მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ისიც აღარ აქვთ, ანუ...

რუსები ადრე გვებრძოდნენ, ახლა გვბაძავენ! თუ, თან გვებრძვიან და თან გვბაძავენ? მოკლედ, როგორც არის... მათ უნდათ ჩვენი განათლების რეფორმა, ჩვენი პოლიციის რეფორმა, ჩვენი შუშის შენობები... ასე გვამცნეს  ხუთშაბათს სამთავრობო არხებმა. თუ ადრე რუსებს ჰქონდათ ლოზუნგი: "დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!" ახლა ის ასე შეიცვალა: "დავეწიოთ და გავუსწროთ საქართველოს!" საქართველო ხდება მათი საოცნებო ქვეყანა. ტურისტები ხომ აწყდებიან ლარსის გამშვებ პუნქტს, იმდენი არიან, რომ მებაჟეები არ გვყოფნის და მათ დასახმარებლად პრეზიდენტი ჩადის. მოკლედ, ჩვენ რუს ტურისტებს ვერ გავცდით, რუსები - ქართულ რეფორმებს. თუ ქართველებს 37 მანეთად რუსეთში გაფრენა და იქ ერთ ბოთლ ჭაჭაზე რუსის ქალებში "გაგულავება" ენატრებათ, რუსები ჩვენს არაკორუმპირებულ პოლიციას და შუშის შენობებს შენატრიან. საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანააო, - უთხრა პრეზიდენტს ერთმა რუსმა თუ ჩრდილოკავკასიელმა, რომელსაც ტურისტისა ბევრი არაფერი ეცხო. ის საცოდავი, ალბათ, რუსეთის გარდა აქამდე მხოლოდ ბელორუსიაში იყო ნამყოფი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ხომ დარჩა აღფრთოვანებული ჩვენი დემოკრატიით?! კიდევ კარგი, ქართული არ იცოდა, თორემ ის რომ გაეგო, როგორ თქვა პრეზიდენტმა: მალე გვირაბს გავიყვანთ და სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) თბილისის გარეუბანი გახდებაო, საერთოდ შოკში ჩავარდებოდა. ისინი ხომ ვერასოდეს ეღირსებიან, რომ, მაგალითად, სოჭი მოსკოვის გარეუბანი გახდეს?! ესეც თქვენ! ჩვენ კიდევ უმადურები ვართ. რუსები აფასებენ ჩვენი პრეზიდენტის ნამოქმედარს, ჩვენ - ვერაფერს ვხედავთ.

რეფორმებს და შუშის შენობებს ვინ ჩივის, რუსებს თურმე სამხედრო წარმოებაშიც გავუსწარით. რუსებმა "დიდგორი" რომ დაინახეს, "ივეკოს" ბაზაზე თავიანთი "ბეტეერის" შექმნა დაიწყეს, რომელიც ცდილობს, "დიდგორს" დაეწიოს. რუსეთი რომ პოლიციის რეფორმებში, შენობებში, მანქანებში, ეკონომიკურ რეფორმებში გვბაძავს, ეს არ მიკვირს, მაგრამ შეიარაღებაშიც თუ ოდესმე მოგვბაძავდნენ, არ მეგონა. "ე.ი. მართლა რაღაცა შეგვძლებია","  - განაცხადა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საწარმო "დელტაში" სტუმრობისას და დაამატა, ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი მათსას ბევრად სჯობსო. ჩვენს მტერს, ალბათ, ძალიან ცუდი სიზმარი ესიზმრება, ჰოდა, ჯობს, იპწკინოს და გამოიღვიძოს. კი იპწკენდნენ, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ სად? სად უნდა იპწკინონ? ისე დაჩაჩანაკდნენ, ისიც კი აღარ აქვთ... ანუ...

თხუნელებმა არ შეგვჭამონ

სამხედრო მრეწველობაში ჩვენი წარმატებები ცალკე საუბრის თემაა. უკვე გვაქვს "დიდგორი", "ლაზიკა" და უპილოტო საფრენი აპარატი. თუმცა გეგმები კიდევ უფრო გრანდიოზულია. აბა, პრეზიდენტს მოუსმინეთ: "მომავალი წლიდან საქართველოს ექნება უპილოტო თვითმფრინავის ანალოგი, რომელსაც იარაღის გადატანა გრძელ მანძილზე შეეძლება. ანტისატანკო იარაღს არავინ გვაძლევდა. 2008-მდე ყველას ამას ვეხვეწებოდით. ახლა არც გვჭირდება ყიდვა, ჩვენი გვაქვს, ჩვენი გამოვუშვით, რომელიც ორჯერ უფრო იაფი გვიჯდება. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვიმუშავებთ და ანტისაჰაერო სისტემასაც ავაწყობთ"!

