"თუ ძალიან გაჭირდა, დავბრიდავთ და ეგ იქნება!" - კვირის პალიტრა

"თუ ძალიან გაჭირდა, დავბრიდავთ და ეგ იქნება!"

"სააკაშვილს არავითარი იდეოლოგია არ გააჩნია შეუზღუდავი ძალაუფლების მანიაკური წყურვილის გარდა"

"ივანიშვილს კოზირები გადამწყვეტი, საშემოდგომო ბრძოლისთვის აქვს შემონახული"

"ქართული აკადემიის" წევრმა, მწერალმა კოტე ჯანდიერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა - პოლიტიკურ ცხოვრებაში არავის ვგულშემატკივრობ, მე ქვეყნის გულშემატკივარი ვარო. ქვეყნის გულშემატკივარ მწერალს "კვირის პალიტრა" საქართველოს დღევანდელ პრობლემებზე ესაუბრა:

- ორი წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ტოტალიტარიზმზე საუბრისას ახსენეთ კომუნიზმი, ზვიადიზმი და მიშიზმი. ის, რასაც თქვენ მიშიზმი უწოდეთ, ორი წლის შემდეგ როგორი გახდა? თუ შეიცვალა რამე მის არსში, ზნესა თუ ფორმაში?

- კომუნიზმი მარქსისტული თეორიის, საყოველთაო თანასწორობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის დეკლარირებას აგრესიული კოსმოპოლიტური რიტორიკით ახდენდა. ზვიადიზმის, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის იდეოლოგია, მკვიდრი ერის უპირატეს უფლებათა აღიარებაზე იყო დაფუძნებული და აგრესიული ნაციონალიზმის ენით მეტყველებდა. მიშიზმის რიტორიკა კი ასევე აგრესიული, რადიკალური ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის აბსურდული ნაზავია. თუმცა იდეოლოგიასა და რიტორიკას რა მნიშვნელობა აქვს?

ამ სამი, განსხვავებული ენობრივი მოვლენის მიღმა ერთი და იგივე მისწრაფება იმალება: ტოტალური კონტროლი ადამიანთა აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ქცევაზე, ადამიანური აქტივობის ნებისმიერ სფეროზე. ტოტალიტარული რეჟიმები ამ საერთო მიზნის მიღწევას აღვირახსნილი ძალადობით ცდილობენ, თავად ძალადობას კი სხვადასხვა იდეალის დაცვის აუცილებლობით ამართლებენ. ამ რეჟიმებს ერთი უნივერსალური პრინციპი ანათესავებს, - "ის, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია". უნდა ითქვას, რომ ზვიადს ეს ცუდად გამოსდიოდა, უპირველესად სუსტი მენეჯმენტისა და მცდარი პიარტექნოლოგიების გამო.

ე.წ. "ვარდისფერი ინტელიგენციის" წარმომადგენელთა თავგამოდებული მტკიცებების მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილს სინამდვილეში არავითარი იდეოლოგია არ გააჩნია შეუზღუდავი ძალაუფლების მანიაკური წყურვილის გარდა. 26 მაისის დამსჯელი ოპერაცია ამ უკონტროლო ძალაუფლების დემონსტრირება იყო. საკუთარ დაუსჯელობაში დარწმუნებული ადამიანის სადისტური პოქონდრიის გარდა, რით შეიძლება აიხსნას რუსთაველის პროსპექტზე დაპატიმრებულ ადამიანთა უმოწყალო გვემა-დასახიჩრება პოლიციის ჯურღმულებში? რომელი "სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებით" შეიძლება გაამართლო უკვე დაკავებული ნიკუშა კვინტრაძის მკვლელობა, გვამის შეგდება მაღაზიის თავზე და მეორე დღეს იქვე, რამდენიმე მეტრის დაშორებით პომპეზური აღლუმის გამართვა?

ისინი, თავიანთი წინამორბედი სოციალ-დემოკრატების (რსდმპ) მსგავსად, პროგრესის პოზიციიდან გველაპარაკებიან. ეს ცინიზმი და უტიფრობა ახალი არ არის. სწორედ ასე ელაპარაკებოდნენ და დასცინოდნენ ავადსახსენებელი ესდეკები ილია ჭავჭავაძეს. მათი შავბნელი პიარტექნოლოგიის შესახებ ჯერ კიდევ 1896 წელს მწარე ირონიით წერდა არჩილ ჯორჯაძე: "თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ "ქართველობა" არც გეთაკილებათ, არც გეზიზღებათ, იცოდეთ, შავრაზმელთა გუნდში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ, გულში ხელის ჩარტყმით: ამხანაგებო! წარსული მძულს, აწმყო მეზიზღება-თქო, იცოდეთ, თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია. შარავანდედით შეიმკობა თქვენი კოსმოპოლიტური გვამი და ქუჩაზე გავლის დროს თქვენზე მიათითებენ და იტყვიან: აი, ჩვენი მხსნელი, აი, თავისუფლების მოციქული და "შავრაზმელ ნაციონალისტთა" ამომგდებიო". ნაცნობი სურათია, არა? "ჩარეცხილები", "მუმიები", "თხუნელები" და სააკაშვილის გარემოცვის მთელი ლექსიკა პირდაპირ ბოლშევიკ-მარქსისტთა რიტორიკული არსენალიდანაა აღმოცენებული და ოპონენტთა სოციალურ მარგინალიზაციას ისახავს მიზნად. მაგრამ, როდესაც ხალხის ფიზიკური დასჯა, დაპატიმრება ან მკვლელობაა გასამართლებელი, უკვე საქმეში ერთვება შეთქმულების თეორიები და ნაციონალისტური, რუსოფობიული რიტორიკა: "კრემლის აგენტები", "რუსეთუმეები" და სხვ.

ძალაუფლების დაკარგვის შიში კი ამ ხელისუფლების მუდმივი თანამდევი ფსიქოლოგიური ფონია, რომელიც, ცხადია, უკიდურესად გამძაფრდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის მერე.

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს, პოლიტიკურ განცხადებებს?

- ჯერჯერობით ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები ზოგადია და მინიმალურ კონკრეტიკას შეიცავს, რაც მიმდინარე პოლიტიკური მომენტისათვის ადეკვატური მგონია. დღეს მთავარი იმდენად ის კი არ არის, თუ რას ამბობს ივანიშვილი, არამედ როგორ ამბობს და როგორ იქცევა. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ისტერიის ფონზე, ივანიშვილი მშვიდი, კორექტული და თავის ძალაში დარწმუნებულია. არ გამოდის სამართლებრივი ველიდან, არ დგამს რადიკალურ ნაბიჯებს, მუშაობს გეგმაზომიერად და მეთოდურად.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს კოზირები გადამწყვეტი, საშემოდგომო ბრძოლისთვის აქვს შემონახული.

ეს ყველაფერი მის გარშემო ქმნის გრავიტაციას, რაც ხალხს შიშის დაძლევაში ეხმარება და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებში სოლიდურობის, სერიოზულობის განცდას აძლიერებს.

- ჟურნალისტ ვახო კომახიძის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, სოზარ სუბარმა დაადასტურა. მახსენდება რამდენიმე თვის წინანდელი ინტერვიუ, როდესაც ვისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილსა და რობერტ სტურუას მიერ წერილზე გაკეთებულ მინაწერზე, "მოკლავენ". მაშინ ბრძანეთ, ბიძინა ივანიშვილის მოკვლა სახელისუფლებო კრიმინალიტეტის გარდა არავის აწყობს საქართველოში. ამ ჩლუნგი და უწიგნური ჯალათებისაგან ყველაფერია მოსალოდნელიო.

- ბიძინა ივანიშვილის განადგურების სურვილი თუკი ვინმეს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში, ეს მხოლოდ ხელისუფლების მცირე ნაწილში, სააკაშვილის გარემოცვის რამდენიმე, განსაკუთრებით ხელსისხლიანი წარმომადგენლის თავში უნდა ვეძებოთ და კიდევ რამდენიმე, მეგიზ ქარდავას ტიპის ჩლუნგი ჯალათის ფანტაზიებში.

სხვა საქმეა, ხელს აძლევს თუ არა სააკაშვილს მოვლენათა ასეთი განვითარება. ამ ეტაპზე ეს გამორიცხული მგონია. თუმცა, თუ საქმე საქმეზე მიდგა და სააკაშვილი რეალურად დადგა ძალაუფლების გარდაუვალი დაკარგვის წინაშე, შესაძლოა ცხოველურმა შიშმა გადასძლიოს პრაგმატიზმს და მან იზოლაციის ფასადაც კი მოინდომოს ამ გეგმის რეალიზება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც რატომღაც

მგონია, რომ თვით "ნაცმოძრაობის" უმრავლესობაშიც კი საღი აზრი გაიმარჯვებს და ეს ტერაქტი ან დაიბლოკება, ან დროულად გამჟღავნდება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ ცხადია, რომ ვინც ამას გაამჟღავნებს, შესანიშნავ პიარს გაიკეთებს და მისთვის პოლიტიკური მომავალი უზრუნველყოფილი იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ჭორს სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ავრცელებდეს "ნაცმოძრაობის" საშუალო და დაბალ რგოლებში ხელისუფლების უძლეველობის მითის შესანარჩუნებლად: "ნუ გეშინიათ, ბიჭებო! ბოლოს და ბოლოს, თუ ძალიან გაჭირდა საქმე, დავბრიდავთ და ეგ იქნება!"

- რიგი გამოცემების პირველ გვერდზე იბეჭდება ივანიშვილის ფოტოები მყვირალა სათაურებით, რომ ივანიშვილს დღეს თუ არა, ხვალ მოკლავენ და ა.შ. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება ეს?

- დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო, რომ მიხვდე: თუ ზემოხსენებული გაზეთი სახელისუფლებოა, მაშინ ოპონენტის დაშინების მცდელობასთან გვაქვს საქმე, თუ არა - ტერაქტის პრევენციის სურვილთან. თუმცა, ორივე შემთხვევაში ასეთი გამოსახულების გამოტანა პირველ გვერდზე სპეკულაციური გზით ტირაჟის გასაღებისთვისაა გამიზნული. მახსოვს, დაახლოებით იმავე კონტექსტში პატრიარქზეც იბეჭდებოდა ფოტოები "მყვირალა" სათაურებით.

- "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილ არაფორმალურ გასამხედროებულ ფორმირებებზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ.

- დამნაშავეთა შეიარაღება ყველაზე დიდი უგუნურებაა, რაც კი შეიძლება ხელისუფალმა გააკეთოს. ყველას გვახსოვს ტაჰრირის მოედანზე აქლემებითა და ცხენებით შემოვარდნილი მუბარაქის შეიარაღებული ხროვა (ეს არც პოლიცია იყო და არც არმია). მერე რა? ამან მხოლოდ დააჩქარა მუბარაქის დასასრული.

დასასრული ყველაფერს აქვს: მმართველი პოლიტიკური ძალის უალტერნატივობასაც, რეგიონში პრობლემად ქცეული სააკაშვილის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერასაც, უსამართლობასაც, სიცრუესაც, შიშსაც და ხალხის მოთმინებასაც.

- ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, პოლიტიკურ ცხოვრებაში არავის ვგულშემატკივრობო. ახლაც ასეა თუ პოლიტიკა (თუნდაც ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა) და საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე მეტად დაუკავშირდა ერთმანეთს?

- ბიძინა ივანიშვილმა დაამსხვრია "ნაცმოძრაობის" უძლეველობის მითი და ეს არის მთავარი. ცხადია, მე მას ვგულშემატკივრობ, მაგრამ არა იმიტომ, რომ უნაკლო პიროვნებად ვთვლი, ან ზებუნებრივ არსებად მიმაჩნია, არა იმიტომ, რომ ბევრი ფული აქვს და არც იმიტომ, რომ თანამდებობას ველი. მომწონს, რომ თავგანწირვის უნარი აქვს, არ არის მანიაკი, ღორმუცელა და ამორალური. მშრომელი კაცია, აფასებს პროფესიონალიზმს, აქვს მართვის გამოცდილება, ესმის ცოდნის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის, ერკვევა ხელოვნებაში, ხოლო ოჯახში ურთიერთსიყვარულისა და ერთსულოვნების ატმოსფერო აქვს დამკვიდრებული.

მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე მე მას ვგულშემატკივრობ იმდენად, რამდენადაც ვგულშემატკივრობ მილიონობით ჩემი თანამემამულის ბუნებრივ სწრაფვას თავისუფლებისკენ, ვგულშემატკივრობ ნორმალური, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივას.

"ბატონობას იოლად ისწავლი, მართვას - ძნელად!"

გოეთე