"მალე საქართველოს სათავეში ეყოლება პროგრესული პოლიტიკური ძალა" - კვირის პალიტრა

"მალე საქართველოს სათავეში ეყოლება პროგრესული პოლიტიკური ძალა"

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უკვე ოფიციალურად არსებობს და მისი თავმჯდომარე "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი მანანა კობახიძე გახდა. როგორ აფასებენ ამ ფაქტს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები, ამის გასარკვევად კონსერვატორ ზვიად ძიძიგურს ვესაუბრეთ:

-  სააკაშვილის ხუშტურები იმას ემსახურება, რომ იურიდიულად და სამართლებრივად ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრეზენტაციაზე გაცხადებული გადაწყვეტილება, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს მანანა კობახიძე, გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და იმ პოლიტიკური გეგმებიდან, რაც კოალიცია "ქართულ ოცნებას" აქვს.

- ოფიციალურად თქვენი პოლიტიკური პარტნიორი მანანა კობახიძე იქნება და არა ბიძინა ივანიშვილი?

- რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარი პერსონა პოლიტიკურ კოალიციაში არის ბიძინა ივანიშვილი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დასახელდა პარტიის ხელმძღვანელად.

- რას იტყვით ივანიშვილის გუნდზე?

- ესენი არიან წესიერი ადამიანები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს. "ქართული ოცნების" ყრილობაზე ოპოზიციური სპექტრი გამდიდრდა, რომელიც ოპოზიციაში მხოლოდ რამდენიმე თვე იქნება. შემდეგ კი, ოპოზიციაში დღევანდელ ხელისუფლებას ვიხილავთ.

- საჩხერეში ივანიშვილის ჩასვლას სოციალურ ქსელში საჩხერის გამგებლის განცხადება მოჰყვა, ივანიშვილთან ათწუთიანი დებატები მინდაო. რა მოხდა საჩხერეში?

- სტადიონზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, ხალხმა დიდი სიყვარული გამოხატა ბატონი ბიძინასადმი. საჩხერის გამგებელი გააღიზიანა ოვაციამ, ნერვებმა უმტყუნა და ხალხს ლანძღვა დაუწყო. რა გასაკვირია, რომ მშობლიურ საჩხერეში ბიძინა ივანიშვილს ასეთი განწყობით შეხვდნენ, როდესაც მთელი საქართველოა კეთილგანწყობილი მის მიმართ. საჩხერის გამგებელს კი ბატონმა ბიძინამ მოუწოდა, კორექტული ყოფილიყო საზოგადოებასთან, რადგან ხელფასს იქ მყოფი ხალხი აძლევს, თვითონ მხოლოდ დაქირავებულია.

- როგორც ვიცი, თქვენ ქვემო ქართლიდან აპირებთ "ხელისუფლებაზე შეტევას", რატომ აირჩიეთ ქვემო ქართლი, მშობლიური კუთხე ხომ იმერეთია?

- ჩვენ გვაქვს პროგრამა, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან გაყალბება. ამ პროგრამის განხორციელების მიზნით, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ქვემო ქართლში წავალ, რთული უბანია და გაცილებით მეტია საბრძოლველი, ვიდრე იმ ოლქებში, სადაც ოპოზიციას კარგი პოზიცია აქვს. არ დარჩება  კუთხე, სადაც კოალიციის წარმომადგენელი არ მივა.

- თუ ბატონ ბიძინას არ დაუბრუნეს საქართველოს მოქალაქეობა, იყრის კენჭს როგორც ევროკავშირის მოქალაქე?

- მიხეილ სააკაშვილს არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენაზე ხელის მოწერა და არჩია კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დემოკრატი არ არის. რას გადაწყვეტს წონასწორობადაკარგული სააკაშვილი, ძნელი სათქმელია.  არჩევნების მიღმა ბატონი ბიძინა არავითარ შემთხვევაში არ დარჩება და როგორც განაცხადა, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება. მოვა ხელისუფლებაში და ქვეყანას დაალაგებს.

ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური კოალიციის წევრები კატეგორიულად წინააღმდეგი არიან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა, მაგრამ სააკაშვილი უკანონობის მოედანზე დანავარდობს და რაც უნდა, იმას აკეთებს თავისი ახირებების შესასრულებლად. არავის სჯერა მისი ვირტუალური მშენებლობებისა, დემოკრატიის, რომელიც მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ეთერში არსებობს. ძალიან მალე საქართველოს სათავეში ეყოლება პროგრესული პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა იმ პრობლემას გადაწყვეტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს. სააკაშვილის პოლიტიკური მმართველობის  საფუძველია ხალხის შიმშილის ზღვარზე ყოფნა, რათა ადვილად მოახერხოს არჩევნებში მათი მანიპულირება, მაგრამ მისი მმართველობა უკვე მთავრდება.