"არეგულირე, ნუ ზღუდავ" - კვირის პალიტრა

"არეგულირე, ნუ ზღუდავ"

"მარეგულირებელი იარაღია ხელისუფალთა ხელში დამოუკიდებელ ტელეკომპანიებთან საბრძოლველად"

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" წევრებმა აქცია სახელწოდებით "არეგულირე, ნუ ზღუდავ"" გამართეს. აქციის მონაწილეები მარეგულირებელ კომისიას ტელეკომპანიების "თრიალეთის", "მე-9 არხისა" და შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" საწინააღმდეგო კამპანიაში ადანაშაულებენ.

ჯონი ნანეტაშვილი, ტელეკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელი: "მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია "თრიალეთი" სიხშირეების უკანონო გამოყენების მოტივით 5 ათასი ლარით დააჯარიმა ისე, რომ ეს გადაწყვეტილება არც დაუსაბუთებია. მარეგულირებელი კომისია რომ ხელისუფლების მითითებებს ასრულებს, დიდი ხანია ვიცით. ამით ცდილობენ შეზღუდონ ტელევიზიების თავისუფლების ხარისხი. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდას და მოვითხოვთ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მონაწილეობით ჩატარდეს ახალი მონიტორინგი, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ უკანონოდ დაგვაჯარიმეს".

აქციის მონაწილეების თქმით, მიმდინარეობს იმ საკაბელო ქსელების ოპერატორებზე ზეწოლა, რომლებმაც შეიძლება ტელეკომპანია ""მე-9 არხის"" რეტრანსლაციაზე თანხმობა განაცხადონ. აქციის წევრებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სპეციალური განცხადებითაც მიმართეს: "საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სიხშირეების დარეგულირების ნაცვლად, თავისუფალ ტელევიზიებზე ზეწოლის მექანიზმად ჩამოყალიბდა, რომლის პერმანენტული ზეწოლის გამო ადგილობრივი დამოუკიდებელი მაუწყებლები კონკურენციას ვერ უწევენ ხელისუფლების კონტროლირებად ეროვნულ მაუწყებლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

თამარ რუხაძე, ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი: - საბაჟო ტერმინალებზე ჩვენს ტექნიკას შეგნებულად აფუჭებენ. სატელიტური ანტენების დაყენებაშიც კი დაბრკოლებას გვიქმნიან. რაიონების მოსახლეობას აიძულებენ მოხსნან ყველა ის ანტენა, რომლებიც თავის დროზე "Global-TV"-მ მათთან დაამონტაჟა".

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელი: "ეს მარეგულირებელი კომისია კი არა, მედიის სადამსჯელო ორგანიზაციაა. მოვუწოდებ მარეგულირებელ კომისიას, თავი შეიკავოს სისხლის სამართლის დანაშაულისგან".

ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი: "მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალზე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, ამან პროტესტი გამოიწვია.

- საეჭვო გადაწყვეტილებებში რას გულისხმობთ?

- "Global-TV"-მ და "თრიალეთმა" მარეგულირებელ კომისიას მიმართეს, რომ მათი უფლებები ირღვეოდა და მაინცდამაინც მაშინ "აღმოუჩინეს", რომ თურმე პირიქით ყოფილა და ისინი არღვევდნენ კანონს. "Global-TV"-ს პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია. ეს მხოლოდ მარეგულირებელს არ ეხება, ეს პოლიტიკურ კონტექსტში განსახილველი პრობლემაა. მარეგულირებელი კომისია კი იარაღია ხელისუფალთა ხელში დამოუკიდებელ ტელეკომპანიებთან საბრძოლველად. აპარატურის დაზიანებით დაწყებული, რა დაბრკოლება არ შეუქმნეს "Global-TV"-ს. ეგრეთ წოდებულმა "ნაციონალურმა არხებმაც" კი უარი თქვეს ამ საკაბელო ქსელში ჩართვაზე.

მედიაგაერთიანებამ "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებთან ერთად მოითხოვა, შეწყდეს თავისუფალი მედიის დისკრიმინაცია, დასრულდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თვითნებობა და თავისუფალი ტელევიზიების ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოქცევის მცდელობა.