"ხელისუფლება უკვე თავდაღმართში მიექანება" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება უკვე თავდაღმართში მიექანება"

"რაღა დროს დაღლა და შიშია, როდესაც გამარჯვება გარდაუვალია?"

"ივანიშვილს მხარდამჭერები ჰყავს, ხელისუფლებას დამჭერები"

"ნაციონალური მოძრაობის" ზონდერებიც ხედავენ, სამართალთან ერთად ძალა საით გადაიხარა და ერთ დღესაც თავის ჭკუის მასწავლებლებს მოუბრუნდებიან და სიგრძეს სიგანედ გაუხდიან. თავისივე გაწვრთნილი ხალხი ამ ხელისუფლებას ისეთ დღეში ჩააგდებს, ჩვენი დასაცავები გახდებიან", - მითხრა პოეტმა დათო მაღრაძემ, რომელთან საუბარი ხელისუფლების ქმედებების შეფასებით დავიწყეთ:

- "ნაციონალური მოძრაობის" უმეტესობა ისტორიულმა შემთხვევითობამ მოიყვანა ხელისუფლებაში. არადა, ამ ხალხის დანიშვნა ორი კაცის უფროსადაც არ შეიძლებოდა, ვინაიდან არც ცოდნა და არც გამოცდილება არ ჰქონიათ. მათი მთელი სიავე იქიდან  მოდის, რომ სურთ დაამტკიცონ, მათი ხელისუფლებაში ყოფნა ისტორიული შემთხვევითობის ნაყოფი კი არა, ქვეყნის ლოგიკური განვითარების შედეგია. ვინც ხედავს, რომ ეს ხალხი სრულიად მოუმზადებელი და უსუსურია, მათდამი დაუფარავ აგრესიას გამოხატავენ.

ხელისუფლებას სძულს ის ადამიანები, ვის თვალშიც ვერ ნიღბავენ საკუთარ უმეცრებას.

ამის გამო სძულთ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი.  საკუთარ სულიერ სამყაროში ცუდის მეტს რომ ვერაფერს ხედავენ, ჰგონიათ, ხალხიც ასეთია. ამიტომ დაატეხეს აგრესია იმ ხალხს, რომელიც იბრძვის, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაიცვას საქართველოში და სამართალი გააჩინოს ქვეყანაში.

- ხელისუფლებამ უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რომელიც მომავალ არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტია.

-  ივანიშვილს წაართვეს პასპორტი და ეს მოხდა მაშინ, როდესაც მოსახლეობის 70%-მა დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პასპორტის დაბრუნებას ითხოვს. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პასპორტს ეძიძგილავება. რაც შეეხება მოქალაქეობას, "ნაციონალური მოძრაობა" ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ვერც ჩამოართმევს და ვერც მიანიჭებს. საქართველოს მოქალაქეობა ჩვენმა სამშობლომ მოგვანიჭა და "ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობებს აღემატება აქ დაბადებული კაცისთვის მოქალაქეობის მინიჭება-ჩამორთმევა. ამ ერთ პასპორტზე არ დაუკიდია ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" ბედ-იღბალი, მაგრამ პასპორტსაც წავართმევთ ხელისუფლებას. სხვა გზა არა აქვს, რადგან დაემთხვა, რომ საერთაშორისო სამყაროს, იმ ქვეყნების სულისკვეთება, რომელთაც დემოკრატია არ ესწავლებათ, ქართველი ხალხის სულისკვეთებასთან თანხვედრაშია. ქართველი და საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევენ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს.  ქართველი ხალხის წადილია, არჩევნები ჩატარდეს საქართველოში, ხოლო ხელისუფლების წადილია, არჩევნები ჩატარდეს მის მიერ მოგონილ ქვეყანაში, სადაც აქვს მაღალი რეიტინგი, ჰყავს მეხოტბეები და სადაც ხალხი კმაყოფილია. ასეთი ქვეყანა არსებობს მათ მანიაკურ აზროვნებაში და არ არსებობს რეალურად.

- ბოლო გამოკითხვებით ხელისუფლებას 47% მხარდამჭერი ჰყავს.

- ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საქართველოში, "ნაციონალურ მოძრაობას" კი - დამჭერები.

დამჭერი მარტო ის არ არის, ვინც ფიზიკურად აპატიმრებს ადამიანს. დამჭერი არის ის, ვინც ადამიანის უკანონო დაკავებას ამართლებს, აფერადებს, ნიღბავს, ადასტურებს და ამას სახელმწიფოებრივ აზროვნებას არქმევს. ჩვენ გვყავს მხარდამჭერები და მათ ჰყავთ დამჭერები, - ამ ეტაპზე ასე გაიმიჯნა საქართველოს მოსახლეობა, თორემ ხვალ ისევ შეერთდება საქართველო, ნაწილი შეეგუება თავის ბედს, რომ თავისი ცოდნის მიხედვით იპოვოს ადგილი საზოგადოებაში და არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობით. კუთვნილ ადგილს ამ ხალხს არავინ დაუკარგავს, მაგრამ ზედმეტსაც არავინ მიანიჭებს. ეს გარდაუვალი, შეუქცევადი პროცესია.

- ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივაზე რას იტყვით, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს და ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც 10 წელი ცხოვრობდნენ საქართველოში, პოლიტიკური საქმიანობის საშუალება მიენიჭოთ.

- ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება დათმობა არც ქრისტიან-დემოკრატებისგან და არც "ნაციონალური მოძრაობისგან". ვინც ბიძინა ივანიშვილის პასპორტს უჯრაში მალავს, ეს იმის პრობლემაა, ივანიშვილს არავის მოხმარება არ სჭირდება. მან ზუსტად იცის, რაც მისი მშობლიური წიაღიდან არის. ეს ისეთი ღვთაებრივი განცდაა, ამას არავის მიხმარება არ სჭირდება. ეს ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხმარება, გამოსავლის ძიებაა მათი მდგომარეობიდან გამოყვანისათვის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დიდ სისულელესა და აბსურდში ჩაიგდო თავი. არსად მინახავს ასეთი დისკრიმინაცია, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს არა აქვს უფლება, ნატურალიზაციის წესით გახდეს საქართველოს მოქალაქე, მაშინ, როდესაც ერაყის ან ირანის მოქალაქე მშვენივრად გახდება საქართველოს მოქალაქე. გაუგონარ სისულელეში ჩაიგდეს თავი და რაც უფრო მოახლოვდება გარდაუვალი რეალობა, მით მეტ აბსურდში ჩაცვივდებიან.

ერს უკიდურესი აპათიისა და ნიჰილიზმის დროს არ ტოვებს განგება და შექმნის ისეთ რეალობას, სადაც ერს გაამარჯვებინებს.

- ხშირად ლაპარაკობენ ივანიშვილის შეცდომებზე, რომ მან პოლიტიკური სპექტრი გაყო.

- როდესაც ადამიანი პოლიტიკურ პარტნიორებს ირჩევს, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავის ჭკუის სწავლება არ სჭირდება. ამის თქმის საშუალება ახლა მაქვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვა ხელისუფლებაში, ამას აღარ ვიტყვი, რადგან პოეტისაგან ხელისუფლების მეხოტბეობა გამოვა. სანამ პასპორტი აქვს წართმეული და მერეც, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება, ვიტყვი ჩემს სათქმელს.

დღეს ერთი რამ გამოაშკარავდა, - ხალხის რაც იყო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ მისია, საპირისპიროდ ამისა, ბიძინა ივანიშვილმა, რაც მისი იყო, ქართველ ხალხს მისცა.

- რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

- პასუხისთვის ჩემს უფროს საამაყო მეგობარს, ჭაბუა ამირეჯიბს დავესესხები, - "დურუ ძიგუას რომ ესვრით, ის კაცები ხართ თქვენ, მე რომ მესვრით, ის კაცები არა ხართ, წუპაკო მამაძაღლებო". ამით ყველაფერი ნათქვამია.

- ამას წინათ მსახიობი ზაზა პაპუაშვილი წუხდა იმაზე, რაც თეატრში ხდება. მწერლობაში როგორაა საქმე?

- ზაზა პაპუაშვილი ქართული თეატრალური ხელოვნების ვარსკვლავია,   რუსთაველის თეატრი იყო ადგილი, სადაც ის თავს არტისტად გრძნობდა. როდესაც ის ადგილი "ვარსკვლავთცვენასა" და იაფფასიან რამეებს ეთმობა, გასაგებია მისი განცდა. მას უდიდეს რეჟისორთან უმუშავია და ეს ბედნიერებაა არტისტისთვის. ზაზას განცდა უწრფელესია, განსხვავებით იმათგან, ვინც არ არის ნამდვილი არტისტი, ვინც ვერ იპოვა ნამდვილ რეჟისორთან ის ადგილი, რისი ამბიციაც ჰქონდა და გახარებულია იმით, რომ რობერტ სტურუა აღარ არის თეატრში. თეატრი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია (იქ არის რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი, გამნათებელი), პოეტს კი არ სჭირდება ამდენი რამ. პოეტს სჭირდება განწყობა, სულიერი ენერგია, კალამი და ფურცელი. ამიტომ მე ამ ხელისუფლების ქმედებები არ მაღელვებს.

ამ ხელისუფლების სულიერ წინაპრებს ეგონათ, ილია ჭავჭავაძე წიწამურის გზაზე მოკლეს. სინამდვილეში ვერ მოკლეს და თვითონ დააყენეს თავი ილიას მკვლელებად. საქართველოს ისტორიას ჩვენისთანა ხალხი წერს და არა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები.  უვიცობით ნასაზრდოები აგრესია ყოველთვის მივა უკიდურეს წერტილამდე, მივიდა უკვე, ხელისუფლება უკვე თავდაღმართში მიექანება.

- ინფორმაცია, რომ ხალხის დასაშინებლად შეიარაღებული ფორმირებები იქმნება, არ მიგაჩნიათ სამართლიანი არჩევნებისთვის საფრთხედ?

