მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ჩემზე ჭკვიანი ხომ უნდა იყოს?!

ირაკლი ალასანიამ არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ განგაში ატეხა და დაჯგუფებებში გაერთიანებული ადამიანების სიაც წარმოადგინა, სადაც, მისი მტკიცებით, ბევრი კრიმინალური წარსულის ადამიანია. ძნელია, ენდო ხელისუფლებას, რომელიც ამბობს, რომ ამ ადამიანებს რეზერვისთვის ამზადებს და არ გაგიჩნდეს ეჭვი, რომ ისინი შეიძლება ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენონ. სიტყვაზე ვერ ენდობი იმ ხელისუფლებას, რომელიც სპეცრაზმს 2007 წლის 7 ნოემბრის წინ ასეთი შეძახილებით ავარჯიშებდა: "ბადრის რა?.." როდესაც გახსოვს, როგორ სკანდირებდნენ პოლიციელები: "მიშა, მიშა!" ცხადია, ეს ხელისუფლება  ბევრ ეჭვსა და კითხვას აჩენს, მაგრამ ეს ეჭვებიც ისე უნდა გამოთქვა და კითხვებიც ისე დასვა, რომ საკუთარ თავს არაფერი ავნო, მით უმეტეს, როცა იცი, რომ შენს წინააღმდეგ მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს.

დღეს კი "ქართულ ოცნებას" ამ განცხადებების გამო იმის მტკიცება უწევს, რომ მტრის წისქვილზე წყალი არ დაუსხამს. რატომ? იმიტომ, რომ ალასანიას განცხადება უმალ დაიმოწმეს ჯერ სეპარატისტებმა, შემდეგ კი ჟენევის მოლაპარაკებებზე - რუსებმა. რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა: ხომ ვამბობდით, ქართველები პროვოკაციებისთვის ემზადებიან და შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნიან, ახლა ამას მათი ოპოზიციაც ადასტურებსო.

საპასუხოდ "ქართულ ოცნებაში" კითხულობენ: რა ვქნათ, იმის შიშით, რომ სეპარატისტებმა და რუსებმა რამე არ თქვან, თუ ხელისუფლება აშავებს, ხმა არ ამოვიღოთო? კითხვა ლეგიტიმურია. ამიტომ ალასანიას ადგილზე მე ასე მოვიქცეოდი: უშიშროების საბჭოს წერილს განცხადების გაკეთებამდე გავუგზავნიდი, სადაც ჩემს ხელთ არსებული ფაქტების გარდა ჩავწერდი, რომ უფლებას ვიტოვებ, პასუხის არარსებობის ან არადამაჯერებელი ახსნის შემთხვევაში, ოფიციალური განცხადება გავაკეთო. თუ ხელისუფლება პასუხს არ მომწერდა, შემდეგ გავაკეთებდი განცხადებას და თუ ამ განცხადებას ვინმე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებდა, პასუხისმგებლობა უშიშროების საბჭოს დაეკისრებოდა. თუ ხელისუფლება მაცნობებდა, რომ ეს არის რეზერვი, მაგრამ  ვერ ამიხსნიდა, რეზერვში რა უნდათ კრიმინალებს, განცხადებას ბანდფორმირებების შესახებ კი არ გავაკეთებდი, არამედ რეზერვში კრიმინალების არსებობის თაობაზე.

მოკლედ, პოლიტიკა ჭადრაკივითაა -  წინასწარ რამდენიმე სვლის გათვლა უნდა შეგეძლოს. იმის თქმა არ მინდა, რომ ვინმეზე ჭკვიანი ვარ, მაგრამ ვისაც ჩვენი ქვეყნის მართვა სურს, ჩემზე ჭკვიანი ხომ უნდა იყოს? რაც სულ მცირე, იმას ნიშნავს, რომ თავის წამოწყებულ თამაშს არ უნდა აგებდეს.

თუ არ გვენდობოდითო...

არის თუ არა NDI-ს სოციოლოგიური კვლევების შედეგები საეჭვო? რა თქმა უნდა, არის. სხვას რომ თავი დავანებოთ, "ქართული ოცნების" 10 პროცენტი ისეთი შედეგია, რომელსაც, ალბათ, სააკაშვილის მომხრეებიც არ ელოდნენ.  NDI-ს ამ კვლევის ერთადერთი შედეგი ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში იმ იმედის გაქრობაა, რომელიც ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. როგორ გინდა გამარჯვების იმედი შეგრჩეს, როდესაც გეტყვიან, პარტიას 10-პროცენტიანი რეიტინგი აქვსო? ამიტომ გასაგებია "ქართული ოცნების" გაწიწმატება, თუმცა გაუგებარია მათი საპასუხო ქმედებები. ამერიკის ელჩისადმი გაგზავნილ წერილს ვგულისხმობ, რომელშიც წერენ: "საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში   NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა". საინტერესოა, რას ელოდნენ ამერიკის ელჩისგან? ნუთუ, ფიქრობდნენ, რომ ელჩი ამ ორგანიზაციებს კვლევების ჩატარებას აუკრძალავდა? მაშ, რა იყო ამ წერილის მიზანი? აქ ხომ მარტივი გამოსავალი არსებობს: "ქართულმა ოცნებამ" თავად დაუკვეთოს რომელიმე ორგანიზაციას ობიექტური კვლევის ჩატარება და თუ უკეთესი შედეგი აქვს, გამოჩნდება.

NDI-მ "ქართულ ოცნებას" ჭკუით  აჯობა - ჯერ გამოაქვეყნა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგი, სადაც მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მომხრე მოსახლეობის 70 პროცენტი იყო. აცალა, "ქართული ოცნება" როდის დაიწყებდა ამ შედეგით თავისი არგუმენტების გამყარებას და მერე აჯახა 10-პროცენტიანი რეიტინგი. ახლა NDI ამბობს: თუ არ გვენდობით, ის პირველი შედეგი რატომღა დაიჯერეთო?

გაჭაჭული შადრევანი

პრეზიდენტის წყალობით როგორი შადრევანი არ გვინახავს: მოცეკვავე, მომღერალი, მოკუნტრუშე, მაგრამ ჭაჭის მფრქვეველი შადრევანი სხვა მასშტაბია. თავიდან არც მჯეროდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ ერთი და იგივე ინფორმაცია გაავრცელა, იძულებული გავხდი, დამეჯერებინა: "ზაფხულის ბოლოს, ბათუმში ორიგინალური შადრევანი გაიხსნება. სანაპიროზე, გოგებაშვილის ქუჩაზე შენდება კოშკი, საიდანაც კვირაში ერთხელ, 10-15 წუთის განმავლობაში, შადრევნიდან წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა გადმოვა". ეს ორიგინალური იდეა ტურისტების მოსაზიდად ჩაიფიქრეს და ის დრო, როდესაც შადრევნიდან ჭაჭა იდენს, კომერციულ კომპანიებს თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისთვის დაეთმობათ. როცა ბათუმის მერმა რობერტ ჩხაიძემ“ჭაჭის არყის შადრევნის შესახებ საინფორმაციო გამოშვებაში ისაუბრა, რამდენიმე კითხვა გამიჩნდა:

სამართლიანია ბათუმში ჭაჭა იფრქვეოდეს და თბილისში - გოგირდი? თბილისში ხალხს სასმელი წყლის შადრევნებს უკეტავდნენ (იხ. გვ 18-19), ბათუმში კი არაყსაც არ იშურებდნენ?

ტურისტებს ვიზიდავთ თუ ლოთებს?

ამიტომ გავაუქმეთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი?

"ზაკუსკა" იქნება?

იზრუნებს თუ არა ბათუმის მერია ტურისტების "პახმელიაზე"?

ხომ არ იგეგმება ხაშის აუზის გაკეთება?

ვიღაცები რომ იქ ოცლიტრიანი ბოცებით გაიჩითონ, მერე რა მოხდება? თუ ლიმიტი დაწესდება - ერთ კაცზე 100 გრამი?

გათვალისწინებულია თუ არა შემდეგი საფრთხეები:

თბილისელი ლოთების აჯანყება მოთხოვნით: "არ გვინდა გოგირდი, მოგვეცით ჭაჭა!"

რუსული ჯარის თვითნებური გადმოსვლა აფხაზეთიდან და აჭარის ოკუპაცია ერთადერთი მიზნით: დაეპატრონონ ჭაჭისმფრქვეველ შადრევანს!

შეგვიძლია თუ არა, ამ პროექტს დავარქვათ: "ვიჭაჭებით ტურისტების მოსაზიდად"?

დაბოლოს: ტურისტებს ვიზიდავთ თუ რუსეთის შემოერთებას ვაპირებთ?