მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ჩემი პოლიტიკური პროგნოზი

ეს კვირა პრეზიდენტისთვის, შემოქმედებითი თვალსაზრისით, განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა. თავის საყვარელ საქმეში ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ჯერ "ტვინმოღრეცილებით" დაიწყო. დარიალის ხეობაში აღმოხდა: "ტვინმოღრეცილი პოლიტიკოსები - სხვა არაფერი არ ჰქვია მათ, რომლებიც იძახიან, რომ ჰესები არ უნდა აშენდეს. თავის დროზე რომ ხუდონჰესი აგვეშენებინა, საერთოდ ვერ დაგვაშანტაჟებდა აქედან 100 მეტრში მყოფი ერთი ქვეყანა". გასაგებია, რომ პრეზიდენტობის მიუხედავად, კორექტულობა მისთვის უცხო ხილია და ოპონენტებს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ამას დიდი ხანია, შევეჩვიეთ, მაგრამ გარდაცვლილი თანამებრძოლის ხსოვნასაც არ სცემს პატივს? ყველას ახსოვს, რომ 80-იანი წლების ბოლოს ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგი სწორედ ზურაბ ჟვანია იყო. ადამიანი გარდაცვლილ თანამებრძოლებს თუ არ ინდობს, ცოცხალ მოწინააღმდეგეს დაინდობს? ჰოდა, არც დაინდო!

"ტვინმოღრეცილებით" ხომ დაიწყო და "ერთი ადგილის მწმენდავებით" დაამთავრა: "წინა მთავრობების მინისტრები და ერთი ადგილის მწმენდავი ახლა ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლებაში უკან მოსვლას," - ეს უკვე  წინანდალში, სასტუმრო ""რედისონის"" მშენებლობის "კურთხევისას" განაცხადა. კი ვთქვი, მისი მხრიდან ოპონენტების უშვერი სიტყვებით ლანძღვას შევეჩვიეთ-მეთქი, მაგრამ ეს მისთვისაც კი მეტისმეტია! საინტერესოა, რაღა დარჩა? დედის გინება? ბარემ გამოვიდეს ბატონი სააკაშვილი და ყველას დედა აგინოს ან, როგორც გაჩეჩილაძე იტყოდა, დაიგინოს - ვინც მე ხელისუფლებაში შემეცილოს, იმის ასე და ისეო და ჩვენც დავისვენებთ და ეგეც, თორემ არჩევნებამდე სულ ცოტა, ხუთი თვეა დარჩენილი და ცოდოები ვართ! ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროგნოზის გაკეთება რომ მოგინდეს, რაზე უნდა ილაპარაკო? მაგალითად, თუ გკითხავენ, შენი აზრით, რას იზამს სააკაშვილი, მოინდომებს, პრემიერმინისტრობას თუ არაო, შენ უნდა უპასუხო: - ეგ არ ვიცი, სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რომ მალე მისი გამოსვლები გამდიდრდება, მაგალითად, ასეთი მარგალიტებით:

"დამპლებო, ჩათლახებო, ბოზებო

(გაგრძელება კიდევ შეიძლება)! დამანებეთ პრეზიდენტობა!... მაცალეთ ხელისუფლებაში ყოფნა, თქვე არაადამიანებო, ვერ ხედავთ, როგორ განვიცდი?! ჩემი სიკვდილი გინდათ, არა?!" ბოლოს ტრიბუნის წინ მიწაზე გაგორდება და კივილს დაიწყებს. აი, ასეთია ჩემი პოლიტიკური პროგნოზი.

