"ამ ცვლილებამ შეიძლება ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს" - კვირის პალიტრა

"ამ ცვლილებამ შეიძლება ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანოს"

"ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეობის მიღება შეიძლება, თუკი ამავე ქვეყანაში დიდ ქონებას დაარეგისტრირებ. ამ გზით რომელიმე მტრული ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტიც მიიღებს ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეობას და მერე საქართველოში იყრის კენჭს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე და სხვა ქვეყნის დირექტივებით იხელმძღვანელებს", - განაცხადა საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა:

- მოქალაქეობის ინსტიტუტი სხვა ბევრ რამესთან ერთად გულისხმობს, რომ მოქალაქე შეიძლება ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაისაჯოს. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს პარლამენტში აირჩიეს ესპანეთის მოქალაქე, რომელიც მხოლოდ სესიების დროს ჩამოვა საქართველოში და არ იქნება ანგარიშვალდებული საქართველოს იურისდიქციის წინაშე. მან შესაძლოა საქართველოში ჩაიდინოს დანაშაული და ისე დატოვოს საზღვარი, რომ მართლმსაჯულება ვერ აღსრულდეს. თუ პირი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის საქართველოს პატრიოტი იქნება. გარდა ამისა, ეს ინიციატივა დისკრიმინაციულია. საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ცხოვრობენ, რატომ არ უნდა ჰქონდეთ ანალოგიური უფლება? რატომ ხდება მოქალაქეობის პრინციპით ჩვენი თამამემამულეების გადასინჯვა?

პარლამენტის ინსტიტუტი ცნობს ისეთ კომისიებს, რომელთაც უფლება აქვთ გაეცნონ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაციას, მათ შორის თავდაცვის სამინისტრის ბიუჯეტსა და სხვა გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას. სხვა ქვეყნის მოქალაქეს უნდა გავაცნოთ ჩვენი საიდუმლო ინფორმაცია?!

ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც პარლამენტში აირჩევენ, შესაძლოა თავის ქვეყანაში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პარლამენტის წევრი გახდება, მას დეპუტატის იმუნიტეტი დაიცავს. სამართლებრივი ნონსენსია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის დეპუტატის იმუნიტეტით. როგორ შეიძლება ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას უარი უთხრა მისი მოქალაქის სისხლისსამართლებრივ დევნაზე იმის გამო, რომ ეს პირი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატია?

ასეთ სამართლებრივ ნონსენსებს ბევრი პრობლემა მოჰყვება.

დღეს, როდესად ძალიან მოდურია ლაპარაკი, რომ რუსეთი გეგმავს აგრესიას, რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ ეფ-ეს-ბემ თავის აგენტს მიაღებინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მოამზადოს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირის პოსტის დასაკავებლად და ეს ყველაფერი შეიფუთოს ლამაზი ლეგენდით. ეფ-ეს-ბეს მომზადებული აგენტი ასეთივე წარმატებით შეიძლება გახდეს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ხომ სრული ნონსენსი და პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

დამისახელებს ვინმე ისეთ პრეცედენტს, როცა საფრანგეთის მოქალაქეს მისცეს უფლება გერმანიის ბუნდესტაგში არჩევისა? არ მისცემენ, თუნდაც ის ეროვნებით გერმანელი იყოს. თვითონ ევროკავშირი, რომელიც კონფედერაციაა, არ არის შეთანხმებული ერთიან კონსტიტუციაზე. მათზე მეტად დემოკრატიულად თავის წარმოჩენა ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. ჩვენ იმ პროვინციელ გოგონასავით ვიქცევით, რომელიც ქალაქში ჩამოსვლის მერე სხვებზე მოკლე კაბას იცვამს და იმდენად მკვეთრ მაკიაჟს იკეთებს, რომ ფუფალას ემსგავსება.

რისთვის გვინდა საქართველოს მოქალაქეობა, რომ საქართველოში გადავიხადოთ გადასახადები და სხვა არაფერი? რა ფასეულობა აქვს და სხვა რა პრივილეგიას გვანიჭებს საქართველოს მოქალაქეობა, თუკი სხვა ქვეყნის მოქალაქეც იქნება უფლებამოსილი, ისარგებლოს საარჩევნო უფლებით?

- როგორც ამბობენ, ამ ცვლილებით შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ფრანგი ან გერმანელი, რომელიც საქართველოში 10 წელი იცხოვრებს. რატომ არ გაითვალა მოსალოდნელი საფრთხეები?

- სხვა რა გათვალეს, რომ ეს გაეთვალათ? საქართველოს პარლამენტის ბევრი გადაწყვეტილება ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული. ეს საკონსტიტუციო ცვლილება იმისთვის მოიფიქრეს, არ უნდოდათ ეჩვენებინათ, დავმარცხდით და ივანიშვილს მოქალაქეობა აღვუდგინეთო. ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენეს, მართალია, ივანიშვილს მოქალაქეობა არ აღვუდგინეთ, მაგრამ კენჭისყრის უფლება მივანიჭეთო.

- არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გათხოვის საკითხს დააყენებენ.

- ამ ინიციატივის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ხელისუფლება. ეგონა, საზოგადოება ამ ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდებოდა, სინამდვილეში კი ის ადამიანიც ვერ აღაფრთოვანა, ვის გამოც მოხდა ამ ცვლილების ინიცირება.

ერთ საგულისხმო ფაქტსაც გეტყვით - სანამ ეს ინიციატივა გახმაურდებოდა და მას მხარს დაუჭერდა "ნაციონალური მოძრაობა", ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მინიჭებოდათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, ორ თვეში კი მოხდა უცნაური მეტამორფოზა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს არათუ აგიტაციის, არამედ მაღალი თანამდებობის დაკავების უფლებას ანიჭებენ. ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ არჩევნების დაფინანსებას, მაგრამ როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისცემ უფლებას, კენჭი იყაროს, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საშუალებაც უნდა მისცე. ამ ცვლილების შემდეგ რა ფული შემოვა საქართველოში და საიდან, ვერავინ გაიგებს.