"ვაშინგტონში ყველა იმ პრობლემას იცნობენ, რომელიც ოპოზიციას ექმნება" - კვირის პალიტრა

"ვაშინგტონში ყველა იმ პრობლემას იცნობენ, რომელიც ოპოზიციას ექმნება"

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საელჩოში ტელეხიდი თბილისი-ვაშინგტონი გაიმართა. საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან წინასაარჩევნო პროცესებსა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობაზე ისაუბრეს. ტელეხიდში მონაწილეობდა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელსაც რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ტელეხიდი პირველად გაიმართა აშშ-ის საელჩოსა და მთავრობის ინიციატივით, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრამდე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მოესმინათ. ვაშინგტონის მხრიდან ტელეხიდში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, რომელიც რეგიონს კურირებს და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, რომლებიც კავკასიისა და საქართველოს საკითხებზე მუშაობენ. მათ დასაწყისშივე განაცხადეს, რომ იცნობენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ოპოზიციას ექმნება.

ვისაუბრეთ მედიის პრობლემებზეც, იმაზე, რომ არ უნდა დაველოდოთ არჩევნებამდე ერთ ან ორ თვეს, როდესაც მედიამონიტორინგი დაიწყება და "ნაციონალური მაუწყებლები" ოდნავ დაბალანსებულად გააშუქებენ პოლიტიკურ მოვლენებს. მეორე სერიოზული თემა იყო ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის გასაკონტროლებლად მონიტორინგის ჯგუფის შექმნა. იყო საუბარი ნებაყოფლობით რეზერვზე, რომელიც სახელისუფლებო ხმების მობილიზებასა და მოქალაქეებზე ზეწოლას ემსახურება. მომავალ კვირას ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამერიკელ კოლეგებთან მწვავე თემებზე მოუწევთ საუბარი.

- ივანიშვილის მოქალაქეობის თემასა და მისი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე თუ იყო საუბარი?

- ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი დეტალურად განვიხილეთ. ამ ინიციატივის ავტორის გიორგი თარგამაძის თქმით, ეს იყო გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, მე და ირაკლი ალასანიამ კი განვაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა კანონით ეკუთვნის. კონიუნქტურის გამო, ვითომ პრობლემების მოსაგვარებლად კონსტიტუციური ცვლილებები არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, ვინც სახელმწიფოზე ფიქრობს. ასე საკითხის დასმა და ამ კონტექსტში კონსტიტუციურ ცვლილებებზე ლაპარაკი მიუღებელია. განვაცხადე კიდეც, რომ ეს ცვლილებები სულაც რომ არ უკავშირდებოდეს ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, თავისთავად მცდარია. დემოკრატიულ სამყაროში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე პარლამენტის წევრი, პრემიერი ან პრეზიდენტი ხდება. ამ იდეის ავტორებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ, რამხელა ზიანი მოაქვთ ქვეყნისთვის. ვთქვით, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩამოაშოროს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ არ განგვიხილავს მისი ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.

ამ ტელეხიდის გამართვა იმის დასტურია, რომ აშშ-ის ხელისუფლება თანაბრად ელაპარაკება საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას. სხვაგვარად როგორ უნდა გამოხატოს, რომ პოლიტიკურ აქცენტს არ აკეთებს სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდზე? ეს არ ნიშნავს იმას, რომ აშშ ახალი კოალიციის აშკარა მხარდაჭერას აპირებს, მაგრამ არ აპირებს არც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მხარდაჭერას. მომავალ კვირას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში, მე კი ევროპარლამენტში მექნება შეხვედრები. გარე სამყაროს თვალთახედვის არეში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისთვის.