"რატომ უნდა ვისაუბრო ვახო კომახიძის ფანტაზიებზე" - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა ვისაუბრო ვახო კომახიძის ფანტაზიებზე"

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ავადმყოფური ეჭვების ნაყოფი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილზე მოსალოდნელ თავდასხმასა და მასში ხელისუფლების მონაწილეობაზე:

- ასეთ სისულელეებზე კომენტარს არ გავაკეთებ. საარჩევნო ციკლში შევდივართ და ვისაუბროთ იმაზე, ქვეყანაში რა პრობლემებია და ვინ როგორ წყვეტს ან გეგმავს ამ პრობლემების გადაწყვეტას.

რატომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ NDI-ის კვლევებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჯანდაცვა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა.

- მართლაც სერიოზულ პრობლემას შეეხეთ, რადგან ჩვენს მოქალაქეებს ახალაშენებულ საავადმყოფოებში მკურნალობა არ შეუძლიათ.

- ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საავადმყოფოები მაქსიმალურად ბევრი მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. წლების განმავლობაში პრობლემა იყო ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. ონკოლოგიურ დაავადებებზე ქიმიოთერაპიისათვის 500 ლარი იყო განსაზღვრული, დღევანდელი დაზღვევის სისტემით კი 12 ათასი ლარია. ოპერაციებისთვის თანხა კი ულიმიტოა და ეს ყველაფერი ღირს 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი. ეს სადაზღვევო სისტემა სექტემბრიდან ამოქმედდება. 15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი 140-ლარიან პენსიაში შედის. რატომ არ უნდა ვისაუბროთ ამაზე და რატომ უნდა ვისაუბროთ ვახო კომახიძის ნათქვამზე? ჩვენ საქმეზე ვლაპარაკობთ, მეორე მხარე კი კომახიძის ფანტაზიებზე საუბარს გვთავაზობს.

- არასამთავრობოებმა წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვად შეაფასეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პენსიის გაზრდა და პენსიონერების დაზღვევა.

- ამ თემაზე საუბარი შარშან დაიწყო, მაგრამ პირთა ერთ ჯგუფს, რომელსაც მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ გასაჭირზე ლაპარაკი არ შეუძლია, არანაირი ალტერნატიული პროგრამები არა აქვს, კომახიძის ფანტაზიებზე ლაპარაკი ურჩევნია.

- სოზარ სუბარმა გაიხსენა ჩეჩენი უმაროვისა და "მასტერას" საუბარი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე და დასძინა, რატომ არ შეიძლება ასეთივე საუბარი ყოფილიყო ივანიშვილზეცო?

- NDI-ის კვლევების მიხედვით მოსახლეობის 70%-ს უნდოდა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონოდა. მოქალაქეობა სამართლებრივი საკითხია და ამას დრო სჭირდება, ამიტომ მოიძებნა გზა, რომ ივანიშვილმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას ლამობს, ამავე დროს შეიძლება გეგმავდეს თავისი ოპონენტების ფიზიკურ განადურებას, და თან სოციალურ და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს პასუხობდეს?

- არასამთავრობო ორგანიზაციები ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის უკან გაწვევის მოთხოვნას აპირებენ, ის ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხესო.

- არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება ზოგიერთ საკითხში კომპეტენტური იყვნენ, მაგალითად, სწორედ მათი მონაწილეობით გადაისინჯა "პარტიების დაფინანსების შესახებ" კანონი. ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს და ლაპარაკობენ რაღაც საფრთხეებზე. არა მგონია, ეროვნული უსაფრთხოების საქმეში ისინი კომპეტენტური იყვნენ. რადგან ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის დაუოკებელი სურვილი აქვს, გვინდა მიეცეს ამის საშუალება. ამას წინათ  მკითხეს, თუკი ევროკავშირის მოქალაქეობა ექნებათ, ხომ შეიძლება ლავროვმა და პრიმაკოვმა მიიღონ მონაწილეობა საქართველოს არჩევნებში, რადგან საქართველოში არიან დაბადებულიო? მოინდომონ ეს და მიიღონ მონაწილეობა, თუ აქვთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა. კი ბატონო, იყარონ კენჭი და ვნახოთ, მოსახლეობა ვის მისცემს ხმას.

- ხომ არ განიხილება საკითხი, რომ გარდა არჩევითი თანამდებობის დაკავებისა, ევროკავშირის მოქალაქეებს მიეცეთ უფლება აირჩიონ რომელიმე კანდიდატი?

- ეს საკონსტიტუციო ინიციატივა დამუშავდება და მისი განხილვა საჯარო იქნება. პირადად მე დავფიქრდებოდი იმაზე, მიეცეთ თუ არა ევროკავშირის იმ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება, რომელთაც 10 წელი უცხოვრიათ საქართველოში. იმის შემოწმება, ვის რამდენი წელი უცხოვრია საქართველოში და რა უკეთებია, შეუძლებელია და ეს მართლაც შექმნიდა უსაფრთხოების პრობლემას. ამიტომ მე მხარს დავუჭერდი პასიურ საარჩევნო უფლებას, ანუ რაიმე თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობას, რადგან ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არის ამის პრეცედენტები.

- ევროპის რომელ ქვეყნებშია დაშვებული, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე დაინიშნოს მაღალ თანამდებობაზე?

- როგორც ვიცი, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს შორის არის მსგავსი ურთიერთობა. შემოდგომაზე არჩევნების შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დავანახებთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ მათთვის. იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა საშუალო-ევროპულ დონეზე ცხოვრობდეს, ბევრია გასაკეთებელი.  გარედან მუდმივად ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში, ცდილობენ ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას, ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედის მოსპობას, მაგრამ ამას ქვეყანა გაუძლებს. ის, რომ რუსეთი ჩვენს საზღვართან შემოდგომაზე მანევრებს ატარებს, საფრთხეა და ამის საპასუხოდ ბევრს ვმუშაობთ, დაწყებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოქმედებით,  დამთავრებული არმიისა და სარეზერვო სისტემის განმტკიცებით.