"ხელისუფლება მოსახლეობას იჯარის გადახდას იმ მიწებზე აიძულებს, რომელსაც თავად ვეღარ აკონტროლებს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება მოსახლეობას იჯარის გადახდას იმ მიწებზე აიძულებს, რომელსაც თავად ვეღარ აკონტროლებს"

ინფორმაცია გავრცელდა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას კარ-მიდამოს დაკარგვის საფრთხე ექმნებაო. მიზეზი სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მიწებზე დავალიანების გადაუხდელობაა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთები ქართული მხარის კონტროლქვეშ აღარ არის ან უსაფრთხოების უქონლობის გამო მათი დამუშავება ვერ ხერხდება(?!). ეს ინფორმაცია საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა არეშიძემ დაგვიდასტურა, რომელიც რეგიონულ საკითხებზე მუშაობს.

"მიწების ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, ნაწილი უსაფრთხოების მიზნით არ მუშავდება, სალთვისის სარწყავ არხს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს, რის გამოც სასოფლო სავარგულები გამოიფიტა. იჯარის გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლება ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი ბიუჯეტის შევსებაა. ამ პოლიტიკის წყალობით კი სოფლები ცარიელდება, მოსახლეობას კარ-მიდამოს ჩალის ფასად გაყიდვა უწევს, რომ იჯარის გადასახადი დაფაროს. ხელთ მაქვს მათი სია, როგორც ჩანს, თავის დროზე შეძლებულები იყვნენ, ზოგს სახელმწიფოსგან 100  ჰექტარიც აქვს აღებული იჯარით, ზოგს - 62. ლაპარაკია სოფელ ზემო ნიქოზის, ქვეშის, მერეთის მიწებზე. თავის ნაკვეთებზე ვერ შედიან ჯარიაშნელებიც, რომელთა იჯარით აღებული მიწებიც ოსური სოფლის, ზემო არსევის საზღვართან მდებარეობს. ზოგიერთის ნაკვეთზე ოკუპანტებს ესა თუ ის ნაგებობა აქვთ აშენებული, ზოგი მიწა უპატრონოდაა მიტოვებული, რადგან ე.წ. "საზღვართან" ახლოს არის, იქ, სადაც რუსებისა და ოსების ბლოკპოსტებია. მაგალითად, სოფელ არბოსთან სამი ნაკვეთი ოკუპირებულია და სოფელ ერედვის ხილის ბაღებს ესაზღვრება. ამ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ძაღლებით დადიან და ქართველ გლეხებს არათუ მიწის დამუშავების, უსაფრთხოების პრობლემაც ექმნებათ.

ამიტომ დაგროვდა გადასახადი ათასობით ჰექტარზე. ეს სია ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ, ოთანაშვილმა მომაწოდა და მითხრა, საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს და იქნებ ეს ინფორმაცია ამ ხალხის გვარების დასახელების გარეშე გაახმაუროთო. ჩვენი წარმომადგენელი ჩავიდა და დაათვალიერა იქაურობა. გავიგეთ, რომ შიდა ქართლის სამხარეო სტრუქტურაში მოკალათებული კონტროლის პალატის წარმომადგენლები ხალხს იბარებენ და მკაცრად აფრთხილებენ, დავალიანების გადაუხდელობის გამო საურავები დაგერიცხებათ და კარ-მიდამოების გაყიდვა მოგიწევთო(!).

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მოსთხოვოს მოსახლეობას იჯარის გადასახადი იმ მიწებზე, რომელსაც თავად ვეღარ აკონტროლებს. ვფიქრობ, ისინიც უნდა გათავისუფლდნენ გადასახადისგან, რომლებიც კონფლიქტის ზონასთან ახლოს მიწას ვეღარ ამუშავებენ".

ლია ჩლაჩიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრი - ერგნეთის" ხელმძღვანელი: "ლაპარაკია 49-წლიანი იჯარით გაცემულ მიწებზე. ომმა ყველაფერთან ერთად უწყლობის პრობლემაც შექმნა, მაგალითად, ერგნეთში 300 ჰექტარი სავარგული გადახმა. სარწყავი არხი ცხინვალიდან იღებს სათავეს, წყალი დაღმა, შიდა ქართლის მიმართულებით მოედინება. 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალმა გადაკეტა არხი და ლიახვს შეუერთა. ახლა წყალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოედინება, ქართლის სოფლების ნაწილში, რომლებიც ქვედა უბანს ეკუთვნის, წყალსაქაჩები გაკეთდა და მიწები ირწყვება. ზედა ტერიტორიებზე კი ბალახიც აღარ ამოდის. ომის შემდეგ საქართველოში ეუთოს წარმომადგენელი ჩამოვიდა და ბორის ჩოჩიევს შეხვდა, ჩოჩიევმა თქვა, ჩვენ გამოვუშვებთ სარწყავ წყალს, სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორს გაზი მიაწოდოსო. ქართულმა მხარემ - ახალგორში რუსების სამხედრო ბაზებია და ოკუპანტებს გაზს არ მივაწვდითო. ამით ისევ ქართველები დაზარალდნენ.

იმ მიწების მფლობელები, რომელთა ნაკვეთებიც ოკუპირებულ ზონას ესაზღვრება, 2008 წლის ომის შემდეგ ერთი წლით გაათავისუფლეს გადასახადისგან, 2010 წლიდან კი ეს შეღავათი მოეხსნათ. აქ მოსახლეობის 98% უმუშევარია და მიწის დამუშავების გარდა სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნია, სოფლის მასობრივად დაცარიელების პრობლემა ხელოვნურად იქმნება! ეს პრობლემები თუ არ მოგვარდა, ამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სოფლებიდან მიგრაცია დაიწყება".