თუ ასე გავაგრძელეთ, ალბათ, მალე ჩვენი ბირთვული პროგრამაც გვექნება. ისე ვართ ამ საქმეში მონდომებულები, აწი აღარაფერი გამიკვირდება. მაგრამ ვიდრე ბირთვულ პროგრამას გამოაცხადებდეს, მანამდე აი, რას ამბობს  პრეზიდენტი: "ხან ერთ თხუნელას თუ კატას თხრის ჩვენი აგრესორი, ხან - მეორეს, მაგრამ საქართველოს წინსვლას ვერანაირი თხუნელები ვერ შეაჩერებენ. ჩვენ უკვე გავიგეთ საქართველოს დამოუკიდებლობის არსი".

პრეზიდენტის გამკვირვებია: ჯავშანტრანსპორტიორი თუ გყავს, უპილოტო საფრენ აპარატებსაც თუ ვაწარმოებთ და მალე ჩვენი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაც გვექნება, თხუნელამ უნდა შეგვაშინოს?! ამ ყველაფერს მალე რეზერვის სისტემაც დაემატება და ჩვენი მომრევი დედამიწის ზურგზე არავინ იქნება. " ჩვენ გვყავს 30-ათასკაციანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ამის გარდა, გვჭირდება რეზერვიც. მივიღეთ ფენომენალური შედეგი. ყველა სოფელში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, რეზერვში ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა; მაგალითად, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მამაკაცების 100% ჩაეწერა. "ეს გამაოგნებელი შედეგია, რაც ჩვენს მტერს და მათ ქართველ აგენტებს,– ე.წ. პოლიტიკოსებს, ძალიან აღიზიანებთ"," - განაცხადა სააკაშვილმა. რეზერვი მართლაც აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ნუთუ ყველაფერი ისე კარგადაა, როგორც პრეზიდენტი ამბობს? წინა კვირას "ლიბერალის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა რეპორტაჟი კახეთიდან, სადაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოსახლეობას რეზერვში წასვლის აუცილებლობაში არწმუნებდნენ; სწორედ ამ რეპორტაჟიდან ვიგებთ ასეთ რამეს: "სამხედროები უკმაყოფილებას იმ ფაქტის გამო გამოთქვამდნენ, რომ თურმე, სტატისტიკურად, 100 კაციდან რეზერვში ჩაწერაზე თანახმაა მხოლოდ შვიდი"(?!). ახლა, ვის უნდა დავუჯეროთ - სააკაშვილს, რომელიც ქართველების (და არაქართველი მოსახლეობის) საბრძოლო შემართებით აღფრთოვანებულია და ლამის 100-პროცენტიან მზადყოფნაზე საუბრობს, თუ სამხედროებს?! იმედია, პრეზიდენტი სხვა ამბებსაც ისე არ აზვიადებს... თორემ შეგვჭამეს თხუნელებმა და ეგაა!..

რა არის საჭირო გმირობისთვის?

სააკაშვილზე ამდენი ვილაპარაკე და ისე როგორ იქნება,  ერთი-ორი სიტყვა მის მთავარ ოპონენტზე, ბიძინა ივანიშვილზეც არ ვთქვა.  თურმე, ნუ იტყვით და, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კომედი შოუს" თანამშრომლების ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადასვლას გმირობად აფასებს. "ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ვიტყვი, რომ ქართველი საზოგადოება კარგად აცნობიერებს, როგორ დღეში არიან "რუსთავი 2"-ის, "იმედის" და "პირველი არხის" თანამშრომლები და როგორ ზეწოლას განიცდიან ისინი. მე ვფიქრობ, რომ ამ ახალგაზრდების ნაბიჯი იყო ძალიან გაბედული. ეს ნაბიჯი შეიძლება შევაფასოთ, როგორც ბრძოლა თავისუფლებისათვის - მათ სურთ, იყვნენ თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისაგან"," - აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორც იცით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კომედი შოუს" სამმა თანამშრომელმა -თემურ მჟავიამ, ამიკო ჩოხარაძემ და ლევან გოგორელიანმა ტელეკომპანია 6 აპრილს დატოვეს. მაინტერესებს, ბევრს სჯერა, რომ მათ ეს ნაბიჯი იდეური მოსაზრებით გადადგეს? ეჭვი მეპარება, ამის თავად ივანიშვილს სჯეროდეს. რამდენიმე მსახიობმა ერთი სტუდიიდან მეორეში გადაინაცვლა; რა საჭიროა მათი გმირებად შერაცხვა? რაც მთავარია, თავად ამ ბიჭებს არ უთქვამთ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოსაზრებით მიიღეს. ივანიშვილიც კი ამბობს, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე ვამბობო, მაგრამ როდესაც ამ ფაქტს ის - სააკაშვილის მთავარი ოპონენტი აფასებს, ეს უკვე პოლიტიკაა და ნიშნავს, რომ ბატონი ბიძინასთვის ეს ფაქტი მნიშვნელოვანია.

P.S. ისე, მაგარი გმირები კი არიან! წინა კვირას რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "პროვოკატორში" უნდა მოსულიყვნენ, თანხმობაც განაცხადეს, მაგრამ მოულოდნელად, გადაცემის დაწყების წინ, სამივე ავად გახდა. ეტყობა, მთაწმინდის ჰაერმა აწყინათ...