- შიში ისეთი რამ არის, რომელსაც ვერ გადააგორებ. თუ ერთხელ შეშინდი, წინ უფრო მძაფრი შიში გელის. ვეღარ ვხედავ ამ შიშს ქართველ საზოგადოებაში. არ მინახავს შიში 7 ნოემბერს, როდესაც ძვლები დაუმტვრიეს ხალხს და ამის მერე აპრილის დღეები წამოვიდა. ამას 26 მაისი მოჰყვა, როდესაც ხალხი დახოცეს და იმას 28 მაისი მოჰყვა. ქართველი ხალხი უსამართლობას არ ეპუება და არც სამართლიანობისათვის ბრძოლაში იღლება. რაღა დროს დაღლა და შიშია, როდესაც გამარჯვება გარდაუვალია? ეს ზონდერები ხავსია, რომელსაც წყალწაღებული "ნაციონალური მოძრაობა" ებღაუჭება, მაგრამ ბოლომდე ვერ დააზომბირებ ადამიანს, რომელმაც იცის, რომ თავის დედასთან, მამასთან, დასთან, ძმასთან და შვილთან მიდის საბრძოლველად. შეიძლება ეს ერთხელ ჩაადენინო, ორჯერ, მაგრამ მთელი ცხოვრების წესად უქციო მშობლების, შვილებისა და და-ძმების ცემა-ტყეპა, ამაზე ხელს ვეღარ მოაწერინებ, რადგან ოდესღაც ის ზონდერიც ღმერთის წინაშე უნდა წარდგეს და იცის, რაც ჩაიდინა, ისიც ეყოფა ცოდვად, კიდევ არ დაამატებს. ყველა ადამიანში არის ჩაკლული მოცარტი და გამძაფრებულ ვითარებაში იღვიძებს ეს ნაპერწკალი. ზომბი ადამიანად გადაიქცევა და თავის ამ დღეში ჩამყენებელს მოუტრიალდება.

ეს საქართველოა და ზონდერის შვილსაც ეტყვის კლასელი, მამაშენმა მამაჩემის მკვლელობაში მიიღო ხელფასი, რომლითაც კარგად გაცვიაო... ყველა ადამიანი თვითონ იგდებს თავს ჯოჯოხეთში და ყველა ადამიანს თვითონ შეჰყავს თავისი სული სასუფეველში. ამ ხელისუფლების ბედისწერა ტრაგიკული იქნება, მაგრამ ავაზაკი პირველი შევიდა სასუფეველში, "ნაციონალური მოძრაობის" ბევრ წევრს აქვს შანსი, თუ სისასტიკეში არ წაჰყვებიან თავიანთ აქტივისტებს. ეს ხალხი მსხვერპლია ამ ხელისუფლებისა და იმედია, სამუდამო ცოდვას არ დაიდებენ წინაპრისა და საკუთარი მომავლის წინაშე.

- "ამომრჩეველთა ლიგაში" ბევრი თქვენი მეგობარია და თქვენც ამ ორგანიზაციაში ხომ არ გიხილავთ?

- ძალიან დიდ რესურსს ველი ამ მართალი წამოწყებიდან. "ამომრჩეველთა ლიგაში" არის ხალხი, რომელსაც სიმართლისათვის თავდაუზოგავად უბრძოლია. 21 აპრილს ნეაპოლში მივდივარ ჩემი წიგნის ("ნაფეხურები წყალზე") პრეზენტაციაზე, თუმცა 28 აპრილს რუსთაველზე ვიქნები "ამომრჩეველთა ლიგის" აქციაზე.

როცა "ნაციონალების" აქტივისტები ამბობენ, ივანიშვილი წარსულისკენ ექაჩება საქართველოსო, რა უნდათ ამით დაგვიხატონ, რომ ივანიშვილი საბჭოთა პერიოდისკენ ექაჩება თავის ქვეყანას?

- თქვეს, რაც იგულისხმეს, 90-იანი წლებისა და ბანდფორმირებებისკენო.

- ბანდფორმირებები და ზონდერები "ნაციონალურ მოძრაობაში" მოიკითხონ. წარსულიც, აწმყოც და მომავალიც პირობითი დროებია. არსებობს ღვთაებრივი დრო, როდესაც ყველა დრო იშლება. ღვთაებრივი დრო მათთვის თუ წარსულია, მე მინდა "ვეფხისტყაოსანთან", გოგებაშვილთან, აკაკისთან, ილიასთან, ვაჟასთან დავაბრუნო საქართველო. მათ თუ ეს წარსული ჰგონიათ, მე ეს დრო მინდა, რომელიც წარსული კი არა, მომავალი მგონია. თუ წარსულია აკაკის ნათქვამი, "ჩონგურს სიმები გავუბი, მოვმართე ნელა ნელაო, შევუხმატკბილე ერთმანეთს, ოდელა, დელა, დელაო", -  ამ წარსულში ვცხოვრობ დღესაც და ამ დროში ცხოვრების სურვილს ვხედავ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებაშიც".