"ხელისუფლება არ აპირებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება არ აპირებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას"

"საქართველო უცნაური ქვეყანაა, აქ ოპოზიციის ცენტრალური ფიგურა "აფინანსებს" თავის გუნდსაც და მმართველ პარტიასაც"

"ეს ხელისუფლება თუ არ წავიდა, უნდა ველოდოთ რეპრესიების გატარებასა და ღარიბი საზოგადოების სოციალურ ბუნტს. ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია, ხელისუფლებამ ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომ იმაზე უკეთესი წარმომადგენლობა მაინც იყოს პარლამენტში, ვიდრე დღეს არის. ახალმა მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანაში სოციალური ბუნტი არ მოხდეს", - გვითხრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა მარინა ჩიტაშვილმა.

- რით ახსნით იმას, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კრიტიკულად ილაპარაკა საელჩოებზე,  პარლამენტის წევრმა კი აშშ-ის ელჩზე განაცხადა, - ჯონ ბასი ჩვენ დირექტივებს ვერ მოგვცემსო.

- პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლება არ მიჰყვება თავისივე ლოგიკას. პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტი გვეუბნებოდა, რომ დავუახლოვდით ევროკავშირს და სავიზო რეჟიმი გამარტივდებაო. მას შემდეგ, რაც კონტროლის პალატამ დაიწყო სადამსჯელო ოპერაციები და დასავლურმა დემოკრატიამ განაცხადა, ეს შეცდომააო, უეცრად აღმოჩნდა, რომ ელჩები ზემოდან გვიყურებენ. ეს ორი განცხადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ხელისუფლებას ეგონა, დასავლეთი უპირობოდ დაუჭერდა მხარს. არადა, დასავლეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მხარს უჭერს ქვეყანას და არა კონკრეტულ პირს, მხარს უჭერს ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. თუ ხელისუფლება არ დაიცავს იმ ძირითად ღირებულებებს, რის გამოც დასავლეთი ეხმარება, დასავლეთი ღირებულებების მხარეს დადგება.

- მოწმენი გავხდით, როგორ ექცეოდა კონტროლის პალატა ოპოზიციის მხარდამჭერებს. ირაკლი ალასანია ლაპარაკობს შეიარაღებულ ფორმირებებზე. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება?

- თქვენს კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ - ხელისუფლება არ აპირებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასევე არა მგონია, ბატონ ალასანიას ისეთი უპასუხისმგებლო განცხადება გაეკეთებინა, რომელიც არ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ხელისუფლების თავნებობა, ადამიანების დაუცველობა, არასამართლებრივი გარემო, მასზე დამოკიდებული სასამართლო და ბატონი ივანიშვილისთვის შეჩერებული მოქალაქეობა მიუთითებს, რომ ამ გუნდს არ სურს ხელისუფლებიდან წასვლა. ეშინიათ, რომ თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ, ვეღარ მოვლენ კონსტიტუციური უმრავლესობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას თავის ჭკუაზე ვეღარ მართავენ.

სააკაშვილს პარლამენტში ცნობილი გამოსვლისას რომ ეთქვა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროო, ეს იქნებოდა ერთი განცხადება და მეორეა განცხადება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოსო.

სულ მახსენდება ორუელის "ცხოველთა ფერმა". როდესაც ცხოველებმა ყველა ის ცნება წაშალეს, რომლითაც დაიწყეს თავის სამყაროს შენება და ბოლოს თქვეს - ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორიაო. ცხოველთა სამყაროსაგან განსხვავებით, ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ.

- "ცხოველთა ფერმასთან" ანალოგიებს ბევრი ხედავს ჩვენს დღევანდელ ყოფაში.

- არც არის გასაკვირი, ორუელმა პოლიტიკური სატირა დაწერა და ასეთი პოლიტიკური სატირა განხორციელდება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის პრინციპებით არ იმართება. ამის გამო მეორდება იქ ასახული პროცესები ჩვენს რეალობაში.

- ხშირად არის განსჯა, რამდენად სწორი ტაქტიკა აირჩია ბიძინა ივანიშვილმა?

- მე ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა პროტაგონისტი, რომელიც იტყოდა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობა  არ აღუდგენიათ და რა უფლებით ეწევა პოლიტიკასთან მიახლოებულ საქმიანობასო. გასულ კვირას ასეთები გამოჩნდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების სახით და პავლე კუბლაშვილმაც განაცხადა, ივანიშვილს მოქალაქეობა არა აქვს და პოლიტიკური აქტივობა არ შეუძლიაო. ძნელად წარმომიდგენია, რომ ბატონმა ივანიშვილმა ჩემზე უკეთ არ დაითვალა, რამდენად აქტიურად წარმართოს პოლიტიკური აქტივობა. მას თავისუფლად შეიძლება უთხრან, რომ კონსტიტუციას არღვევს, რადგან ჯერ სასამართლო არ შემდგარა და გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ივანიშვილი დღეს შეზღუდულია. პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაციაც საკმაოდ სარისკო იყო. ხელისუფლებას შეეძლო მიდავება, პოლიტიკური კოალიცია ჩამოაყალიბა პირმა, რომელსაც ჯერ მოქალაქეობაც არ აქვს აღდგენილიო.

ზუსტად მაგას ველოდები და როდესაც ხელისუფლება ამას იტყვის, მაშინ გასაგები გახდება, რატომაც არ არის ივანიშვილი მეტად აქტიური. ვფიქრობ, ივანიშვილის იურისტები დააფიქსირებენ ყველა შემთხვევას, როდესაც ოპოზიციური პარტიების მომხრეები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. სხვანაირად როგორ დაიცვას მომხრეები, ქუჩაში დადგეს? სწორედ ამის პროვოცირება სცადა ხელისუფლებამ, რომ კოალიცია აღშფოთებულიყო და ქუჩაში გამოსულიყო. ბატონი ივანიშვილი მილიარდერია და შესაძლოა მისთვის არაფერს ნიშნავს, რომ არაფრის გამო 200 მილიონით აჯარიმებენ, მაგრამ ეს 200 მილიონი, ალბათ, დიდი წარმატებით მოხმარდება "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიას. საქართველო უცნაური ქვეყანაა, აქ ოპოზიციის ცენტრალური ფიგურა "აფინანსებს" თავის გუნდსაც და მმართველ პარტიასაც.

- აშშ-ის სენატში განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი იქნება ნატოში საქართველოს სწრაფვის საჩვენებლად. რაკი საკითხი ასე დაისვა, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო არ შეაფერხოს ამ გზაზე?

- თუ საქართველოს ხელისუფლება ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელშიც ის დასჯერდება მაქსიმუმ 10%-იანი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას (ჩვენი ტიპის ქვეყნებში სტანდარტული ზედა ზღვარი ეს არის), ასეთ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ მას ჰქონია სურვილი ამ ქვეყნის განვითარებისა, მაგრამ თუკი ხელისუფლება გააყალბებს არჩევნებს, მაშინ გამოჩნდება, რომ საკუთარი თავი უყვარს და არა ქვეყანა. ჩვენ ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება და შესაძლოა, როგორც მუბარაქის მმართველობის დროს იყო 30-წლიანი საგანგებო რეჟიმი, ასეთივე რეჟიმი დაგვიწესონ.

ხელისუფლება აყვავებულ ქვეყანაზე გველაპარაკება და ამ დროს ტელევიზიით აჩვენებენ საქველმოქმედო აქციას, სადაც გვესმის, 6 დედმამიშვილი ვართ და 3 წყვილი ფეხსაცმელი გვაქვსო. ამ ქვეყანაში კეთილდღეობაზე დამთავრებულია  ლაპარაკი.