მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

გამწარებული კონსტიტუციის ჩივილი

ბოლოს და ბოლოს, მე კონსტიტუცია ვარ თუ ქათამი?! ახლა არ მკითხოთ, ქათამი რა შუაშიაო. როგორ თუ, რა შუაშია! განა ქათამმა არ თქვა: ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ღორი დაკლეს, მე წამაკლესო? ჰოდა, ასეა ჩემი საქმეც: ედიკას დასჭირდა - მე გადამაკეთეს, ჟვანიას დასჭირდა - მე გადამაკეთეს, მიშას დასჭირდა - მე გადამაკეთეს; ახლა ბიძინას თუ ისევ მიშას დასჭირდა და ისევ მე გადამაკეთეს! მე თქვენ გეკითხებით: კონსტიტუცია ვარ თუ ქათამი?! რას მერჩით, რა დავაშავე?!  ვინც როგორ ხასიათზეგაიღვიძებს, ისე მექცევა. ქათმობას ვინ ჩივის, ზოგიერთი, საერთოდ, პიჯაკს მეძახის. ხან შევარდნაძის ტანზე ვიყავი მორგებული, ხან - სააკაშვილის. გამარკვიეთ, კონსტიტუცია ვარ, ქათამი თუ პიჯაკი?

ეს კიდევ რა არის - ზოგიერთი საერთოდ გაბახებულს მიწოდებს, კონსტიტუცია კი არა, პროსტიტუციააოო. ჰოდა, კონსტიტუცია ვარ, ქათამი, პიჯაკი თუ პროსტიტუცია?! ყველა მე როგორ მერჩის? დაბალი ღობე მნახეთ, თქვე ფარჩაკებო?! ახლა არ დამიწყოთ, კორექტულობა დაიცავი, ასეთი უზრდელი კონსტიტუცია ჩვენ ჯერ არ გვინახავსო. აბა მე მკითხეთ?! ასეთი შერყვნილი და გაუპატიურებული კონსტიტუცია გინახავთ?! როგორც მექცევით, მეც ისე გელაპარაკებით. ამ დროს ყველაზე დიდ პატივში მე უნდა გყავდეთ. ყველაზე ხელშეუხებელი მე უნდა ვიყო!..

თქვენ კონსტიტუციას არ სცემთ პატივს და კანონებს რას უზამთ?! მოკლედ, შევარდნაძე ნუ გამიხადეთ სანატრელი. იმ კაცმა ერთხელ მომირგო საკუთარ თავზე და შემეშვა, თქვენ კიდევ ყოველ მეორე თვეში მირგებთ. ან  რით ვეღარ მოიფიქრეთ ის მოდელი, რომელიც გაწყობთ? მეკაიფებით, თქვე ჩემისებო?! ხმა არ გავიგო კორექტულობაზე! გამწარებული ვარ!!!

ხაფანგში მომწყვდეული

ამას წინათ დავწერე, რომ სერიოზულად ველოდი, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის ბოლოს პრეზიდენტი აიღებდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ბრძანებას და იქვე, ყველას თვალწინ, მოაწერდა ხელს, თან იტყოდა: "მართალია, ჩვენი აზრით, სრულიად კანონიერად ჩამოერთვა ივანიშვილს მოქალაქეობა, მაგრამ იმის ნიშნად, რომ არავისი და არაფრის გვეშინია, იმის ნიშნად, რომ ჩვენ არჩევნების წინ თანაბარი პირობების მომხრე ვართ, ვაძლევ მას მოქალაქეობას და დაგვიდგეს არჩევნებზე!" აი, ეს იქნებოდა მისი მხრიდან პიარის თვალსაზრისითაც მომგებიანი ნაბიჯი და შეცდომას, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით დაუშვა, თავის  სასარგებლოდ შემოატრიალებდა. დღეს რა მივიღეთ? ხელისუფლებამ იმის მაგივრად, ერთხელ მაინც საკუთარი თავისთვის ეჯობნა და ეჩვენებინა, რომ შეცდომების აღიარებაც და გამოსწორებაც შეუძლია, რომ უკან დახევა ყოველთვის მარცხს არ ნიშნავს, ადგა და შემოვლითი გზების ძიება დაიწყო. იპოვა კიდეც (?!) - ხელისუფლება მზად აღმოჩნდა, კონსტიტუცია შეეცვალა, ოღონდ უკან არ დაეხია. მზად აღმოჩნდა, ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის, ვისაც საქართველოში 10 წელი უცხოვრია, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა, ოღონდ საკუთარი შეცდომა არ ეღიარებინა. მოკლედ, მზად აღმოჩნდა ყველაფრისთვის, გარდა ღირსეული ნაბიჯისა!

მძლეთამძლე?!

სერიოზული ეჭვი მაქვს, იმას, ვინც ივანიშვილის სარეკლამო კამპანიას გეგმავს, უფრო მეტ ფულს სააკაშვილი უხდის. პირადად მე ასე უნიჭოდ დაგეგმილი პიარკამპანია ჯერ არ მინახავს. საინტერესოა, ვინ ურჩია მას, რომ მისი მოქალაქეობის საკითხზე ასეთი აქცენტის გაკეთება კარგი სვლა იქნებოდა. ჯერ იყო და, დღეების თვლა დაიწყეს: ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემამდე დარჩა: 10 დღე, 9 დღე, 8 დღე და ა.შ. შემდეგ ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, ერთი გაბედოს და სააკაშვილმა მოქალაქეობა არ მომცესო. გაბედა, ბატონო და რა მერე? არც არაფერი!

ახლა ახალი კლიპების ტრიალი დაიწყეს. ვიღაც ყმაწვილი ამბობს: "სააკაშვილი ვერ ბედავს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას! სააკაშვილს ეშინია!" ეს რეკლამა პირველად რომ ვნახე, ოთახში რამდენიმე ადამიანი ვიყავით და ყველას ხარხარი აუტყდა. ერთმა თქვა, ჰო, ეშინია, შიშისგან მარცხენა ფეხი უკანკალებსო, მეორემ - არა, მარცხენა თვალი აუთამაშდაო, მესამემ - ისეა შეშინებული, სულ ოფლში იწურებაო და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა გამხიარულდა. თუ ამ სარეკლამო კამპანიის მიზანი ხალხის გამხიარულებაა, მაშინ მიზანს მიაღწიეს, თუმცა ვეჭვობ, ამისთვის ირჯებოდნენ. საინტერესოა, რატომ ფიქრობს ივანიშვილი, რომ თუ სააკაშვილს შეშინებულად წარმოაჩენს, მომხრეებს მოიმატებს? საერთოდ, რა საჭიროა შიშზე ამდენი ლაპარაკი? აქეთ ხალხია შეშინებული და დაშინებული, იქით - სააკაშვილი. ერთადერთი ივანიშვილია "უშიში, ვითარცა უხორცო"! რას მიიღებს ივანიშვილი ხალხის იმაში დარწმუნებით, რომ სააკაშვილი შეაშინა? ამით მისი უძლეველობის მითს დაამსხვრევს? ეს, უბრალოდ, ინფანტილიზმია, ეს უკვე ნანახი გვაქვს. განა ასე არ აშინებდა გაჩეჩილაძე სააკაშვილს, როდესაც ყვიროდა, მიშა მოვდივარო?! მე მგონი, ხალხი თავისი ცხოვრების გამაუმჯობესებელს ელოდება და არა - გველეშაპთან მებრძოლ მზეჭაბუკს.

ბავშვმაც კი იცის, ვინ არის მიშა

უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ საქართველოში ბავშვები პირველ სიტყვას  თუ "დედას" სწავლობენ, მეორე - "მიშაა". ვიღას ახსოვს მამა, ბებია და ბაბუა. ეს გასაკვირი არც არის. ალბათ, ზოგიერთი ბავშვი მიშას უფრო ხშირად ხედავს, ვიდრე საკუთარ მამას. ბებიასა და ბაბუაზე აღარაფერს ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, ზოგს შეიძლება მამა, ბებია და ბაბუა არც ჰყავდეს, პრეზიდენტი კი ყველას ჰყავს. მამამ შეიძლება მიგატოვოს, პრეზიდენტმა - არასოდეს! ეს ჩვენი მოსახლეობის მცირეწლოვან ნაწილს, როგორც ჩანს, კარგად აქვს გაცნობიერებული.

წინა კვირას სახელისუფლებო ტელევიზიებმა დიდი ამბით გვაჩვენეს, ბორჯომში ჩასულმა პრეზიდენტმა როგორ ჰკითხა სამიოდე წლის გოგონას - რამდენი წლის ხარო? გოგონამ კი პასუხად:  "მიშა, მიშაო" დაიყვირა. ამ მომენტის გამო პრეზიდენტმაც კი უხერხულობა იგრძნო. თუმცა, როგორც ჩანს, მას და მისი გუნდის წევრებს ეს ამბავი ძალიან მოეწონათ, რადგან სახელისუფლებო არხებმა პრეზიდენტისა და გოგონას ეპიზოდი ატრიალეს და ატრიალეს. სერიოზულად მაწუხებს ორი კითხვა: ბავშვმა თავისით მოიფიქრა ეს ყველაფერი თუ დედამ ასწავლა? და რატომ არ ამოჭრეს სახელისუფლებო არხებმა, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლების ჭკუაზე დადიან, ეს მართლაც უხერხული ეპიზოდი? საინტერესოა, რატომ ფიქრობს დედა, რომ შვილს პრეზიდენტის სახელი უნდა აძახებინოს და რატომ ფიქრობს პრეზიდენტის გუნდი, რომ სასარგებლო იქნება, თუ ამას მთელი საქართველო ნახავს? ახლა ისღა დაგვრჩენია, პრეზიდენტს ლექსებიც ვუძღვნათ. ახლის დაწერაც კი არ არის საჭირო, მაგალითად "კაკო ყაჩაღის" ერთ ეპიზოდში თუ "კაკოს" მაგივრად "მიშას" ჩასვამთ, ყველაფერი მშვენივრად იქნება: "შორს გავარდნილა შენი სახელი, / ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ”მიშა”! / შენზედ მიუბნობს კაცი და ქალი, / ვისაც ენა აქვს, შენ ყველა გაქებს; / შენი ამბავი, ეხლა მართალი, / ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს".

არ მითხრათ, ახლა, ასე არ არისო!