"სააკაშვილის გარემოცვიდან ინფორმაცია გამოდის" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გარემოცვიდან ინფორმაცია გამოდის"

"პირი, ვინც ინფორმაცია მიაწოდა ვახოს, იმ წრიდანაა, რომელთაც ივანიშვილზე ტერაქტის ამბავი იცოდნენ"

"კომახიძე მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს"

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ ბიძინა ივანიშვილზე მოსალოდნელ თავდასხმაზე ინფორმაცია გაახმაურა,  შვეიცარიაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სოზარ სუბარი და არჩილ კბილაშვილი გაემგზავრნენ. "კვირის პალიტრა" სოზარ სუბარს ესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა თავისი კრიმინალური გადაწყვეტილებებით გაკვირვების უნარი დაგვაკარგვინა, ვერ ვიტყვი, რომ ასეთ რამეს მოველოდი. ის, რომ ხელისუფლებამ გვერდი აუარა ამ თემას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დასჯერდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს საკითხი მართლაც განიხილებოდა. საქართველოს ისტორიაში არის მსგავსი ფაქტები, რომლებიც არ გამოძიებულა. მაგალითად, როდესაც "მასტერა", შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გია დგებუაძე, ლონდონში ჩავიდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა უვაროვთან ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციაზე, ჩეჩნებმა, რომლებზეც გავიდა დგებუაძე, გადაწყვიტეს, არ მიეღოთ ამ საქმეში მონაწილეობა და პატარკაციშვილს აცნობეს ამის შესახებ. არაფერს ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე, რომ სააკაშვილი მას პირდაპირ ეუბნებოდა პატარკაციშვილის იმ ფორმით (ავტომობილში ჩადებული ბომბის აფეთქებით) ლიკვიდაციაზე, როგორითაც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი მოკლეს.

გვაქვს სატელეფონო საუბარი, თუ როგორ გეგმავდა გივი თარგამაძე ტერაქტს ბელორუსიის ერთ-ერთი ოპოზიციონერის სალიკვიდაციოდ და არც ეს გამოკვლეულა. მახსოვს გიგა ბოკერიას განცხადება, ხელისუფლების ღირსების საქმეა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიებაო. როდესაც ქალაქის ცენტრში შეიარაღებული 15-კაციანი ნიღბიანების რაზმი თავს ესხმის პარლამენტის წევრს, რომელსაც ახლავს დაცვა, ზის დაჯავშნულ მანქანაში და ისე სცემენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ეს ტერაქტი არ არის? ეს არის ტერაქტების სერია, რომელიც მეტყველებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია.

ვახო კომახიძემ გადაიღო ფილმი ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე და აქვს  მასალები, რაც ამ ფილმის გაგრძელების საშუალებას იძლევა...

თავი დავანებოთ მაღალ პერსონებს. ბათუმში სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე არ არის ტერაქტი? კაცი უცნობი მიზეზით დააპატიმრეს ბათუმში და ქობულეთში ჩაცხრილეს. თქვეს, გაქცევა სცადა და პოლიციელს იარაღი წაართვაო. შავაძეს ყველა ტყვია ზურგში ჰქონდა დახლილი და თუ ვინმეს თავს დაესხა, ტყვიები წინიდან უნდა ჰქონდეს მოხვედრილი. არ არის ტერაქტი პოლიციელების მიერ ცინდელიანის მოტაცება, რომელიც მამას ხელიდან გამოჰგლიჯეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს? რამხელა ცინიზმია, რომ ამ შემთხვევიდან ცოტა ხანში ვანო მერაბიშვილმა გამოაცხადა ძებნა ცინდელიანზე და ჯილდოც დააწესა...

- შვეიცარიაში თქვენ რატომ გაემგზავრეთ?

- მე  ვახოს შვილის ნათლია ვარ. ვახო ჩემთან ბევრად გულახდილი იქნებოდა, ვიდრე სხვასთან. შესაძლოა ვახოს მომავალში დასჭირდეს სამართლებრივი დაცვა, ამიტომ მას და ადვოკატ არჩილ კბილაშვილს შორის კონტრაქტი დაიდო.

-  რატომ ჩავიდა ინფორმატორი ვახტანგ კომახიძესთან შვეიცარიაში და რატომ არ გახმაურდა ეს ინფორმაცია საქართველოში?

- ვახომ ეს ორი მიზეზით ახსნა. პირველი - შუამავალი, რომელიც შვეიცარიაში ჩავიდა, ვახოს კარგად იცნობს და ერთმანეთს ენდობიან. მეორე - ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ამ ინფორმაციას გაუმხელდნენ, მოვალეა გამოძიებას დაუსახელოს შუამავლისა და მისი გამგზავნის ვინაობა. ამით კი მას და მის  ოჯახს Kსაფრთხე შეექმნებოდა. ვახოზე კი არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. თუმცა მზად არის გამოძიებას მისცეს ჩვენება იმ პირობით, რომ არ დაასახელებს გვარებს.

- თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა იმ წყარომ ინფორმაციის გამჟღავნება?

- ვახოს ვერსიით, ადრე თუ გვიან, ასეთი საქმეები იხსნება, იმიტომაც გაიჟონა ინფორმაცია, რომ ტერაქტისთვის ხელი შეეშალათ. თუ ტერაქტი არ მოხდება, დამნაშავეც არავინ იქნება. ან ტერაქტი არ შედგება იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა და ამისთვის შეიძლება სხვა პირები გამოძებნონ. ეს დამაჯერებელი ვერსიაა.

- ხელისუფლებამ ხომ იცის, ეს დავალება ვისაც ჰქონდა მიცემული? ინფორმაციის გამმჟღავნებლის მოძებნა გაუჭირდებათ?

- წესით, ასეთი ინფორმაცია ვიწრო წრემ უნდა იცოდეს, მაგრამ თუ გადავხედავთ გამოცდილებას, ეს ვიწრო წრე არცთუ ისე ვიწროა. მაგალითად, გელაშვილზე თავდასხმაში 15 კაცი მონაწილეობდა, ასევე მინიმუმ 16 კაცი ესწრებოდა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირს მერაბიშვილის კაბინეტში, სადაც მომიტინგეების ცემა და მათთვის ნარკოტიკების ჩადება გადაწყდა. ეს ინფორმაცია იმავე ღამეს მქონდა, რადგან სააკაშვილის გარემოცვიდან ინფორმაცია გამოდის.

პირი, ვინც ინფორმაცია მიაწოდა ვახოს, იმ წრიდანაა, რომელთაც ამ ტერაქტის მომზადების ამბავი იცოდნენ. ვახოსთვის არ უთქვამთ, მაგრამ სქემა დაახლოებით ასეთი იყო: სასამართლოს წინაშე ვიღაც უსათუოდ უნდა წარმდგარიყო. თუ თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდებოდა, უნდა ყოფილიყო სათადარიგო ადამიანი, ვინც იტყოდა, მეც ამ საქმეში ვმონაწილეობდიო. ეს მოიფიქრეს იმისათვის, რომ ეჭვი ხელისუფლებაზე არ გაჩენილიყო.

- რას უნდა ეიძულებინა ეს ადამიანები, რომ ტერაქტზე დათანხმებულიყვნენ?

- ვიღაცას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ეუბნებიან, თუ დანაშაულს საკუთარ თავზე აიღებ, უკეთეს პირობებში მოიხდი სასჯელს, სამუდამო პატიმრობას კი 30-წლიანით შეგიცვლითო. არიან იდეებით შეპყრობილი ადამიანებიც. მათი გამოყენება ისე შეიძლება, ვერც მიხვდებიან, რომ გამოიყენეს. მაგალითად, ივანიშვილის სალიკვიდაციოდ შეიძლება გამოიყენონ თავგადაკლული კომუნისტი, რომელსაც არ უყვარს  მდიდრები, ან კიდევ ისეთი, ვისაც ივანიშვილი რუსეთის აგენტად მიაჩნია.

არსებობს  ვერსია, რომ სინამდვილეში ტერაქტის სულ სხვა გეგმა მუშავდება, მაგრამ პირველი განგებ გახმაურდა, რომ ივანიშვილს მასზე ეფიქრა და სხვა ვერსია არ განეხილაო.

- ამ ყველაფერზე რა თქვა ბატონმა ბიძინამ?

- მათგან ყველაფერს ველი, მაგრამ მაინც ვერ გაგვაჩერებენო. რა თქმა უნდა, რაღაც ღონისძიებებს მიიღებს, მაგრამ რას, არ ვიცი.

- დღეს, როდესაც ივანიშვილია ხელისუფლების მთავარი ოპონენტი, ტერაქტის ჩამდენიც რომ მოიძებნოს, ეჭვი მაინც ხელისუფლებაზე გაჩნდება. უღირს ასეთი რისკი სააკაშვილს?

- პირობაც რომ მისცე სააკაშვილს და გადაწყვეტილების მიმღებ რამდენიმე პირს, რომ ციხეში არ წავლენ, ხელისუფლებას მაინც არ დათმობენ, რადგან დაკარგავენ გავლენასა და მილიარდებს. სააკაშვილს წამოსცდა, ჩემი ქონებრივი დეკლარაცია მთელი საქართველოაო. ის მართლა ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა მისი ჯიბის ფულია. ამერიკამ თავშესაფარიც რომ მისცეს, ვინ იქნება?  გათახსირებული სახელის  მდიდარი კაცი, რომელიც სექსუალური ან ნარკოტიკული სკანდალის გამო შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გაბაწროს აშშ-ის პოლიციამ. ვინც სააკაშვილის საქციელს გამართლებას უძებნის, გაიხსენოს, აგვისტოს ომში დამარცხებიდან ორ კვირაში თვითმფრინავი რომ გაუგზავნა მასაჟიტს. სექსუალური მასაჟისტის კბენით უნდოდა ომში მიღებული სტრესის მოხსნა? ალექსანდრე მაკედონელმა უდაბნოში გადაღვარა წყალი და თქვა, რადგან ჩემს ჯარს სწყურია, წყალს არც მე დავლევო. ინგლისის დედოფალი ომის განმავლობაში ბუკინგემის სასახლეში ბუხარს არ ანთებდა. თურქეთის სულთანი რუსეთთან ომის დროს ახალ სასახლეში ორი წლის განმავლობაში არ შევიდა, ჩემი ხალხი იბრძვის და მე ახალ სასახლეში როგორ გადავიდეო. ეს არის ღირსეული მმართველის საქციელი და ჩვენთან რა ხდება?!