"სადაც საჭიროება მოითხოვს, იქ ვიქნები" - კვირის პალიტრა

"სადაც საჭიროება მოითხოვს, იქ ვიქნები"

"ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარედ ეკატერინე ხვედელიძის ნაცვლად მანანა კობახიძე დასახელდა

"სანამ ბატონი ბიძინა არ შეძლებს პარტიის ხელმძღვანელობას, მზად ვარ, შევასრულო ეს მოვალეობა"

"ოქტომბერში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ"

"ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელ ყრილობაზე მართლაც გველოდა სიურპრიზი, რომელსაც პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები გვპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე სახელდებოდა (მანამდე თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებდა, რომ თუ არ მიეცემოდა საშუალება, სათავეში ჩასდგომოდა პარტიას, პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი მისი ოჯახის წევრი გახდებოდა და აუცილებლად იქნებოდა გვარად ივანიშვილი), პარტიის თავმჯდომარედ დასახელდა იურისტი მანანა კობახიძე, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. იმასაც გვპირდებოდნენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდში ახალ სახეებს ვიხილავდით, მაგრამ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრებად მაინც საინიციატივო ჯგუფის წევრები და საზოგადოებისთვის ნაცნობი პირები (გურამ ოდიშარია, ივანე კიღურაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, სოზარ სუბარი, გუგული მაღრაძე, ელისო ჩაფიძე, გელა ხვედელიძე, ნოდარ ხადური, თედო ჯაფარიძე, თამაზ ავდალიანი) დასახელდნენ.

"ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მანანა კობახიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ლაპარაკი იყო, რომ პარტიის თავმჯდომარე ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე იქნებოდა, რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება?

- მართლაც იყო ასეთი მოსაზრება, მაგრამ საბოლოოდ ყრილობამ გადაწყვიტა მე ვყოფილიყავი პარტიის თავმჯდომარე. როდესაც ადამიანი პოლიტიკაში მიდის, მისთვის მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს, - სადაც საჭიროება მოითხოვდა, იქ ვიქნებოდი.

დარწმუნებული ვარ, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ექნება იმის საშუალება, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს, იყაროს კენჭი და პოლიტიკაში სრული უფლებით მივიდეს. ეს არის ის მდგომარეობა, რაც განაპირობა კანონმდებლობაში არსებულმა ვითარებამ და ჩვენ ამ შემთხვევაში ვუპასუხეთ კანონის მოთხოვნებს.

- თქვენ იქნებით სიის პირველი ნომერიც?

- სიის ნომრები არ დაგვილაგებია, ჯერ ამაზე არ გვიმსჯელია, რადგან პარტია დღეს დაფუძნდა. "ქართული ოცნება" - დემოკრატიული საქართველო" იქნება კოალიციის სრულუფლებიანი წევრი, სრულად ვიქნებით ჩართული საარჩევნო პროცესში.

- მაგრამ თქვენ არ გიცნობენ როგორც პოლიტიკოსს.

- ჩემი თავმჯდომარეობის შესახებ გადაწყვეტილება ყრილობამ მიიღო. როდესაც ამ გუნდში მივედი, ვიცოდი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, მათ შორის - ამისათვისაც. აქედან გამომდინარე, შევასრულებ იმ ფუნქციას, რაც პარტიის თავმჯდომარეს აქვს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ მარტო არა ვარ. ჩემ გვერდით არიან ისინი, ვისაც უნდა ქვეყანაში ვითარების შეცვლა და რაც მთავარია, ჩვენი ლიდერია ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

სანამ ბატონი ბიძინა ვერ შეძლებს პარტიის ხელმძღვანელობას, მზად ვარ, შევასრულო ეს მოვალეობა. რთულია იმ პარტიის გაძღოლა, რომლის სახელიც დაკავშირებულია თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნების ასრულებასთან. ჩვენ ერთად ავიხდენთ ქართულ ოცნებას, მას რეალობად ვაქცევთ. ოქტომბერში ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მთელ საქართველოს ერთ მუშტად შევკრავთ.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირება ასრულდება - მანანა კობახიძე