გააზიზებული აჭარა - კვირის პალიტრა

გააზიზებული აჭარა

"საქართველოს ცენტრალურმა და აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინარეთს ნიღაბი მოარგეს და "ჭაჭა თაუერად" მონათლეს"

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, თეატრის უკან, ახალი პარკის შესასვლელში უზარმაზარმინარეთიანი მეჩეთი შენდება. ბათუმელთა უმრავლესობამაც კი არ იცის, რომ ცოტა ხანში ილია ჭავჭავაძის ძეგლის წინ 40-მეტრიანი მაჰმადიანური საკულტო ნაგებობა აღიმართება. საქართველოს ცენტრალურმა და აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მინარეთს ნიღაბი მოარგეს და "ჭაჭა თაუერად" მონათლეს, იმ ცნობილ ჭაჭის შადრევნად, საიდანაც ზაფხულში დროდადრო მათრობელა სითხე უნდა გადმოდინდეს. სანამ ე.წ. "ჭაჭა თაუერი" მალულად შენდება, აჭარა საფიქრალშია, ცდილობს, გაარკვიოს, სად გათხრის ხელისუფლება აზიზიეს მეჩეთის საძირკველს. გენერალ მაზნიაშვილის მეომრების საფლავზე, სადაც ჯვარცმაა აღმართული, თუ ყინულის სასახლესთან? ამბობენ, თურქებს მეჩეთის ასაშენებლად ეს ორი ადგილი მოსწონთო. იმასაც ამბობენ, რომ სისხლის ღვრა გარდაუვალი იქნება, თუ ვინმე სწორედ თურქებთან ბრძოლაში დაღუპულების საფლავებს შეაწუხებს და მეჩეთის ასაშენებლად ჯვარცმას აღებას დაუპირებს. ბათუმში ვარაუდობენ, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა ისევე ფარულად დაიწყება, როგორც "ჭაჭა თაუერისა".

მათრობელა შადრევნის ნაგებობა თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე სულთან აბდულჰამიდ II-ის სახელობის მინარეთის, ე. წ. საათის კოშკის ზუსტი ასლია. იზმირში კოშკი სულთნის ტახტზე ასვლიდან 25 წლის აღსანიშნავად აუგიათ. ამიტომაც ბათუმელებისთვის ქალაქის ცენტრში ასეთი გრანდიოზული რელიგიური ნაგებობის აშენება დაპყრობილ ტერიტორიაზე დროშის აღმართვას ნიშნავს. როგორც ამბობენ, ნაგებობა იზმირის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შენდება, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კი ამტკიცებს, რომ "ჭაჭა თაუერს" ბათუმის მერიის ბიუჯეტი აფინანსებს. მისივე განმარტებით, "ჭაჭა თაუერი" 25-მეტრიანი იქნება და შადრევნის გარდა მოიცავს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, ოთხ ღია აუზსა და კიდევ სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ობიექტს, რის მშენებლობასაც ბათუმის მერია ბიუჯეტიდან 810.055 ლარით აფინანსებს.

კირთაძე ამაყად აცხადებს, რომ ეს ორიგინალური იდეა ქალაქის ხელმძღვანელობას ეკუთვნის, რითაც ისტორიულ შენობებს ვაცოცხლებთო, არადა, ძველი ბათუმის ფოტოკოლექციებში არათუ ამ ადგილზე, ქალაქის შორეულ შემოგარენშიც კი ვერსად ნახავთ აბდულჰამიდის მინარეთის მსგავს ნაგებობას. ბათუმელების ვარაუდით, ხელისუფლება უზარმაზარ მინარეთს თურქების საამებლად აშენებს, ან კიდევ შეცდომაში შეიყვანა გასული საუკუნის დასაწყისში აჭარაში მოქმედი ფრანგული კომპანიის ერთ-ერთმა სარეკლამო ღია ბარათმა. კომპანიას პარტნიორი ქალაქების ბარათების სერია გამოუშვია. დაბეჭდილა ბათუმის შვიდი ღია ბარათი. ერთ-ერთზე შეცდომაა დაშვებული, - კადრში ასახულია იზმირის აბდულჰამიდის მინარეთი, 40-მეტრიანი "საათის კოშკი", მაგრამ ბარათს შეცდომით აწერია ბათუმი, იზმირული ნაგებობა კი თურქული არქიტექტურის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება და თურქულ 500-ლირიან კუპიურაზეც ყოფილა გამოსახული.

