"რამდენჯერ ჩაგვაფურთხეს სულში?!" - კვირის პალიტრა

"რამდენჯერ ჩაგვაფურთხეს სულში?!"

"ივანიშვილს კი არა, ნებისმიერს შეიძლება სახლში შეუცვივდნენ და დახვრიტონ"

"ეს ხელისუფლება სანთლების დანთების საშუალებას არ გვაძლევს და ხმებს დაგვათვლევინებს?!"

ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, ოპოზიციის შეცდომებსა და მომავლის გეგმაზე "კვირის პალიტრას" "სახალხო კრების" წარმომადგენელი სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრა.

- ხელისუფლებამ პროპაგანდისტული მანქანებით ჩვენი ერთმანეთისგან განცალკევება მოახერხა, ზოგი რუსეთუმედ შერაცხეს, ზოგი ამერიკელად ან პროევროპელად. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და ხალხს უთხრა, თქვენი ქართული ოცნება უნდა აღსრულდესო. ასეთ დროს კიდევ დაყოფა და განცალკევება არ გამოვა. ბიძინა ივანიშვილმა ყველა ოპოზიციურად განწყობილ ძალას უნდა უხმოს და უთხრას, რომ არსებობს მხოლოდ ორი მხარე, ოპოზიცია და ხელისუფლება. ოპოზიცია თუ არ გაერთიანდება, რეჟიმის შეცვლისა და არჩევნების მოგების შანსი არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავის ყულაბაში ჩაყრის სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულთა, ასევე სომხური, აზერბაიჯანული დიასპორების ხმებს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი გვყავს, 40 ათასი პატიმარი და ა.შ. მათი ხმები სად წავა, როცა საზოგადოების 90% დაშინებულია, ძნელი  მისახვედრი არ არის. ამას დაემატება ხმების გაყალბება და ოპონენტებთან ბრძოლის ის ილეთები, რომლებიც მმართველ პარტიას უკვე დიდი ხანია შემუშავებული აქვს. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გვესმოდეს, რომ გამარჯვების ერთადერთი შანსი ერთობაშია. ამბობენ, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას მოსახლეობის 70% უჭერს მხარს, მაგრამ სად არის ეს 70%, რატომ გარეთ არ გამოდის?! ეს ხომ ნახევარი მილიონი ადამიანის ქუჩაში გამოსვლას ნიშნავს? რევოლუციას კი არ ვგულისხმობ, არამედ იმას, რომ ერმა თავისი ნება გამოხატოს.

- ახლო წარსულის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ხალხმრავალმა გამოსვლებმა ოპოზიციას პოლიტიკური შედეგი ვერ მოუტანა.

- აბა, შინ ჯდომამ მოიტანა?! რომელი საქმე გადაწყვეტილა ხალხის გამოსვლისა და ერთიანობის გარეშე? გადახედეთ ევროპას, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შეხედეთ, სადაც ზოგჯერ ერთი კაცის სიკვდილი ხდება მასობრივი გამოსვლების საბაბი. ჩვენ კი რამდენი კაცი დავკარგეთ? რამდენჯერ ჩაგვაფურთხეს სულში?! ასეთ დროს სახლში ჯდომა ვერაფერი გამოსავალია.

- თქვენ ერთიანობაზე ლაპარაკობთ, მაგრამ ოპოზიციურ ძალებს შორის წყალგამყოფი თავად ბიძინა ივანიშვილმა გაავლო.

- ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილს თავად ვესაუბრე. მითხრა, ჩვენ შორის მოლაპარაკება გაგრძელდებაო. ის თუ მაინც წყალგამყოფს გაავლებს, ხელს არ შევუშლით, გვერდზე გავდგებით და თავად აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება. ლაპარაკია არა ერთობლივი კოალიციის შექმნაზე, არამედ ისეთ თანამშრომლობაზე, რომლითაც შესაძლებელი გახდება გამარჯვება.

- ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აღუდგინეს. მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების შიშის გამოხატულებაა.

- შევეშვათ  ილუზიებს! სად გინახავთ, დიქტატორულ რეჟიმს ძალაუფლება ნებით დაეთმოს? კარგად იციან, თუ ხალხი ფსიქოლოგიურ წნეხში ეყოლებათ, გამარჯვება გარანტირებული აქვთ. ამიტომ ტერორს აგრძელებენ. 9 აპრილს ხელისუფლებამ საქართველოსთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად სანთლების დანთების საშუალება არ მოგვცა და ხმებს დაგვათვლევინებს?!

წინ ზონდერები გადაგვიდგნენ, მათ შორის იყო ვინმე "მასტერა", რომელიც დაგვემუქრა, 26 მაისს კარგად ვერ გადაგიარეთ და აწი უარესს უნდა ელოდეთო.

საოცრად გაღიზიანდნენ ნინო ბურჯანაძის დანახვით. თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც კი გვითხრეს, აქ სამთავრობო ღონისძიებაა, თქვენ აქ რა გინდათ, 9 აპრილს დაღუპულებს კი არ უნდა მიაგოთ პატივი, სამამულო ომში გარდაცვლილებს, რომლებიც საბჭოეთის გასამარჯვებლად იბრძოდნენ, იმათ დაუნთეთ სანთლებიო. რასაკვირველია, იმითაც დავუნთებთ სანთლებს, მაგრამ იცით, ტრაგედია რა არის? იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ფაშიზმს მთელი მსოფლიო ებრძოდა! მაგრამ ამათ რაზე უნდა ველაპარაკო.

- ბატონო სოსო, ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა სარწმუნოდ გეჩვენებათ?

- სარწმუნოდ მეჩვენება. სავსებით შესაძლებელია ეს საზოგადოების დაშინებისთვის დასჭირდეთ. შიშის დასათესად ყოველდღიურად ახალ-ახალ ხერხს იგონებენ. არათუ ივანიშვილს, ნებისმიერ ჩვენგანს საფრთხე ემუქრება. არ გამიკვირდება, რომ ბიძინა ივანიშვილს კი არა, ნებისმიერს შეუცვივდნენ სახლში და დახვრიტონ! ხელისუფლება ხვდება, რომ მოსახლეობის მხოლოდ 10% უჭერს მხარს, მაგრამ თუ კარგად დააშინებს, ხმების 90%-ც კი მის ხელში იქნება. ამიტომ ძალადობაზეა გადასული. ახლახან ტელეკომპანია "თრიალეთის" პირდაპირ ეთერში ვისაუბრეთ მე და ლუკა კურტანიძემ, იქ დაისვა კითხვა: უნდა გაერთიანდეს თუ არა ოპოზიცია? 541 ზარი შემოვიდა და აქედან 520-მა თქვა, ჩვენ გვაინტერესებს არა თქვენი ახირებები, არამედ ის, რომ ეს ხელისუფლება მოგვაშოროთო.

- როგორ უნდა აღნიშნოთ წელს 26 მაისი?

- ის, რაც შარშან, 26 მაისს მოხდა, 9 აპრილის ტრაგედიაზე უფრო საშინელი იყო. შარშან ქართველებმა გვცემეს, ხალხი დაგვიხოცეს. ამ ტრაგედიაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. 44 კაცი, მაშინ რომ დააკავეს, ახლაც სასჯელს იხდის და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ყველა პოლიტპატიმრად აღიარეს.

დასასრულ ერთი რამ მინდა გითხრათ, - ამ ქვეყანაზე მარადიული მხოლოდ უფალი და სამშობლოა, მისთვის თავგანწირვა კი დიდი ბედნიერებაა. ვულოცავ ქართველ ერს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი შეგვეწევა, გადაგვარჩენს, თუმცა ამ პროცესს ხელი თავადაც უნდა შევაშველოთ.