"არ არსებობს ზღვარი, რომელსაც სააკაშვილი არ გადააბიჯებს" - კვირის პალიტრა

"არ არსებობს ზღვარი, რომელსაც სააკაშვილი არ გადააბიჯებს"

"სააკაშვილი ვირზეა შემჯდარი და იქიდან ჩამოსვლას არ აპირებს"

"გზა, რომელიც შევთავაზეთ პოლიტიკურ სპექტრს, არის ყველაზე მოკლე და გარანტირებული"

საქართველოს მოქალაქეობაზე ხელისუფლების უარი და ქრისტიან-დემოკრატების საკონსტიტუციო ინიციატივა ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე შეაფასა და დიპლომატებს მოუწოდა, ხელისუფლებას მოსთხოვონ განმარტება, რომელი კანონის საფუძველზე არ აღუდგინეს საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო გიორგი თარგამაძეს სააკაშვილის ხელისუფლების ადვოკატი უწოდა. გიორგი თარგამაძესთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ რა გახდა ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის საფუძველი:

- მჭიდრო კავშირი მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ქართულ დიასპორასთან და ეს თემა ხშირად ფიგურირებდა ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრებზე, რომლებიც დიდი ხანია წასული არიან საქართველოდან, გახდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაგრამ ფაქტობრივად არანაირი ბმა სახელმწიფოსთან ინსტიტუციურ დონეზე არა აქვთ. თუმცა, ფარისევლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ მხოლოდ ამის გამო გახდა ეს თემა აქტუალური. ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ საზოგადოება მოგებული დარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ჯანსაღი საარჩევნო გარემო, სადაც ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშე ერთი წესის მიხედვით ითამაშებს და ეს წესი იქნება სამართლიანი, კონსტიტუციურ და ეთიკურ ჩარჩოებში მოქცეული. როდესაც თვალსაჩინო გახდა, რომ ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს საარჩევნო ველის შესაზღუდად და იმისთვის, რომ რესურსებით მდიდარი მისი ერთ-ერთი ძლიერი ოპონენტი ლეგალურად საარჩევნო პროცესში ვერ ჩაერთოს, გადავწყვიტეთ ამ ვითარებიდან გამოსავალი მოგვეძებნა.

6 თვის წინ, როდესაც ბატონმა ივანიშვილმა პოლიტიკური განაცხადი წარუდგინა საზოგადოებას, მის განცხადებაზე ხელისუფლების რეაქცია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო. ქრისტიან-დემოკრატებმა მაშინ ვთქვით, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად სწორი იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება მოქალაქეობის შეცვლის თაობაზე, მისი წარსული საქველმოქმედო საქმიანობის გამო ის იმსახურებდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაჰბრუნებოდა. ეს პოზიცია განსაკუთრებით გაგვიმყარდა მისი უწმინდესობის განცხადების შემდეგ და დღემდე შეხედულება არ შეგვიცვლია. ჩვენ ველოდებოდით, რა პასუხს მიიღებდა ივანიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და ამის შემდეგ გამოვედით საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით.

- მაგრამ ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა შეფასდა ხელისუფლებისთვის სახის შენარჩუნების მცდელობად, რომელიც თავისი გადაწყვეტილების გამო ჩიხში იყო მოქცეული.

- ამ ხელისუფლებას სახე დიდი ხანია დამახინჯებული აქვს.  ჩიხში შესული რომელი მხარე იყო, ეგ კიდევ საკითხავია. ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ მუქარანარევი განცხადებები, აბა, გაბედოს და არ მომცეს მოქალაქეობაო. სააკაშვილმაც გაბედა, რადგან ასეთ საქმეში ყოველთვის ძალიან "გაბედულია" ხოლმე ჩვენი საზოგადოებისა და საქართველოსთვის რისკების მატების ხარჯზე. ამიტომ არავის ვურჩევდი სააკაშვილს გაეჯიბროს ასეთი ტიპის გაბედულებაში. ეს ყოველთვის ქვეყნის საზარალოდ მთავრდება ხოლმე და არა მარტო იმ პირისთვის, ვინც მას უპირისპირდება. არ არსებობს ზღვარი, რომელსაც სააკაშვილი არ გადააბიჯებს.

ქრისტიან-დემოკრატების ამოცანა იყო სახის შენარჩუნება ყველა ძირითადი პოლიტიკური მოთამაშისთვის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ და თუ ვინმეს ჰგონია, ჩვენი დადანაშაულება კომპრომატია, მე პირიქით ვფიქრობ. ჩვენი ინიციატივით ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა, ლეგალურად მიიღოს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა. მე ივანიშვილის გამარჯვებისთვის კი არ გამიკეთებია ეს, არამედ მისი უფლების დაცვისთვის. აქედან გამომდინარე, არავის არაფერს ვამადლი. ჩვენ ძალიან სწორი საქმე გავაკეთეთ და ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.

- მაგრამ ივანიშვილი თქვენთვის უხერხული კონკურენტია.

- ჩემთვის არ არსებობს წარმატება პოლიტიკაში, თუ ქვეყანა არ განვითარდება, თუკი საზოგადოებას არ ექნება ჯანსაღი არჩევანი. ჯანსაღი არჩევანი არ იქნება, თუკი ვინმესთვის საარჩევნო სივრცე დაიხურება. ყველაფერი, რაც საზოგადოების პოლარიზაციას, დაპირისპირებას უწყობს ხელს, არ შედის ჩვენს ინტერესში. რადგან მთავარი საარჩევნო თემა ხდება კომბალი, იქ ქრისტიან-დემოკრატების კონსტრუქციულობას და ზომიერებას ფასი აღარ აქვს. ჩვენ წარმატების შანსი პოლიტიკურ კონკურენციაში გვაქვს და არა ისტერიულ, ფსიქოზურ გარემოში.

- მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მადლიერი სულაც არ დარჩენილა თქვენი აქტიურობით და "სააკაშვილის დანამატი", "ნაციონალური მოძრაობის გაგრძელება" და "ხელისუფლების ადვოკატი" გიწოდათ.

- ვფიქრობ, ხელისუფლებასთან მიღწეული ჩვენი შეთანხმება სასიკეთოა ივანიშვილის და ათასობით ქართველისთვისაც, რათა მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო პროცესში. რომ გითხრათ, ივანიშვილის განცხადება სიურპრიზი იყო-მეთქი, ასე არ ყოფილა. რაც შეეხება ეპითეტებს, ვიფიქრე, ღირდა თუ არა ანალოგიური ეპითეტები დამებრუნებინა, მაგრამ გადავიფიქრე. კინკლაობის არანაირი სურვილი არა მაქვს. ამ 6 თვის განმავლობაში ამ კაცმა ეჭვიანობასა და საჯაროდ იარლიყების მიწებებაში ისეთი უნარი გამოავლინა, ვერ გავეჯიბრები, წაგებული გამოვალ.

- გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თქვენი ინიციატივა დროის გაყვანის მცდელობაა.

- თუკი ბატონ ცაგარეიშვილს ივანიშვილის ბედი ადარდებს, გაცილებით უნდა დაედარდიანებინა სამოქალაქო რეესტრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხს, რითაც ცხადი შეიქნა, რომ სააკაშვილი ვირზეა შემჯდარი და იქიდან ჩამოსვლას არ აპირებს. მით უმეტეს, როდესაც ემუქრებიან, ორმაგი მოტივაცია უჩნდება გაჯიუტებისა.

რაც შეეხება ვადებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ვადები ნათელი და პროგნოზირებადია. 5 მაისამდე ჩვენი ინიციატივის საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს და 2 კვირაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საკონსტიტუციო ცვლილებაზე. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმ მაისის ბოლომდე ეს პროცესი საკანონმდებლო დონეზე დასრულდება და მისი რეალიზება უნდა დაიწყოს. ასე რომ, გზა, რომელიც შევთავაზეთ პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას, არის ყველაზე მოკლე და გარანტირებული, რათა ყველას მიეცეს თავისუფალი კონკურენციის საშუალება.