სავარაუდოდ, მინარეთის აშენების ინიციატორი ხელისუფლება გვიან მიხვდა შეცდომას და ხმაური რომ არ მოჰყოლოდა, ნაგებობას სასწრაფოდ დაარქვეს სახელი - "ჭაჭა თაუერი". ამასთან, განაცხადეს, რომ კოშკი-შადრევნიდან კვირაში ერთხელ 15 წუთის განმავლობაში წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა წამოვა და ყველა მსურველს მიეცემა მისი დაგემოვნების საშუალება. "ახალი ორიგინალური შადრევანი ქართული ეროვნული ჭაჭის პოპულარიზაციისთვის კეთდება", - აცხადებს კირთაძე. ბათუმელებს უკვირთ, რატომ მაინცდამაინც მინარეთიდან უნდა გადმოდინდეს ისედაც სახელგანთქმული ქართული ჭაჭა, რომელსაც, როგორც ალკოჰოლურ სასმელს, ისლამი კრძალავს.

დავით ბაციკაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი: "უცნაურია სასმლის გადმოსვლა მინარეთიდან. ეს ხომ ისლამური აღმსარებლობის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, რა ხდება, რას მალავს ან ნიღბავს ხელისუფლება. ეს ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ აზიზიეს მეჩეთიც ფარულად აშენდება. ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ გაურკვეველია, რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლება. გასაიდუმლოებულია ყველა დეტალი. საპატრიარქოს რატომ უკეთებენ იგნორირებას, როდესაც მოლაპარაკების პროცესში მის ჩართვას კონკორდატი ავალდებულებს? უნდა ვიმსჯელოთ და განვსაჯოთ, არის თუ არა საფრთხის შემცველი თურქეთის მოთხოვნით ბათუმში მეჩეთის აშენება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება ზომიერ ისლამისტურ პოლიტიკურ ძალად ითვლება, არ არის გასაკვირი, რომ რეგიონში და თუნდაც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიტიკური ზეგავლენის იარაღად გამოიყენოს ეს ფაქტი.M მახსენდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დაუთოღლუს ვიზიტი აჭარაში. მან ადგილობრივ მუფთის ყურანი ჩაუდო ხელში და უთხრა, თაროზე არ შემოდოო. ეს საკმაოდ უხერხული მითითება იყო. მინისტრმა მუფთის მასპინძელ სახელმწიფოში მისიონერული მოძრაობა დაავალა. გასაგებია თურქეთის ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო მზად არის ამ საფრთხის ასარიდებლად? ხომ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო აზიზიეს მეჩეთის აღდგენა-არაღდგენის საკითხის რელიგიურ ჭრილში გადაყვანა. ამ საკითხებზე ხელისუფლებას ნათელი პოზიცია უნდა ჰქონდეს და შეეძლოს პასუხის გაცემა ხალხისთვის. "მე მინდა და მეტი არაფერი მაინტერესებს", - ასეთი პოზიცია მიუღებელია".

პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძის აზრით, აზიზიეს მეჩეთი ოტომანთა ახალი იმპერიის პროექტის მინიატიურული თვალსაჩინოებაა: "თურქეთში მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ხელმძღვანელობით სულ უფრო მეტად ამკვიდრებს ისლამისტურ პრინციპებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. თურქეთი აღარ არის ის ლაიცისტური (სადაც რელიგია გამოყოფილია სახელმწიფოსგან) ქვეყანა, რომელსაც სამხედროები ზედამხედველობდნენ. საქართველოს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად იცვლება. ახალ ოსმანიზმის დოქტრინას - ნეოოსმანიზმს რამდენიმე წელია გულდასმით აანალიზებს მთელი მსოფლიო და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება ახერხებს, რომ ეს ფენომენი არ შეიმჩნიოს.

თურქეთში მთლიანად შეიცვალა საგარეო და საშინაო პოლიტიკის შინაარსი და საძირკველი ეყრება ნეოოსმანურ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებულ ოტომანთა განახლებულ იმპერიას. ჩვენ გვერდით სრულიად სხვა თურქეთია, რომელიც აღარ მალავს, რომ განსხვავებულად ხედავს საკუთარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას, ვიდრე თუნდაც მე-20 საუკუნის ბოლოს. აქედან გამომდინარე, მკვეთრად შეიცვალა მისი როლი ნატოში, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრების გეგმები. საქართველოში კვლავინდებურად პრიმიტიული პოლიტიკური გათვლებით ხდება პოლიტიკური რუკის დაყოფა, - ერთ მხარეს არის მტერი რუსეთი, მეორე მხარეს - მეგობარი ქვეყნები. რუსეთი ოკუპანტია და მისი საკითხი გარკვეულია, თუმცა, მეორე მხარეს ყველაფერი ასევე ერთმნიშვნელოვნად ცხადი არ არის, ვინაიდან სახელმწიფოებს შორის არ არსებობს მეგობრობა და, მით უმეტეს, მიჯნურობა. რეიგანის ცნობილი გაფრთხილება "ენდე, ოღონდ, შეამოწმე" იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა მხოლოდ მყარ გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს. ამიტომაც აზიზიეს მეჩეთის თემა განყენებულად არ უნდა განვიხილოთ".

დღეს ბათუმში ამბობენ, რომ განსაკუთრებული სხვაობაა თუნდაც ათიოდე წლის წინანდელ და ახლანდელ აჭარას შორის. "ისლამი შესუსტებული იყო, მეჩეთი მხოლოდ ბათუმში მოქმედებდა. ზემო აჭარის რამდენიმე სოფელში ჩუმად ლოცულობდნენ მოხუცები. ახლა მეჩეთებიც მომრავლდა და ახალგაზრდა მლოცველებიც. უკვე რამდენიმე ასეულს ითვლის ახალი მეჩეთების, ჯამეებისა და მედრესეების (მუსლიმანური სასულიერო სასწავლებლები, სადაც 10-იდან 15 წლამდე ასაკის ბავშვები თურქულ და არაბულ ენებსა და ლოცვებს სწავლობენ) რაოდენობა. მათ ისინი აფუძნებენ, ვინც წლების წინ უმაღლესი სასულიერო განათლების მისაღებად წაიყვანეს თურქეთში იქაურმა ემისრებმა. უკან ხოჯის კვალიფიკაციით დაბრუნებულები პირნათლად ასრულებენ "მოძღვარ-აღმზრდელთა" დავალებებს. მათ მიერ შექმნილი ისლამისტური რელიგიური ორგანიზაციები და სამუფთოები ორგანიზებას უკეთებენ სასწავლო ოლიმპიადებს, სადაც გაიცემა პრიზები და გამარჯვებულ 10 საუკეთესო ბავშვს სთავაზობენ უფასოდ სწავლას თურქულ სასწავლებლებში. შეთავაზების ფორმა ეშმაკურად არის გათვლილი, - მშობლებს უხსნიან, რომ სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით ხიბლავს ჩვენს ხალხს, რომელსაც სურს შვილებს საუკეთესო განათლება უფასოდ მიაღებინოს ძვირად ღირებულ კოლეჯებში. ამ ბავშვების გარდა მთიანი აჭარის სოფლებიდან ჩამოჰყავთ ასევე საუკეთესო მოსწავლეები და მათაც უფასოდ ასწავლიან. მათ ასევე დაეხმარებიან უფასოდ უმაღლესი განათლების თურქეთში მიღებაში, შემდეგ ისინი მოვლენ რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებაში და მეზობელ სახელმწიფოს ფაქტობრივად აბსოლუტური ძალაუფლება ექნება აჭარაში", - ამ არასახარბიელო სურათის შესახებ არა მხოლოდ ერთი და ორი ბათუმელი ლაპარაკობს, თუმცა უმრავლესობა შიშობს და ერიდება ვინაობის გახმაურებას, ისევე, როგორც ვინაობის გახმაურებას ერიდებიან გონიოში.

აქაურები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ადგილი, სადაც წმინდა მატათა მოციქულია დაკრძალული, დღეს თურქების გარყვნილების ბუდედ არის გადაქცეული. აქაურების განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტრაპიზონიდან სარფამდე თურქეთის ტერიტორიაზე კლუბები და "გასართობი სახლები" აიკრძალა, საზღვარს გადმოღმა ტერიტორია პროსტიტუციამ წალეკა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე იხსნება ე. წ. "დისკოკლუბები", გონიოს ბორდელები, სადაც თურქეთიდან დეპორტირებულ ყაზახ, უზბეკ, უკრაინელ და სხვა ეროვნების უამრავ მეძავს ნახავთ.

იხილეთ გაგრძელება: "მიშას თუ რამე დაემუქრა, აჭარაში წყალი უნდა აიმღვრეს"

იხილეთ ვიდეო: ბათუმში შადრევნიდან ჭაჭა გადმოვა

ასევე იხილეთ: "ჭაჭის კოშკის" მშენებლობა, "რესპუბლიკელების" ინფორმაციით, მილიონ 70 ათასი ლარი დაჯდება

რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე

ისო ზირაქი

(გაგრძელება იქნება)