"ვიღაცის პარტიაზე ვერაფერს გეტყვით" - კვირის პალიტრა

"ვიღაცის პარტიაზე ვერაფერს გეტყვით"

"ჩვენ ვართ ხელისუფლება და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები ჩვენი გადასაჭრელია"

"ნაკლებად მაინტერესებს, ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე"

როგორ შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებას სახელისუფლებო პარტია, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" უმრავლესობის წევრს, ხათუნა ოჩიაურს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ხათუნა, როგორ შეაფასებთ ფაქტს, რომ ოფიციალურად დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველო"?

- სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკური ძალის საქმიანობის თვალის მიდევნებისთვის არ მცალია. ბევრი სხვა საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამით ვართ დაკავებული. ამიტომ ვიღაცის პარტიაზე ვერაფერს გეტყვით. კი ბატონო, დაფუძნდეს პარტია. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ყველა პოლიტიკურ ძალას შეუძლია განვითარდეს, იმუშაოს. ჩვენ კი ჩვენი საქმე გვაქვს საკეთებელი.

- გინდათ თქვათ, რომ ყურადღება არ მიგიქცევიათ ბიძინა ივანიშვილის პარტიის დაფუძნებისთვის?

- არ მოგატყუებთ, ნამდვილად არ მიმიქცევია დიდი ყურადღება.

- იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ეძლევა საშუალება იყოს პარტიის თავმჯდომარე, თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.

- ბიძინა ივანიშვილს ეძლევა ყველანაირი საშუალება, რომ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა. მეტიც, ის უკვე იღებს მონაწილეობას, მაგრამ კიდევ გეტყვით, რომ ნამდვილად არა ვარ ფოკუსირებული ასეთ პოლიტიკურ საკითხებზე. ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, ბევრი პრობლემაა მოსახლეობისათვის გადასაწყვეტი. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები ჩვენი გადასაჭრელია. ამისკენ გვაქვს მთელი ძალისხმევა მიმართული. ნაკლებად მაინტერესებს, ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის თავმჯდომარე.  მოსახლეობის უმეტესობას პრობლემების გადაჭრა უფრო აღელვებს, ვიდრე ის, თუ ვინ დაინიშნება ბიძინა ივანიშვილის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად.

- როგორ ეძლევა ივანიშვილს პოლიტიკური საქმიანობის საშუალება, როდესაც მოქალაქეობის არქონის გამო პარტიის თავმჯდომარეობის უფლება არა აქვს?

- ბიძინა ივანიშვილის საკითხი გადაწყვეტილია. ამას მხოლოდ კონსტიტუციის ცვლილება სჭირდება, რომელიც მალე ძალაში შევა. ივანიშვილსა და ყველა პოლიტიკურ ძალას მიეცემა საშუალება, თანაბარ კონკურენციაში მიიღოს მონაწილეობა. მოსახლეობა მხარს იმას დაუჭერს, ვინც დაანახებს, რომ მეტის გაკეთება შეუძლია ხალხისათვის.

- თქვენი აზრით, "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველო" "ნაციონალური მოძრაობისათვის" ძლიერი ოპონენტი არ არის?

- მათი საქმეა, როგორ წარუდგენენ საქართველოს მოსახლეობას თავიანთ ხედვებს სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ ჩვენს ხედვასა და ჩვენი დანახული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვზრუნავთ. ვინ როგორ იმუშავებს და თავს როგორ წარმოაჩენს, ეს ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის.