"ამ ინიციატივით ცდილობენ, მიჩქმალონ დაშვებული უკანონობა" - კვირის პალიტრა

"ამ ინიციატივით ცდილობენ, მიჩქმალონ დაშვებული უკანონობა"

"მოიგონეს მეორე ნაწილი სპექტაკლისა, რომელსაც "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივა ჰქვია"

"ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მოვა უმრავლესობით და იქნება პრემიერ-მინისტრი"

"ეს იყო სააკაშვილის უკიდეგანო შიშის გამოხატულება", - ასე შეაფასა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ხელისუფლების უარი კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ:

- როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევა, ისე მოქალაქეობის მიცემაზე უარი რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეჭვი არ გვეპარება. საჯარო რეესტრის დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ სააკაშვილს კიდევ ჰქონდა ერთი დღე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ზუსტად ის მოხდა, რასაც ველოდით, მან ვერ დასძლია შიში რეალური კონკურენტისა. ის კონკურენციას ვერ გაუძლებს და არჩევნებზე დამარცხდება.

ალბათ, დასავლეთის რეაქციის გამო მიხვდა, რომ იმიჯი შეელახა და უკანონობა იოლად არ გაუვიდოდა, ამიტომაც მოიგონეს მეორე ნაწილი სპექტაკლისა, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა ჰქვია.

- რით არის ცუდი ეს ინიციატივა?

- ძალიან ცუდია თუნდაც იმიტომ, რომ იმ დღესვე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსში" წავიკითხე სათაური, რომელმაც გამაოგნა: "დავით ბაქრაძე ივანიშვილის გამო საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს". წარმოგიდგენიათ, პარლამენტის თავმჯდომარე მხარს უჭერს ერთი კაცის გამო საკონსტიტუციო ცვლილებას. ჯერ ამიტომაა ეს ყველაფერი მიუღებელი. ერთი კაცის გულისთვის, ვინც უნდა იყოს ის, არ შეიძლება კონსტიტუცია როგორც მოგეწონება, ისე მოირგო. ამ ინიციატივით ცდილობენ მიჩქმალონ დაშვებული უკანონობა. სხვა შემთხვევაში მოუწევთ აღიარონ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემაზე უარის თქმა უკანონობა იყო.

- ხელისუფლება ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენის საქმეში თავიდანვე შეცდომა დაუშვა.

- მოქალაქეობის მიღების ორი გზა არსებობს: ორმაგი მოქალაქეობა და ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ პირებს, ვინც არიან დაბადებული საქართველოში, ცხოვრობენ საქართველოში და ა.შ. ანკეტაში, რომელიც უნდა შეივსოს, არის ერთი კითხვა, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ? ანკეტის ბოლოში წერია, თუ საქართველოს მოქალაქეობა მომენიჭება, თანახმა ვარ დავთმო ამა და ამ ქვეყნის (ამ შემთხვევაში საფრანგეთის) მოქალაქეობა. რა საჭიროა ეს პუნქტები, თუ ნატურალიზაციის გზით მხოლოდ მოქალაქეობის უქონელ პირებს შეუძლიათ მისი მიღება. თუ მოქალაქეობის მისაღებად 5 იანვარს შეტანილ საბუთებში რამე ხარვეზი იყო, ხომ მაშინვე უნდა მიეთითებინათ? ასეც მოხდა, მოითხოვეს წერილი, რომელშიც საფრანგეთის საელჩო ამბობს, როგორც კი მიენიჭება ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, მაშინვე შევუწყვეტთ ჩვენს მოქალაქეობას, რადგან ამ თხოვნით მოგვმართაო. როდესაც საბუთების ჩაბარებისას აღმოაჩინეს, რომ საფრანგეთის საელჩოს წერილი აკლდა, რატომ ისიც არ გვითხრეს, რომ ეს ის გზა არ არის, რაც მოქალაქეობის აღდგენის საშუალებას მისცემდა. თუ ყველაფერი "უკანონოდ" იყო, 3 თვე მოუნდნენ ამის გარკვევას?

ის, რომ ამ ინიციატივას ქრისტიან-დემოკრატები ახმოვანებენ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისინი სწორად შეაფასა, როდესაც ფსევდოოპოზიცია უწოდა. ყველა პუნქტს, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს, ბიძინა ივანიშვილის სახელს აწერენ. თითქოს ყველაფერს მას "უკეთებენ". უნდათ აჩვენონ, ჩვენ ისეთი ხელისუფლება ვართ, ქვეყანა რომ დაიქცეს, კანონს არ დავარღვევთ, ერთნაირ პირობებს ვუქმნით ყველასო. თუ ასეთი გლობალური მნიშვნელობის ინიციატივაა, რატომ ეხება მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს? აშშ-ში, კანადასა ან სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანებმა რა დააშავეს, რომლებიც სულით ხორცამდე ქართველები არიან და ჯიბეში სხვა ქვეყნის პასპორტი უდევთ. არ არის ეს დისკრიმინაციული კანონი? ქრისტიან-დემოკრატების ამ ინიციატივას მელანი არ ჰქონდა შემშრალი, რომ მას ქება-დიდებით გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობა".

- მიუხედავად ყველაფრისა, ამ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შანსი უჩნდება.

- არ ვიცი, ეს ყველაფერი იურიდიულად რა სახეს მიიღებს. ქრისტიან-დემოკრატების "დახმარების" მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს არ შეუცვლია გეგმა, რომელიც შარშან ოქტომბერში გაკეთებული განცხადებიდან მომავალ ოქტომბრამდეა გაწერილი. ეს ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც მან თქვა, იგი პარლამენტში მოვა უმრავლესობით და იქნება პრემიერ-მინისტრი.

- სანამ ხელისუფლების გადაწყვეტილება და ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა გაცხადდებოდა, ივანიშვილმა რის საფუძველზე თქვა, 21 აპრილს, როგორც საქართველოს მოქალაქე, პარტიას დავაფუძნებო?

- ეს უფრო სიმბოლური ნათქვამი მგონია. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქე და 21 აპრილს კი არა, მას მერეც იქნება. საქართველოს მოქალაქეობა უფრო მეტია, ვიდრე ქართული პასპორტის ქონა. ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, თავს საქართველოს მოქალაქე უწოდოს.

- ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ "ფეისბუკში" გამოაქვეყნა წერილი: "მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და ეს შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა ის რეგიონებს ესტუმრება". როგორ შეხვდით ამ ინფორმაციას?

- რა თქმა უნდა, საყურადღებოა. არა მგონია, ადამიანები დაუსაბუთებლად ასეთ რამეს ამბობდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ სერიოზულად მოვეკიდეთ ამ ინფორმაციას. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი წავა კომახიძესთან დეტალების გასარკვევად.

- უკვე გაემგზავრა?

- შეიძლება, ეს სხვა სამსახურის კომპეტენციაა და, ალბათ, არც არის საჭირო იმის გახმაურება, ვინ წავა და რა ინფორმაციას ჩამოიტანს.