ლევან საჭმლისმომცემი და ამინდის ქალღმერთი ვერა

ხელისუფლებაში ღმერთკაცები გვყოლია და არ გვცოდნია. მაგალითად, თუ კაცობრიობას პრომეთემ მოუტანა ცეცხლი, ლევან ვარშალომიძემ აჭარას მოუტანა საჭმელი. მისი გმირობის ამბავს ვერასდროს გავიგებდით, რომ არა პრეზიდენტი. მან გასულ კვირას, ქობულეთში ყოფნისას, ადგილობრივი ობიექტები მოინახულა და განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ბათუმში და მთლიანად აჭარაში გემრიელი საჭმლის ჭამა თითქმის შეუძლებელი იყო, ახლა კი ამის შესაძლებლობა სწორედ ლევან ვარშალომიძის მონდომებით გაჩნდა. "ბათუმში საერთოდ არ იყო საჭმელი. მოჰკიდა ლევან ვარშალომიძემ ხელი და იარა რესტორან-რესტორან, უცხოელი მზარეულები ჩამოიყვანა და ფაქტობრივად ლევანმა შექმნა აჭარაში საჭმელი ნულიდან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მოკლედ, ეს ამბავი ასე იყო: ადრე აჭარლები შიმშილობდნენ, ან თუ რამეს ჭამდნენ, - მხოლოდ უგემურს. მათ არ იცოდნენ, რა იყო პირის გემო! ერთ დღეს ქვეყანას მოევლინა პრეზიდენტი, სახელად მიშა, ჩავიდა აჭარაში, შეჭამა იქაური საჭმელი, თქვა: "ტფუ, ეს რა არის?! ამას როგორ ჭამთ?!" და მოუვლინა აჭარლებს თავისი ვეზირი, რომელსაც უბრძანა: "ასწავლე ამათ პირის გემო, მოუპოვე გემრიელი საჭმელი!" და მას ერქვა ლევანი. და ლევანიც გულმოდგინედ შეუდგა საქმეს. იარა რესტორან-რესტორან და შექმნა საჭმელი. და მას შემდეგ მას ეწოდება "ლევან საჭმლისმომცემი".

თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ეს ერთადერთი ამბავია ხელისუფლებაში ღმერთების არსებობის შესახებ. წინა კვირას პრეზიდენტმა გაგვიმხილა, რომ ეკონომიკის მინისტრი არაჩვეულებრივი ქალია. წინანდალში სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ზეიმზე ჩასულმა გვახარა: "დღეს კახეთში მზიანი დღეა, მიუხედავად გამოცხადებული პროგნოზისა. ვერა ქობალიამ გამოიყვანა ამინდი. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მარწმუნებდა გზაში." ვერას რომ ამინდი "გამოჰყავს", ეს პრეზიდენტმა სადღაც ადრეც თქვა, მაგრამ მაშინ ამ სიტყვებს დიდი ყურადღება არ მივაქციე, დღეს კი, როცა "ლევან საჭმლისმომცემის" ამბავი ვიცი, ამ ნათქვამსაც სხვა თვალით ვუყურებ (ანუ სხვა ყურით ვისმენ). ახლა უკვე სერიოზულად ვფიქრობ, მთავრობის სხვა წევრებიც ღმერთები ხომ არ არიან? ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი პრეზიდენტი თუ ზევსია, გვითხრას ბარემ!

"თხოვნა პატრიარქს"

ტრადიციულად საინტერესო გამოდგა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე. როგორც ყოველთვის, პატრიარქი უამრავ საინტერესო და საჭირბოროტო საკითხს შეეხო, თუმცა რაღაც მაინც დამაკლდა. ისე, ჩემი აზრით, ამ ეპისტოლეში ვერ მოხვდა ყველაზე მთავარი საკითხი. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანდაცვისაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარების სათავე ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ყველა ხვდება, თუ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს - ჩვენს ქვეყანაში ხომ ჯერ არასდროს შეცვლილა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით! დარწმუნებული ვარ, ეკლესიაც კარგად ხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების პრეცედენტის შექმნას. ეს ხომ პოლიტიკაში ჩარევა არ იქნებოდა. ეს ხომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ისე არ გავკადნიერდები, რომ პატრიარქს და ეკლესიას რჩევის მიცემა ვაკადრო. უბრალოდ, ეკლესიის ავტორიტეტის გათვალისწინებით, ძალიან, ძალიან მინდა, რომ პატრიარქი დემოკრატიის პრობლემებითაც დაინტერესდეს, რადგან დემოკრატია ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა.