმავლობაში მოწმდებოდა. ერთადერთი მიზანი მქონდა, პრევენცია გამეკეთებინა შესაძლო დიდი დაპირისპირებისა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ ჯგუფების პოლიტიკაში ჩართვამ და მოქალაქეებთან დაპირისპირებამ. მოულოდნელი არ ყოფილა ბოკერიას რეაქცია, მაგრამ აღსანიშნავი ის არის, რომ მან პრაქტიკულად დაადასტურა, ეს ადამიანები ზოგი პოლიციის, ზოგი კი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან. მაგრამ ბოკერიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ თითქოს მე არაფორმალური ორგანიზაცია ვუწოდე ამ სამხედროებს. ჩემს განცხადებაში წერია, რომ ეს პირები აყალიბებენ არაფორმალურ შეიარაღებულ ჯგუფებს. ისინი უდგანან სათავეში ამ ჯგუფების შექმნას, კონტროლსა და დაფინანსებას. ამ ფორმირებების ანაზღაურება ნაღდი, ანუ დაურეგისტრირებელი ფულით ხდება. სააკაშვილის ამ წამოწყებას საერთო არაფერი აქვს რეზერვთან. რაც განცხადება გავაკეთე, ამის შემდეგ დაიწყეს სააკაშვილმა და თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის მოწესრიგება. თუ კონცეფცია არა გაქვს, რა სახალხო ლაშქარს აყალიბებ და რა მიზნისთვის? სააკაშვილს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

საზოგადოება დააინტერესა ამ ინფორმაციამ როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებგარეთ. Aახლა სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ან ყველაფრის ლეგალიზება მოუწევს, ან ამ ჯგუფების დაშლა.

კარგად გვახსოვს, როგორ იყენებდნენ 2007-2009 წლებში ასეთ ჯგუფებს, რათა პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისათვის ანგარიში გაესწორებინათ.

სააკაშვილსა და ბოკერიაზე უკეთ ვიცი, რა არის ოფიცრის მუნდირი და ღირსება, რადგან წლების განმავლობაში ვმუშაობდი სამართალდამცავ, სამხედრო სტრუქტურებში და იარაღით ვიცავდი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ბევრი ადამიანი, ვინც ამ ჯგუფებში ჰყავს ხელისუფლებას, თავის დროზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა, მაგრამ ახლა ზოგი შანტაჟით (რადგან კრიმინალური წარსული ჰქონდათ), ზოგი მატერიალური დაინტერესებით აიძულეს ამ დაჯგუფებებში შესულიყვნენ. მივმართავ მათ, არ გაჰყვნენ სააკაშვილს თავიანთ ხალხთან ომში. სააკაშვილი არ არის ის მხედართმთავარი, ვინც ღირსია ნდობისა. ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, საზოგადოების პოლარიზება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზარდოს.

თუკი სააკაშვილს არჩევნების შედეგი არ მოეწონება, ამ დაჯგუფებებს ხალხის დასაშინებლად გამოიყენებენ, მაგრამ პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროში მომუშავეთა უდიდესი ნაწილი პატრიოტები არიან, რომლებიც სააკაშვილს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან.

- ინფორმაცია, რომელიც თქვენივე თქმით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე არ გაამხილეთ, უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯარო გახადა, დასამალი არაფერიაო.

- გვარები და დეტალები იმიტომ არ გავამჟღავნე, რომ არ მინდოდა ეს საქართველოს მტრებს გამოეყენებინათ. ხელისუფლებამ კი პიარის გამო გამოიტანა ეს ინფორმაცია საჯაროდ და დარტყმის ქვეშ დააყენა ეს ადამიანები.

- ხელისუფლების თქმით, სწორედ თქვენმა განცხადებამ მისცა საფუძველი აფხაზებს, ქართული მხრიდან ცეცხლის გახსნაზე დაეწყოთ ლაპარაკი.

- საქართველოს ინტერესებს სააკაშვილი ლახავს. მისი ყველა განცხადება არა მარტო აფხაზებსა და ოსებთან, არამედ დანარჩენ ქვეყანაშიც დამაპირისპირებელია. ის ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის პრობლემაა, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა გამოსავალია.

- თქვენი განცხადება სააკაშვილმა მუქარად მიიჩნია. თქვა, რომ ამ კუთხეს მუცელგაფატრული და თავმოჭრილი ბავშვებით დაემუქრეთ.

- შემაშფოთებელია, როდესაც პრეზიდენტს ასეთი ასოციაციები აქვს ერთ-ერთ რეგიონზე. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად უნდა შეჩერდეს ე.წ. სახალხო ლაშქრის შექმნა.

სააკაშვილს გარკვევით უთხრეს აშშ-მა და ევროკავშირმა, თუ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდა, თუ საქართველო არ წავიდა დემოკრატიული ტრანსფორმირების გზაზე, ამ არჩევნებს არ მივიღებთო.

- NDI-ს კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 47% უჭერს მხარს, თქვენს კოალიციას კი 10%.

- პოლიციურ, დახურულ ქვეყნებში ჩატარებულ გამოკითხვებში ოპოზიციას ყველგან ძალიან დაბალი პროცენტი ექნება, რადგან ადამიანებმა იციან, თუ კითხვას გულწრფელად უპასუხებენ, მათი ოჯახის წევრს დაიჭერენ, ბიზნესს ან ქონებას წაართმევენ, მაგრამ მჯერა, რომ ისინი არჩევნების დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. 230-ზე მეტი სოფელი მოვიარე და ვიცი, რას ფიქრობს ხალხი. ისინი ხედავენ, რომ ის, რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობს, ძალიან აცდენილია რეალობას, ამიტომ ეძებენ ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას. პოლიტიკური ძალა, რომელიც სააკაშვილს დაამარცხებს, "ქართული ოცნებაა". მას ჰყავს წარმატებული ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობას, კულტურას, სულიერებას ეხმარებოდა, ვისაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დააყენოს.

ბრძოლა, რომელიც დავიწყეთ, არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ან ირაკლი ალასანიას ბრძოლა. ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, რომელშიც ყველა მოქალაქე თავის ჯვარს იტვირთებს.

შეშინებული სააკაშვილი რეპრესიულ მანქანას ებღაუჭება. აპატიმრებენ ადამიანებს, რომლებიც მათ თავს არ უხრიან და ამას აკეთებს კუდ-ი, რომელიც სახელს უფუჭებს იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც შს სამინისტროში მუშაობენ, თავად კუდ-შიც მუშაობს ბევრი წესიერი ადამიანი, რომლებიც პოლიტიკური დიქტატის ქვეშ არიან. ის ჯგუფი და კლანები, რომლებიც მართავენ ქვეყანასა და ამ სტრუქტურებს (მაგალითად, ახალაიების კლანი) არ აძლევენ ადამიანებს წესიერი მუშაობის საშუალებას. როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, მოიხსნება პოლიტიკური დიქტატი, ქვეყანა კლანებისაგან გათავისუფლდება და ამ დროს ხალხი სულმოუთქმელად ელოდება.

ჩვენ მოსახლეობას ვპირდებით უსაფრთხო კრედიტებს, რომ უმუშევრობას დავძლევთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებით, საშუალო ფენა დემოკრატიის განმტკიცების საფუძველი გახდება. პოლიტიკაში დავიცავთ ბალანსს. კონკურენცია გაჩნდება ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაშიც. ამ ყველაფრის გაკეთებას მინიმუმ ორი წელი დასჭირდება და ეს იქნება ყველაზე რთული ორი წელიწადი.

- ნაციონალურმა არხებმა ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს. რატომ არ მივიდა ამ შეხვედრაზე ივანიშვილი?

- არაფერი მომხდარა. უბრალოდ, შეხვედრის დრომ რამდენჯერმე გადაიწია და როდესაც დრო გაირკვა, კოალიცია ამ შეხვედრაზე მე და დათო უსუფაშვილმა წარმოვადგინეთ.